შემოგვიერთდი

31.08.2009 14:20

ტელეკომპანია "მზე"

David Mchedlidze
ახლო ხედით

დაახლოებით ერთი წლის წინ ტელეკომპანია "მზეს" ფორმატი შეუცვალეს, საინფორმაციო სამსახურიც გააუქმეს და პოლიტიკური თოქ-შოუებიც. შედეგად ტელეკომპანია ტელეკომპანიიდან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი  წავიდა. "არ ჩახვიდე "მზე",  – ასეთი იყო ის ლოზუნგი, რომელიც არხის მაშინდელმა თანამშრომლებმა შექმნეს და პირობა დადეს, რომ ოდესმე "მზეში" ყველა ერთად დაბრუნდებოდა.

ერთი წლის შემდეგ "მზე" არც ისეთივე რეიტინგულია და აღარც ძველი სიკაშკაშით ანათებს, თუმცა ტელეარხის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ტელეკომპანია ძველ ფორმატს აღარ დაუბრუნდება.

ამბობდნენ, რომ "მზე"  "რუსთავი 2" – ისთვის კონკურენციის გასაწევად შეიქმნა. 2003 წელს მის ეთერში  ძალიან ბევრი ცნობილი ტელესახეც გამოჩნდა და საკმაოდ დიდი რეიტინგიც მოიპოვა. სახელმა "მზე" მაყურებელში არაერთგვაროვანი რეაქციაც კი გამოიწვია. ზოგი მას აბრევიტურად მიიჩნევდა, რომელიც ასე იშიფრებოდა "მუდამ ზაზასთან ერთად," – რომლის უკან "პირველი არხის" მაშინდელ გენდირექტორ ზაზა შენგელიას მოიაზრებდნენ.

2006 წელს კი მითქმა-მოთქმას წერტილი დაესვა, როდესაც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–მა "მზის" აქციათა  საკონტროლო პაკეტი  შეიძინა და ახალი ქართული მედია ჰოლდინგი შეიქმნა. შესაბამისად მფლობელი თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ირაკლი ოქრუაშილის მეგობარი ქიბარ ხალვაში იყო, რომელიც "რუსთავი 2"-ის აქციების 100%-ს, ხოლო უკვე შემდგომ, "მზის" აქციების 78%-ს ფლობდა, რომელიც კომპანია "საქცემენტისგან" შეიძინა. "საქცემენტის" უკან კი ბიზნესმენი და დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ძმა, იდგა.

წილების გადანაწილებას მოჰყვა მითქმა-მოთქმა, რომ ტელეკომპანია "მზე" პროფილს შეიცვლიდა და გასართობი არხი გახდებოდა. ეს ხმები ორი წლის შემდეგ გამართლდა,  ტელეკომპანიის  საინფორმაციო პროგრამა "მზერა" 2008 წლის 26 ივნისს გაუქმდა. ჰოლდინგის ხელმძღვანელმა ზაზა თანანაშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი მარკეტინგული თვალსაზრისით ახსნა და განაცხადა, რომ ერთ ჰოლდინგში ორი იდენტური ტელეკომპანიის ფუნქციონირება გაუმართლებელი იყო.

დღეს კი ზაზა თანანაშვილი ამბობს, რომ "მზე" ერთ-ერთი რეტინგული არხი იყო და ზოგჯერ პირველობდა კიდეც. ის  საერთო მაუწყებელობის ლიცენზიას ფლობდა  და საინფორმაციო პროგრამის  გარდა, სხვადასხვა ჟანრის  საინტერესო გადაცემებსაც ამზადებდა.

"ერთ დღეს გადაწყდა საინფორმაციო სამსახურის გაუქმება. გაამართლა თუ არა, ჯერ ამის თქმა ძნელია. ვერ ვიტყვი, რომ ადრე უფრო შემოსავლიანები ვიყავით, რადგან საინფორმაციო სამსახური დიდ თანხებს მოითხოვდა. ჩვენ კიდევ ძიების პროცესში ვართ. სანამ საინფორმაციო სამსახურს გავაუქმებდით გამოკითხვებიც ჩატარდა და კურსი დავიჭირეთ შემეცნებით - გასართობი არხისკენ. დროა საჭირო,  რომ დამტკიცდეს ამ გადაწყვეტილების სისწორე", – ამბობს თანანაშვილი.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც "მზე" შემეცნებით - გასართობ არხად გადაკეთდა, საკამოდ კარგი პროექტები მომზადდა.მაგალითად,  "პროცესი" უზენაეს სასამართლოსთან ერთად, გასართობი  "დიდი სანაძლეო", ასევე, საბავშვო და ახალგაზრდული სერიალები და საფეხბურთო ჩემპიონატების ტრანსლაცია.

"მზის" მფლობელების ვინაობაზე საუბრისას, თანანაშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ყველასთვის ღიაა. "მზის" უკან საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი და კომპანია "დექსონ ლიმიტედი" დგას. აქციების 45%-ს ინდუსტრიული ჯგუფი ფლობს, ხოლო 55% -ს "დექსონ ლიმიტედი".

"ვინ დგას ამ კომპანიების უკან? შეგიძლიათ ამონაწერებში ნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიები მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, არ ნიშნავს იმას, რომ აქ რაიმე ისე არ არის", – ამბობს თანანაშვილი.

ამჟამად, "მზე" მთლიანად კერძო სტუდიებთან თანამშრომლობს და ამ პრინციპზე შარშან  გადავიდა. არხის გენდირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით ათამდე სტუდიასთან ურთიერთობენ და მზადდება ისეთი გადაცემები, როგორიცაა: "პულსი", "საიმედო ავტო", "ეტალონი" და ა.შ.

ზაზა თანანაშვილის თქმით, "მზეში" სამოცდაათამდე ადამიანი მუშაობს.  ხოლო, რაც შეეხება რეიტინგებს, მისი თქმით, წინა წლის რეიტინგების გათვალისწინებით,  ტელეარხი ხან მეოთხე ხან მეხუთე პოზიციას იჭერს, თუმცა, შაბათ - კვირას უფრო მაღალი რეიტიგით სარგებლობს.

"ძირითადად რეიტინგულია "ჩენტო ვეტრინე" - იტალიური სერიალი, ასევე საფეხბურთო მიმოხილვები და ჩემპიონატები, "პულსი", "ეტალონი"  და ა.შ. ბოლო პერიოდში მოვამზადეთ ტელეპროექტ   "სტუდენტური დემოკრატიის 12  გადაცემა,  რომელშიც მონაწილეობას უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც იღებდნენ, ესეც რეიტინგული პროექტია", -  ამბობს ტელეკომპანიის გენდირექტორი.

"მზის" გავრცელების არეალი მთელ საქართველოს მოიცავს და ამის გამო საერთო სარეკლამო ბაზარის 5-6 პროცენტი სტაბილურად უჭირავს,

"სექტემბრის გეგმებს რაც შეეხება, ლაშა დვალიშვილის სტუდიასთან მიდის მოლაპარაკება და გვინდა შაბათ-კვირა სპორტული გადაცემებით დავტვირთოთ. ასევე, ვგეგმავთ ინგლისისა და ესპანეთის საფეხბურთო  ჩემპიონატების ტრანსლირებას. გაგრძელდება "ჩენტო ვეტრინე",  შევიძენთ რამდენიმე სერიალს,  გაგრძელდება "ეტალონი" და "სტუდენტური დემოკრატია". ახალ სეზონს სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისიდან გავხსნით", – აცხადებს "მზის" გენდირექტორი და დასძენს, რომ მყარადაა გადაწყვეტილი, რომ ტელეკომპანია ამ მიმართულებას გაჰყვება და ფორმატიც აღარ შეიცვლება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test