შემოგვიერთდი

31.08.2009 17:54

ინფორმაციული ვაკუუმი ქვემო ქართლში

David Mchedlidze
ჟურნალისტის ჩანაწერები

დედაქალაქიდან 30 კმ-ში, ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, პირველი რაც თვალში მოგხვდებათ, საცხოვრებელი კორპუსების აივნებზე დამონტაჟებული უამრავი სატელიტური ანტენაა, თითოეულზე - ორი და სამიც კი. იგივე სიტუაციაა მარნეულის სოფლებშიც. იქაურები ამბობენ, რომ ანტენების რაოდენობით ხვდებიან, სად რომელი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და რას უყურებს. სახლების თვალიერებით გართული ჩაიხანასთან აღმოვჩნდი. იქაური ჩაიხანები სავსეა მამაკაცებით, რომლებიც ცხელ ჩაის შაქრის ნატეხებს აყოლებენ და ზანტად საუბრობენ.

"ადგილობრივ ამბებს ერთმანეთისგან ვიგებთ," - მეუბნება ხანშიშესული მამაკაცი, თან მიხსნის, რომ სატელიტური ანტენები ხალხს თურქული, აზერბაიჯანული და რუსული არხების საყურებლად სჭირდება. ქართულ ნაციონალურ სატელევიზიო არხებსაც უყურებენ, მაგრამ  ენის არცოდნის გამო, ამ არხებს მუდმივი მაყურებელი ცოტა ჰყავს.

პრესის სადისტრიბუციო კომპანია  "საქპრესის" ჯიხურში ქართული და რუსული გაზეთები და ჟურნალები იყიდება. გამყიდველი სვეტა კაჰალუსტიანი კლიენტურის სიმცირეს არ უჩივის, ყველაზე კარგად კი ქართულ სპორტულ გაზეთებს ასაღებს. ჯიხურში აზერბაიჯანულენოვანი პრესა არ იყიდება.

"მე მარტო ქართულ გაზეთებს ვკითხულობ და ქართულ ტელევიზიას ვუყურებ. ორი-სამი წელია კითხვა ვისწავლე", - ქართულად და  ოდნავი  აქცენტით  მითხრა ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ, 38 წლის ჰასან ტაშტამიროვმა. ჰასანი თბილისურ სპორტულ გაზეთებს და ყოველკვირეულ ჟურნალებს კითხულობს, ადგილობრივ მედიაზე კი ვერაფერს ამბობს.

მარნეულის ტელევიზიას კითხვა-კითხვით მივაგენი. შენობას აბრა არ ჰქონდა, ტელევიზიაში ვიდეოინჟინერი სერგო ხახუტაიშვილი დამხვდა.

"ჩვენთან აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო დაიხურა, ქართული კი კვირაში ერთხელ გადის", - მითხრა მან.

მარნეულში ადგილობრივი გაზეთი, ტელევიზია და რადიოც არსებობს. მცირეტირაჟიანი გაზეთი გამგეობის დაფინანსებით გამოდის და მის აქტივობებს აშუქებს. "მარნეული-ტვ" კერძო კომპანიაა, თუმცა მისი დაფინანსების ძირითადი წყარო ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, ამის მიუხედავად,  ტელევიზიას ფინანსურად  საკმაოდ უჭირს. სწორედ ამიტომ,  მარნეულის ტელევიზიამ, რომლის ეთერი   ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რამდენიმე რაიონში ვრცელდება, მიმდინარე წლის გაზაფხულზე აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო გადაცემები შეწყვიტა. თუმცა, აგრძელებს  ადგილობრივი ახალი ამბების გაშუქებას ქართულ ენაზე, კვირაში ერთხელ კი სახელმწიფო ენაზე კვირის დაიჯესტს გადასცემს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულს არ იღებს სათემო რადიო "მარნეული", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდია რე"-მ,  ბი-ბი-სის ტექნიკური დახმარებით, ორი წლის წინ შექმნა. რადიომ სათემო მაუწყებლობისთვის ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო. ამიტომ, გადაწყვიტეს,    ხმის გამაძლიერებლები ქალაქის ჩაიხანებში და ცენტრალურ პარკში დაემონტაჟებინათ. ამ ფორმით რადიომ  გარკვეული ხანი იმუშავა, გამაძლიერებლებიდან,  ყოველდღიურად, რადიოს თანამშრომლების მიერ მომზადებული სამენოვანი საინფორმაციო გამოშვება ისმოდა.მაგრამ სათემო რადიო  ამ ეტაპზე აღარ მაუწყებლობს. საინფორმაციოს წამყვანი და პროდიუსერი კამილა მამედოვა ამბობს, რომ ლიცენზიის მოპოვების იმედი ჯერ კიდევ აქვთ.

მარნეულის სოფლებში სიახლეებს საქართველოს შესახებ მხოლოდ ნაციონალური არხებიდან იგებენ, თუმცა ნაკლებად აინტერესებთ ის პოლიტიკური ამბები, რითიც ეს არხებია გაჯერებული.

"Нам не нужна информация, дай бог всем здоровия и, только, чтоб воду отпустили", _ მეუბნება ალგეთელი ალიხან ჯარჩიევი და ოქროს კბილს აჩენს. სოფელ ალგეთში, ისევე როგორც მარნეულის დანარჩენ 80 სოფელში, სატელიტური ანტენები და თურქულ-აზერბაიჯანული სატელევიზიო არხები უკონკურენტოა.

სტატისტიკური მონაცემებით, ქვემო ქართლში 200 000-ზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მარნეულში 122 ათასიანი მოსახლეობის 83 პროცენტი აზერბაიჯანელია. ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ დმანისისა  და ბოლნისის რაიონებშიც, შესაბამისად, 67 და 66 პროცენტით. თუმცა აქვე უნდა ითქვს, რომ  ქალაქ ბოლნისში უპირატესად ქართველები ცხოვრობენ.

სოფლებში მცხოვრები ეთნიკური არაქართველების უმრავლესობამ სახელმწიფო ენა არ იცის, ამიტომ არ უყურებს ქართულ სატელევიზიო არხებს და ვერ კითხულობს ქართულ პრესას. ისინი ყველაზე ოპერატიულად უცხოურ ინფორმაციას ღებულობენ, ადგილობრივს კი დაგვიანებით და არასრულყოფილად.

თუმცა,  ენობრივი ბარიერის დაძლევის მიზნით, ტელეკომპანია "მარნეული-ტვ" ,  ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭერით,  საკმაოდ საინტერესო პროექტის განხორციელებას იწყებს.

საუბარია ქართული ენის  ტელეგაკვეთილებზე აზერბაიჯანელებისთვის, რომელიც, გამეორებებით,  კვირაში ერთხელ გავა.

"ეს იქნება იმიტირებული გაკვეთილები 10-12 მოსწავლის მონაწილეობით", - განმარტავს  "მარნეული-ტვ"-ს დირექტორი,  შალვა შუბლაძე, რომელიც დასძენს, რომ მსგავსი სასწავლო გადაცემები, საბჭოთა საქართველოს პერიოდში, სახელმწიფო არხზე გადიოდა. ქართული ენის ტელეგაკვეთილებს ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან მოწვეული სპეციალისტი გაუძღვება.

"რეგიონის ეთნიკურ აზერბაიჯანელებს,  უჭირთ კომუნიკაცია ქართველებთან იმიტომ,  რომ არ ფლობენ ქართულ ენას.  განსაკუთრებით უჭირთ ახალგაზრდებს,  რომლებმაც არც რუსული ენა იციან",  - ამბობს  შალვა შუბნლაძემ.

მარნეულიდან ბოლნისისკენ გავეშურე, სადაც ორი ადგილობრივი სატელევიზიო არხი მუშაობს და ორივე საკმაოდ პოპულარულია. მოსახლეობა ადგილობრივ ინფორმაციას ამ არხების ყოველკვირეული საინფორმაციო დაიჯესტებიდან და გამგეობის კუთვნილი გაზეთიდან იღებს. ბოლნისელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათი ინტერესის სფერო სოციალური პრობლემატიკით შემოიფარგლება და საინფორმაციო გამოშვებებსაც სწორედ ამ თემატიკაზე აგებენ.

ტელეკომპანია "ტვ-5"-ის პროდიუსერის აკაკი უგრეხელიძის თქმით, მათი ტელევიზიის აქციების 49 პროცენტი ბოლნისის გამგეობას ეკუთვნის და ბიუჯეტიდან წელს 200 000 ლარით დაფინანსდნენ. ტელევიზიას კარგი ტექნკური ბაზა აქვს. მისი მაუწყებლობის სიხშირე ბოლნისის გარდა, მარნეულს, თეთრიწყაროს და დმანისის ნაწილსაც ფარავს და 60 000-იანი აუდიტორია ჰყავს. საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ დისკომფორტს არ უქმნის ადგილობრივი ხელისუფლების მეწილეობა, პირიქით, ეს ფაქტი მათ სტაბილურ ჯამაგირს  უზრუნველყოფს.

ბოლნისში ორი ტელევიზია ჰარმონიულად თანაარსებობს და, ფაქტობრივად, ერთმანეთს კონკურენციას არ უწევს. "მე-12 არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა ერაძე ამბობს, რომ მათი ყოველკვირეული საინფორმაციო დაიჯესტები სხვადსხვა დღეს გადის, ამიტომ მაყურებელი ორივეს ჰყავს. "ინტერნიუსის" დაფინანსებით ამ კერძო ტელეკომპანიის ეთერში  აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო პროგრამაც გადიოდა, თუმცა პროექტი რამდენიმე თვის წინ დასრულდა. "მე-12 არხი" "კურიერის" ტრანსლირებასაც ახდენს, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ საკაბელო ტელევიზიასთან, რომელიც მის მორბენალ განცხადებებს ავრცელებს.

"ინფორმაციულ ვაკუუმშია ბოლნისის არაქართულენოვანი მოსახლეობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლები. როცა აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო გამოშვებები შეყდა, ისინი მოდიოდნენ და გვთხოვდნენ მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ ფინანსების არქონის გამო ჩვენ ეს ვერ შევძელით",   ამბობს ეკა ერაძე. მისი თქმით, ბოლნისში საკმაოდ პოპულარული იყო რეგიონული გაზეთი "ტაიმერი", რომელიც ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე გამოდიოდა.

"ტაიმერი" არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების სააგენტო"-ს მედიაპროექტი იყო, რომლის ოფისიც რუსთავშია განთავსებული. ეს იყო რეგიონული გაზეთის შექმნის პირველი პრეცედენტი ქვემო ქართლში, რომელსაც ჟურნალისტების ქსელი მთელს რეგიონში ჰქონდა შექმნილი. ამავე ბაზაზე 2007 წელს ახალი ამბების სააგენტო "რეგინფო"-ც ჩამოყალიბდა.

გაზეთის დირექტორის ზვიად დევდარიანი თქმით, "ტაიმერის" ბეჭდვა საგრანტო დაფინანსების ამოწურვის გამო ახლახან შეწყდა. ამჟამად "ტაიმერი" ინტერნეტსივრცეში აგრძელებს მუშაობას. მისი ელექტრონული ვერსია გაცილებით მოკრძალებულია, მაგრამ ცდილობენ,. რომ  რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბები მაინც გააშუქონ.

მუშაობას აგრძელებს "რეგინფოც", თუმცა ის ქვემო ქართლის მკვიდრთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ინტერნეტი ამ რეგიონის კიდევ ერთი პრობლემაა. ინტერნეტი საერთოდ არ არის წალკაში, დმანისსა და თეთრიწყაროში. ბოლნისში ამ  სიკეთით ადგილობრივი გამგეობა, ტელევიზია და გაზეთი სარგებლობს. მოსახლეობას კი ერთი ინტერნეტკაფე ემსახურება. გაცილებით უკეთესი  მდგომარეობაა მარნეულში, სადაც ინტერნეტი არა მარტო ადმინისტრაციული ცენტრისთვის, არამედ, რამდენიმე სოფელისთვისაც ხელმისაწვდომია.

ქვემო ქართლის ექვს მუნიციპალიტეტში (ქალაქ რუსთავის გარდა) ექვსი ადგილობრივი გაზეთი გამოდის. ექვსივე ადგილობრივი გამგეობების კუთვნილებაა და მათ გვერდებზე, ძირითადად, თვითმმართველობების  საქმიანობა შუქდება. ისინი ვერ ახერხებენ იმ საინფორმციო ვაკუუმის შევსებას, რომელიც ამ რეგიონში წლებია არსებობს და, სამწუხაროდ, არ იცვლება.

ქვემო ქართლში უმრავლესობას ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ. მათი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ადგილობრივი ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე ხელმიუწვდომლობაა. ასეთი დასკვნა გააკეთეს ფონდ "ინტერნიუსის", IWPR-ისა და "სტუდია რე"-ს მკვლევარებმა, ჯერ კიდევ 2005 წელს.

ეთნიკური აზერბაიჯანელების "ძირითადი საინფორმაციო წყაროებია აზერბაიჯანული, რუსული და თურქული ტელეარხები. ისინი უყურებენ ცენტრალურ ქართულ არხებსაც, თუმცა ენის არცოდნა მათ ხელს უშლის სრულყოფილად მიიღონ ინფორმაცია", - ნათქვამია კვლევაში.

საქართველოს მთავრობამ სამი თვის წინ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა, სადაც ეროვნული უმცირესობების ჯეროვანი ინფორმირების უზრუნველყოფას სხვადასხვა ამოცანების შესრულებით გეგმავენ, მათ შორის, ეროვნული უმცირესობების ენებზე ელექტრონული და ბეჭვდითი მედიის ხელშეწყობით.

კონცეფციაზე და მთავრობის გეგმებზე არაფერი იციან ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა. ქვემო ქართლის მედია კი, დამოუკიდებელი თუ ვინმეზე დამოკიდებული, ინფორმაციულ ვაკუუმს ვერ ავსებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test