შემოგვიერთდი

06.11.2009 16:29

საუნივერსიტეტო გამოცემები კონკურსის გამოცხადებას მეხუთე თვეა ელოდებიან

David Mchedlidze
საუბრები მედიაზე

უკვე მეხუთე თვეა, რაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) მის წიაღში შექმნილი სტუდენტური  გაზეთების დაფინანსება შეწყვიტა. ოფიციალურ მიზეზად თანხების არარსებობა დასახელდა, თუმცა არაოფიციალური ვერსები სხვაგვარია და უნივერსიტეტის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის სურვილს უკავშირდება.

არჩილ კაიკაციშვილი, გაზეთ "თსუ თაიმსის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ გამოცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ერთადერთი ახალგაზრდული გაზეთია, რომელიც თავისი პერიოდულობითა და არჩეული თემატიკით, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"თსუ თაიმსი" 2008 წლის აპრილში დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, ვინც თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე გაზეთ "ახალგაზრდა იურისტს" გამოსცემდა, თუმცა ახალი გაზეთი  წმინდა საინივერსიტეტო თემატიკას  გასცდა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემებიც მოიცვა",  აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

მისივე მტკიცებით,  თსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ, რომელიც მანამდე "ახალგაზრდა იურისტს" ფინანსურად უზრუნველყოფდა, ახალი გაზეთი მოიწონა და მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. რედაქციასა და თვითმმართველობას შორის 2008 წელს შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, თვითმმართველობა გაზეთს დააფინანსებდა, როგორც საუნივერსიტეტო ახალგაზრდულ პროექტს, რედაქცია კი შეინარჩუნებდა  სარედაქციო დამოუკიდებლობას.

"თსუ თაიმსმა" 2009 წლიდან ჩვეულებრივი პერიოდულობით განაახლა გამოცემა. აპრილსა და მაისში გაზეთმა გააშუქა    თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები,  გამოაქვეყნა ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერთა მოსაზრებები, მკითხველს შესთავაზა  საკუთარ ხედვა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო   პოლიტიკური პროცესების  სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა", - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

რედაქციას ივნისის თვეში უნდა გამოეცა "თსუ თაიმსის" 2009 წლის I სემესტრის დამამთავრებველი ნომერი. თუმცა, როგორც რედაქტორი ამბობს, მაისში ის თურქეთში, კავკასიის უნივერსიტეტში,  იმყოფებოდა და იქიდან დაბრუნებულმა,  შეიტყო, რომ  თსუ-ს  ჟურნალ-გაზეთების დაფინანსება შეწყდა.

კაიკაციშვილის თქმით, თსუ-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალი დებულება უნდა დაამტკიცონ. სწორედ ამ ახალმა დებულებამ უნდა მოაწესრიგოს უნივერსიტეტის ურთიერთობა სხვა სტუდენტურ  ჟურნალ-გაზეთებთან. ეს  გამოცემები თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნდა დაექვემდებაროს და თემატიკაც მასთან უნდა შეთანხმდეს.

უნივერსიტეტში გამოცემების დახურვის მიზეზად უფულობასა და სტუდენტური გამოცემების მომრავლებას ასახელებენ. ირაკლი მეგრელიშვილი, თსუ-ს ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწე, ამბობს, რომ უნივერსიტეტი ამჟამად უშვებს 5 გაზეთს და კიდევ ოთხზეა განაცხადი გაკეთებული, შესაბამისად,  9 გამოცემის დაფინანსება რთული იქნება, ამიტომ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აპირებს კონკურსის გამოცხადებას და  საუკეთესო პროექტების შერჩევას.

"ვინაიდან უნივერსიტეტს 9 გაზეთი არ სჭირდება, სტუდენტური თვითმმართველობა გამოაცხადებს კონკურს. უნივერსიტეტს აქვს თავისი გაზეთი და იქ შუქდება ყვალა  თემა. პოლიტიკაც უნდა შუქდებოდეს, მაგრამ  არა  ანგაჟირებულად. უნივერსიტეტში სხვა ბევრი პრობლემაა და სჯობს გაზეთმა ამაზე წეროს", - აცხადებს მეგრელიშვილი.

მისი თქმით, თუ ვინმეს გაზეთის  დამოუკიდებლად გამოცემა სურს, შეუძლია მოიძიოს ფინანსები, მაგრამ გაზეთი, რომელიც  უნივერსიტეტის დაფინანსებით გამოვა,  "გარკვეულ სტანადარტებს" უნდა აკმაყოფილებდეს.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მიმდინარე თვის  ბოლოს კონკურსი გამოცხადდება.

"თსუ თაიმსის" მიიჩნევენ, რომ გაზეთების დაფინანსების შეწყვეტა მათი გაზეთის თემატიკით იყო ნაკარნახევი, რადგან ისინი ეხმიანებოდნენ საპროტესტო აქციებს, რაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას არ მოსწონდა.

"თსუ თაიმსმა" 1 ოქტომბრიდან მუშაობა ინტერნეტში განაგრძო (http://young-lawyer.ucoz.com/).  თუმცა, გაზეთი, რედაქციის საერთო გადაწყვეტილებით,  მონაწილეობას გეგმავს  დაგეგმილ კონკურსშიც.

კაიკაციშვილის თქმით,  უნივერსიტეტს აქვს სრული უფლება დააფინასოს ისეთი გამოცემები, რომელიც უნივერსიტეტის "სტანდარტებს" დააკმაყოფილებს, მაგრამ, მისივე  მოსაზრებით,  როდესაც  არსებობს რეიტინგული საუნივერსიტეტო გამოცემა, თავისი მკითხველით, ჩამოყალიბებული ურთიერთობებით, ყველა სტუდენტისთვის მისაღები და საინტერესო თემატიკით, მისი იგნორირება და უგულვებელყოფა მიუღებელია.

"ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ  კონკურსში, თუნდაც,  იმისთვის, რომ დავადგინოთ, რამდენად ობიექტურად ჩაატარებენ მას",   -  აცხადებს კაიკაციშვილი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test