შემოგვიერთდი

18.02.2013 17:18

ჟურნალისტები თეა სიჭინავას პროფესიული ქცევის შესახებ გადაცემა “არგუმენტებში” ინციდენტის დროს

მედია მედიის შესახებ

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 13 თებერვალს “მაესტროს” ეთერში მომხდარი ინციდენტის შეფასებას ჟურნალისტებს სთხოვს, რომლებიც სტატიაში წამყვანის, თეა სიჭინავას პროფესიულ ქცევას  არაერთგვაროვანად აფასებენ.

სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი ცენტრთან ინტერვიუში აცხადებს, რომ გადაცემა „არგუმენტების“ წამყვანს დროულად უნდა მოეთხოვა კობა დავითაშვილისგან ოპონენტისთვის შეურაცხყოფის მიყენების შეწყვეტა. 

“შეიძლება ჟურნალისტს ყველაფერი ხუთიანზე ჩაეტარებინა და მაინც მომხდარიყო ინციდენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჟურნალისტმა, ჩემთვის ძალიან გასაკვირად, უბრალოდ დაიმორცხვა და თავი ჩაღუნა, იმ დროს, როცა ზედიზედ სამჯერ თუ ოთხჯერ კობა დავითაშვილი ოპონენტს შეურაცხყოფას აყენებდა. მეგონა, რომ ცალკე ოთახში იყვნენ გარჩევაზე,“ – განუცხადა ნინო ზურიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე,  გიორგი მგელაძე ამბობს, რომ  თუ წამყვანი სტუდიაში წესრიგის დამყარებას ვერ ახერხებს, პირდაპირი ეთერი უნდა შეწყვიტოს, თუმცა მიიჩნევს, რომ მსგავს სიტუაციაში, შესაძლოა, ყველა ჟურნალისტი დაიბნეს.

„ ჟურნალისტმა, როგორც წესი, უნდა მოუწოდოს კორექტულობისკენ, თუ ამას ვერ ახერხებს და ისინი არ ემორჩილებიან, უნდა შეწყვიტოს პირდაპირი ეთერი,“ – აღნიშნა გიორგი მგელაძემ.

ამავე მასალაში, ჟურნალისტი ია ანთაძე ამბობს, რომ  პირდაპირი ეთერის დროს, მსგავსი დაპირისპირების აღკვეთა ძალიან რთულია.

„ვითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ძალიან სწრაფად, პრაქტიკულად წამებში. თეა ცდილობდა, რომ რაღაცნაირად შეენელებინა ეს დაპირისპირება და უთხრა კიდეც კობა დავითაშვილს, რომ პირდაპირ ეთერში ასეთი შეფასებებისგან თავი შეეკავებინა, მაგრამ შეუძლებელი იყო პრაქტიკულად. შეიძლებოდა, რომ არ მომხდარიყო რაც მოხდა, მაგრამ ის, რომ პირისპირ შეურაცხყოფა წამყვანმა აღკვეთოს, არ არის ადვილი.”- მიიჩნევს ანთაძე და აზუსტებს “ალბათ, მაინც ფიქრობდა, რომ გარკვეულ ზღვარს არ გასცდებოდა ეს დაპირისპირება. რეკლამა რომ გამოეცხადებინა კიდეც, ვერ აიცილებდა ამ დაპირისპირებას, უბრალოდ არ გავიდოდა ეთერში. პირდაპირი ეთერი ყოველთვის ძალიან ძნელია”.  

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში,  გადაცემა „არგუმენტებში“საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სერგო რატიანმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უცენზურო სიტყვებით აგინეს. დაპირისპირება საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა. დეპუტატები სტუდიაში მყოფმა ტელევიზიის თანამშრომლებმა გააშველეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test