შემოგვიერთდი

12.03.2013 13:51

სახელმწიფოს სუბსიდირების პოლიტიკა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში - IDFI

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკას ეხება.

კვლევის თანახმად, სახელმწიფო დახმარების პოლიტიკა, ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლისას,  მოიცავს ღონისძიებებს ორი ძირითადი მიმართულებით:  ბოლო მომხმარებლების მხარეს, რომლებსაც როგორც სოციალური, ასევე ფიზიკური მდგომარეობის გამო ესაჭიროებათ სახელმწიფოს დახმარება (სპეციალური ან მათ საჭიროებებთან ადაპტირებული მოწყობილობების დაფინანსება, საინფორმაციო მხარდაჭერა, დახმარება საინსტალაციო-გამართვის სამუშაოების წარმოებისას და ა.შ.) და მომსახურების მიმწოდებლის მხარის და აპარატურის იმპორტიორების მხარეს (მაუწყებლები და საქსელო პროვაიდერები, რომლებმაც უნდა მოახდინონ ციფრული საეთერო სიგნალების გავრცელება, ქსელის შექმნა/გადაიარაღება, აპარატურის იმპორტიორები ან/და საცალო მოვაჭრეები  და ა.შ.).

ბოლო მომხმარებლების სუბსიდირების პოლიტიკა

კვლევის ავტორი უჩა სეთური მიიჩნევს, რომ ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე ეფექტური გადასვლის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საზოგადოების ყველა ჯგუფის მოთხოვნილებების და პრობლემების  გათვალისწინება და მათი ციფრულ სამაუწყებლო ქსელთან წვდომის უზრუნველყოფა, რის გარეშეც ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისათვის იზოლაციის მომტანი იქნება. ბოლო მომხმარებლის მოწყვლადობა, ფინანსური და ფიზიკური მიზეზების გარდა, შესაძლოა განპირობებული იყოს საჭირო უნარ-ჩვევების და ინფორმაციის არქონით.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდასაჭერად სახელმწიფო დაფინანსებამ უნდა მოიცვას შემდეგი მიმართულებები:

- სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და მათთან დაახლოებული კატეგორიების ბოლო მომხმარებლის სუბსიდირება მოწყობილობების შეძენისას (ციფრული მიწისზედა სიგნალის მიმღები აპარატურის (რისივერების) სუბსიდირება ან/და დახმარების სხვა მეთოდები);

- ზომები მიმართული ფინანსურად ნაკლებად მოწყვლადი მომხმარებლების ფინანსური სტიმულირებისათვის, რომლებიც შესაძლოა ციფრული საეთერო მომსახურების მიმღები გახდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ადრეულ ეტაპზე (საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 70 001-200 000 ქულის მქონე პირების წახალისება);

- ფართო საზოგადოების ინფორმირების ღონისძიებების დაფინანსება ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის წარმატებით უზრუნველსაყოფად (საინფორმაციო კამპანიის და სხვა აქტივობების დაფინანსება);

- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ასევე მარტოხელა პენსიონერებისთვის რისივერების სუბსიდირება და მათი უშუალო ინსტალირების და ინსტრუქტაჟის წარმოების დაფინანსება.

მიწოდების მხარის სუბსიდირება

კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების წამახალისებელი საშუალება შესაძლოა იყოს რეგულირების საფასურის შეღავათიანი ან ნულოვანი ოდენობის დადგენა, ასევე შესაძლოა მოხდეს მათ გადასახადებისგან განთავისუფლება, მხოლოდ პარალელური მაუწყებლობის შემთხვევაში და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდში.

კვლევაში მიწოდების მხარის სუბსიდირების ერთ-ერთ ღონისძიებად განხილულია საბაჟო მოსაკრებლისაგან და დღგ-გან შესაბამისი აპარატურის და ტელევიზორების იმპორტიორების განთავისუფლება დროებით, ავტორის აზრით, რაც გააიოლებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. „დაფინანსებული უნდა იყოს მხოლოდ ის ციფრული საეთერო რისივერები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შეძენილი“, - აღნიშნულია კვლევაში.

იქვე ნათქვამია, რომ დაფინანსებას დაქვემდებარებული რისივერები უნდა იყოს ნეიტრალური ქსელების მიმართ და ურთიერთთავსებადი  და უფასო ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალების გარდა, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ ჩაერთოს საკაბელო და სატელიტურ ქსელში (ტექნოლოგიურად ნეიტრალური მიდგომა).

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test