შემოგვიერთდი

16.04.2013 17:09

ქართული დელეგაცია ციფრულ მაუწყებლობაზე სათათბიროდ ჟენევაში გაემგზავრა

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვlასთან დაკავშირებით მივლინებით ჟენევაში 16 აპრილს გაემგზავრნენ.  

შეხვედრის ინიციატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, რომელმაც ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) გენერალურ მდივანს ბატონ ჰამადურ ტურეს მიმართა და ითხოვა ITU-ს ეგიდით ჩატარებულიყო რადიოსიხშირული დაგეგმარების ევროპის რეგიონში შემავალი საქართველოს მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანის ისლამური რესპუბლიკა, თურქეთი, რუსეთის ფედერაცია) უფლებამოსილ წარმომადგენელთა და ITU-ს წამყვან ექსპერტთა ქვერეგიონალური თათბირი, რომლებზეც განხილული იქნებოდა რადიოსიხშირული დაგეგმარების და კოორდინაციის აქტუალური საკითხები.

სამინისტრომ თანხმობა მიიღო და აღნიშნული თათბირი 18-19 აპრილს ჟენევაში ჩატარდება. ვინაიდან კომუნკაციების ეროვნული კომისია თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი, რომლის კომპეტენციაა თანამშრომელთა მივლინებაში გაგზავნა, ამიტომ კომისიის წევრებმა სხდომაზე კენჭისყრით გადაწყვიტეს მიიღებდა თუ არა თათბირში მონაწილეობას ეს უწყება.

კომისიის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ჟენევაში გასამართი შეხვედრის მიზანია „ციფრულ მაუწყებლობაზე წარმატებული გადასვლისა და ციფრული დივიდენდის განხორციელების მიზნით სიხშირეთა კოორდინაცია ITU-ს წევრი შემდეგი სახელმწიფოებისათვის: სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, საქართველო, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი.“

შეხვედრაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს - სიხშირეთა კოორდინაციის მიზნები და ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვა თითოეულ ზემოთ აღნიშნულ ქვეყანაში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან მიმართებაში, სხვა პირველადი სამსახურების გამოყენება და განაწილება ციფრული დივიდენდის სპექტრში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვადები და ციფრულ–ანალოგური ერთობლივი მაუწყებლობის მოთხოვნების შესწავლა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე და გადასვლის შემდეგ სატელევიზიო მაუწყებლობის სიხშირული გეგმა.

აგრეთვე იმსჯელებენ თითოეული ქვეყნისათვის სიხშირული სპექტრის რესურსის მომხმარებელი ყველა შესაძლო ტექნოლოგიის ურთიერთ თანაარსებობის შესძლებლობების შესწავლაზე UHF (470-862 მჰც) დიაპაზონში, ჟენევა-06 გეგმით გათვალისწინებული სიხშირეების განაწილების შემდგომი მოდიფიკაციის პროცესის შესწავლასა და პროცედურების გაიოლებაზე.

განიხილავენ ყველა ქვეყნისათვის სპექტრალურ რესურსზე ობიექტური დაშვების უზრუნველყოფის გაგრძელებას, ციფრული დივიდენის განაწილების ვადებს და მასთან დაკავშირებული პროცედურებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილება სიხშირულ მინიჭებებთან და განაწილებებთან დაკავშირებული ურთიერთთანაარსებობის საკითხები, მეთოდოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთ თანაარსებობას, ტექნიკური საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერეფერენციების შემცირებას. გადა ამისა, იმსჯელებენ თუ როგორ შეიძლება ITU-ს რადიოსაკომუნიკაციო ბიურო დაეხმაროს ქვეყნებს ერთმანეთს შორის არსებული პრობლემების გადაჭრაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ჯემალ ვაშაკიძემ Media.Ge-ს მივლინებაში წასვლამდე განუცხადა, რომ გარდა სიხშირეთა კოორდინაციისა, ისინი დამატებითი სიხშირეების გამოყოფაზეც იმსჯელებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test