შემოგვიერთდი

22.02.2013 16:02

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა შესაძლოა საპარლამენტო კომისიამ შეისწავლოს

მედია მედიის შესახებ


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან. მას აგრეთვე აქვს პასუხი საკანონმდებლო ორგანოში მისი მისამართით დასმულ ყველა კითხვაზე - აცხადებს კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია ყურაშვილი სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და მისი ფინანსური საქმიანობის შესწავლის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარისა და ბიუროს წინაშე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ტყემელაძემ კომიტეტის 21 თებერვლის სხდომის შემდეგ დასვა.  

სხდომაზე კომუნიკაციების სფეროში მოქმედი შპს "ახალი ქსელების", "ახტელის" და "სისტემ ნეტის"განცხადება განიხილეს. განცხადება დეპუტატებს ამ შპს-ების წარმომადგენელმა, ხათუნა ინჯიამ გააცნო. მან კომუნიკაციის მარეგულირებელ სფეროში არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების მხრიდან მთელ რიგ დარღვევებზე ისაუბრა.

ინჯიას განცხადებით, შპს "ახალი ქსელები", "ახტელი" და "სისტემ ნეტი" მიიჩნევენ, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში. აგრეთვე აუცილებელია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა მხრიდან დოკუმენტების გაყალბებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების არსებობა-არარსებობის დადგენის მიზნით, მოკვლეული მასალების პროკურატურისთვის გადაცემა და ინტერესთა კონფლიქტის არსებობის გამო, კომისიის წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლება.

სხდომას ესწრებოდნენ თავად კომისიის წევრებიც, რომელთა  განმარტებით, კომისია დღეისთვის არსებული კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. მათი თქმით,  სხდომაზე გამოთქმულ რიგ განცხადებებზე მათ უკვე უპასუხეს მომჩივანებს, ხოლო დარჩენილ ნაწილს შეისწავლიან და წერილობით უპასუხებენ.

ზურაბ ტყემალაძემ  აღნიშნა, რომ ეროვნული კომუნიკაციების კომისიის წევრთა  მხრიდან უფრო კომპეტენტურ და სრულფასოვან პასუხებს ელოდა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ "კომიტეტში შემოსულ საჩივარზე ჩვენ შეგვეძლო მასალები მოკვლევისთვის პირდაპირ პროკურატურაში გადაგვეგზავნა და საქმის შესწავლა იქ მომხდარიყო, მაგრამ კომიტეტმა გადაწყვიტა მოესმინა როგორც კომისიის წევრებისთვის, ასევე იმ პრეტენზიებისთვის, რომელსაც კომუნიკაციის ოპერატორები გამოთქვამენ. ვითარებიდან გამომდინარე, კომიტეტის სახელით პარლამენტის წინაშე ვაყენებ დროებითი კომისიის შექმნის საკითხს, რომელიც კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ თემას შეისწავლის".

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test