შემოგვიერთდი

04.03.2013 16:20

ჟურნალისტი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივის

მედია მედიის შესახებ

„ნეტგაზეთის“ ცნობით, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა ნინო ხოზრევანიძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ, სარჩელი შეიტანა.„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით სარჩელი საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტს უკავშირდება.

ნინო ხოზრევანიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მაია ქათამაძე იცავს. მისი თქმით, იითხოვენ იმ ინფორმაციის უარყოფას, „რომელიც ავთანდილ ბერიძის მხრიდან იყო გაკეთებული, რომ თითქოს ჟურნალისტმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია“.

„ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მე არ ვყოფილვარ გამონაკლისი, ვისაც ავთანდილ ბერიძემ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი,“ - აცხადებს ნინო ხოზრევანიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას. იგი ამბობს, რომ მომხდარი ძალიან ნეგატიური ფაქტია, რადგან მის მიმართ ცილისწამებას შეიცავს.

„მე არ გამივრცელებია ცრუ ინფორმაცია, ამიტომ ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად. მით უმეტეს, როცა ასეთი მაღალი რანგის კანონმდებელი მაღალი აუდიტორიიდან აცხადებს, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ამით არა მხოლოდ მე მომადგა ზიანი, არამედ იმ მედიასაშუალებასაც, იმ სააგენტოსაც, რომელსაც მე წარმოვადგენ. სარჩელს არ შევიტანდი, ავთანდილ ბერიძეს ამ ფაქტთან დაკავშირებით შეფასება რომ გაეკეთებინა და განეცხადებინა, რომ მსგავს ბრალდებებს ჟურნალისტების მისამართით ადგილი აღარ ექნებოდა“, -  განაცხადა ნინო ხოზრევანიძემ.

ჟურნალისტსა და აჭარის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის მომხდარ ინციდენტზე Media.Ge 2013 წლის 11 თებერვალს წერდა. მაშინ ავთანდილ ბერიძემ ნინო ხოზრევანიძეს მატყუარა უწოდა მისი სტატიის გამო, რომელიც პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბათუმის ორგანიზაციის ყრილობაზე დელეგატების ერთი ნაწილის პარტიაში გაწევრიანებას ეხებოდა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test