შემოგვიერთდი

12.03.2013 17:42

რა პრობლემებს ქმნის სასამართლო სხდომების ვიდეოჩაწერა და პირდაპირ ეთერში ტრანსლირება

მედია მედიის შესახებ

სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს აქვეყნებს.მასალაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, სისხლის სამართლის კანონში შესატან ცვლილებებში პუნქტი, რომელიც სასამართლო პროცესების აუდიო და ვიდეო ჩანაწერის გაკეთებას და ტრანსლაციას ეხება, ბუნდოვანია და დახვეწას საჭიროებს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 6 მარტს დაამტკიცა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კი 11 მარტს გამოქვეყნდა.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესების აუდიოჩაწერა უზრუნველყოფს სასამართლო პროცესის გამჭვირვალობას და აძლიერებს საზოგადოების კონტროლს სასამართლოს საქმიანობაზე. თუმცა შესაძლოა პრობლემები შექმნას სასამართლო სხდომების ვიდეოჩაწერამ და პირდაპირ ეთერში ტრანსლაციამ. არის საფრთხე, რომ დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

სასამართლო სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისას შესაძლოა, მოწმემ მოისმინოს სხვა მოწმის ჩვენება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას, როგორც ბრალდების, ისე დაცვის ინტერესებს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში განმარტებულია, რომ სასამართლო სხდომის ვიდეოჩაწერამ შესაძლოა შეცვალოს პროცესის მონაწილეთა ქცევები. ბრალდებულები და მათი ადვოკატები შესაძლოა უფრო მეტად იყვნენ დაინტერესებული საზოგადოების წინაშე წარდგომით, ვიდრე სასამართლოს წინაშე; ასევე, დანაშაულის მსხვერპლსა და მოწმეებს, ბრალდებულებს, შესაძლოა შეეშინდეთ კამერების. ვიდეოგადაღების შემთხვევაში შესაძლოა დადგეს პირადი და ოჯახის ცხოვრების გასაჯაროებისგან დაცვის საკითხი.  

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ პროექტში წერია, რომ მხარეებსა და „სხვა პირებს“ შეუძლიათ მოითხოვონ სასამართლო პროცესის ჩაწერა. ვენეციის კომისია კანონის ნაკლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ არ არის განმარტებული, ვინ შეიძლება იყვნენ „სხვა პირები“.

ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ გარკვეულ საკითხებს შესაბამისი კანონი არ აკმაყოფილებს, მაგალითად:  არის თუ არა განსაზღვრული,  რა ვადით უნდა იქნეს შენახული სასამართლო პროცესის ვიდეოჩანაწერი? შეუძლია თუ არა პირს ამ ვიდეოჩანაწერის ნებისმიერ დროს გამოთხოვა? შეუძლია თუ არა მაუწყებელს ამ ჩანაწერის გამოყენება ნებისმიერი მიზნით?

ვენეციის კომისიის ექსპერტების განმარტებით, თვით ევროპის საბჭოშიც კი არ არის დადგენილი  სასამართლო პროცესების მედიით გაშუქების ზუსტი პროცედურები. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test