შემოგვიერთდი

15.04.2013 17:56

საქართველოში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვმა 1,3 მილიონს გადააჭარბა

მედია მედიის შესახებ

რადიო „თავისუფლება" ეხმაურება „მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმის“ მიერ გამოაქვეყნებულ  კვლევას საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ. ფორუმი კვლევას ყოველწლიურად INSEAD-თან ერთად ატარებს და მისი მიზანია დაადგინოს, რამდენად მზადაა ქვეყანაში ინფორმაციული და კომუნიკაციის ტექნოლოგიები იმისათვის, რომ  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯებესების მიზნით ციფრული ეპოქის შესაძლებლობები გამოიყენოს.  რადიო თავისუფლების ცნობით, კვლევას თან ერთვის ქსელის მზაობის მიხედვით მზარდი ქვეყნების სიაც, სადაც    საქართველომ, 2012 წელთან შედარებით, პოზიცია 23 პუნქტით გაიუმჯობესა და 65-ე პოზიცია უჭირავს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯემალ ვაშაკიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ  ასეთი შედეგი მისალოდნელი იყო. მისი განმარტებით, ისევე როგორც ფინეთის, საქართველოს შემთხვევაშიც განათლების სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების კუთხით დანერგილმა სიახლეებმა, მოსახლეობისთვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გამარტივებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გადამწყვეტი როლი ითამაშა:

„შარშარწინ უკვე პრაქტიკულად დასრულდა პროგრამა „ირმის ნახტომი“. მან მოიცვა აბსოლუტურად ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა და ბავშვები გაძლიერებულად სწავლობენ ინფორმატიკას, ინფორმატიზაციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ძალიან მარტივმა მოდელმა იმუშავა: თუ ოჯახში ერთი მაინც ფლობს ცოდნას, იგი აუცილებლად რომელიმე ოჯახის წევრსაც გადასცემს უნარ-ჩვევებს“.

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რატი სხირტლაძის ინფორმაციით, 2012 წლის მეოთხე კვარტალში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვმა 1,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო სხვა ტექნოლოგიებს ინტერნეტთან წვდომისთვის 483 000 აბონენტი იყენებს. რატი სხირტლაძის განმარტებით, განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა 2011 წელს, როცა აბონენტების რაოდენობა გაიზარდა 56%-ით. რაც შეეხება ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიებს, 2010 წელს თუ იყო სულ 86 ათასი აბონენტი, 2011 წელს იყო უკვე 125 ათასი, 2012 წელს - 180 ათასი.

ქართველი ინტერნეტის მომხმარებლის არა მარტო რიცხვის, არამედ უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების ზრდამ ასევე განაპირობა სიაში დაწინაურება. ვებდეველოპერი ნოდარ დავითური რადიო თავისუფლებასთან  საქართველოში ონლაინ შეთავაზებების ვებსაიტებისა და მომხმარებლის უნარ-ჩვევების განვითარებაზე საუბრობს:

„ბოლო წელიწად-ნახევრის თუ ორი წლის განმავლობაში, ალბათ, ყველაზე დიდი ზრდა, რაც მე შევნიშნე, არის ე.წ. შეთავაზებების ვებსაიტები, სადაც მომხმარებლები იაფად ყიდულობენ რომელიმე პროდუქტის ან მომსახურების ვაუჩერს. შესაბამისად, ასეთი სერვისების პოპულარობამ გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი შეეჩვია ონლაინში ბარათით გადახდას. გაიზარდა მომხმარებლის შესაძლებლობა - მას უკვე შეუძლია ბარათის მოხმარება, აღარ ეშინია ონლაინ შოპინგის და რაღაც კუთხით ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რის გამოც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებელი მზადაა ონლაინ კომერციისთვის. უკვე შეიძლება ბიზნესმა სერიოზულად იფიქროს იმის შესახებ, რომ ინტერნეტში გაყიდოს საკუთარი პროდუქცია პირდაპირი გზით და არ გამოიყენოს ის, როგორც მხოლოდ რეკლამირების საშუალება“.

ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტში ფიქრობენ, რომ პროგრესი მსხვილი ინტერნეტკომპანიების საქართველოთი დაინტერესებას გამოიწვევს, რის მაგალითადაც მოჰყავთ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული საქართველოში ფეიფალის სერვისის დანერგვა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test