შემოგვიერთდი

22.04.2013 22:19

INTERPESSNEWS: ორი წელი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად – რეალობა და გამოწვევები

ციფრული მაუწყებლობა

ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და ევროკავშირის გადაწყვეტილებით 2015 წლის ივნისში უნდა დასრულდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. აღნიშნული ვალდებულება საქართველომ 2006 წელს ჟენევის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით აიღო.

ანალოგური მიწისზედა სიხშირეები, რომლითაც ამჟამად საქართველოში მაუწყებლობა ხორციელდება, ამოწურვადი და შეზღუდული რესურსია. მსოფლიოში უკვე დიდი ხანია გაჩნდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საჭიროება, ვინაიდან ამგვარი მაუწყებლობა მეტი სიგნალის გავრცელების საშუალებას იძლევა. ერთი სამაუწყებლო ზონის ლიცენზიანტს შეუძლია მინიმუმ 8 ციფრული ტელეარხი გაავრცელოს. ITU-ს მიერ ციფრული არხების განაწილების შედეგად 2005 წელს საქართველოს 72 ციფრული არხი ერგო, თუმცა მეზობელ ქვეყნებთან წარმოებული მოლაპარაკებების თანახმად, ეს რიცხვი 175-მდე გაიზარდა.

ციფრული ტელესიგნალის გავრცელება რამდენიმე პლატფორმის გამოყენების შედეგად ხორციელდება: მიწისზედა ქსელებით, თანამგზავრისა და ინტერნეტ-ტელევიზიის (IPTV) მეშვეობით. თანამგზავრი გამოიყენება როგორც უშუალოდ სახლში (Direct to Home – DTH) ფასიანი ტელევიზიის მისაღებად, ასევე იმისათვის, რომ მიწისზედა და კაბელური სატელევიზიო ქსელები უზრუნველყოს სიგნალით.

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი უკვე დაასრულა. საქართველოში კი ჯერ მხოლოდ იწყება. პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმართავს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭო 2012 წლის 5 დეკემბერს შეიქმნა და მასში მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან. საბჭომ უნდა შეიმუშავოს სტრატეგია, რომელითაც ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში იხელმძღვანელებს. ამ ეტაპზე ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი კვლავაც გადასაწყვეტია. ამასთან, ტელემაყურებლებს პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ თუ კონკრეტულად რა ცვლილებები შეეხებათ მათ.

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე “ინტერპრესნიუსი” მსოფლიოში წამყვანი სატელიტური ოპერატორის SES-ის გაყიდვების გენერალურ მენეჯერს სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, დანიელ კოპს ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად მიმდინარე სამზადისს?

როდესაც ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესზე ვსაუბრობთ, ყველაზე დიდი გაუგებრობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს თითქოს საქართველოში ციფრული ტელევიზია არ არსებობს. არადა ის უკვე არსებობს. მაგალითად სილქნეტი, რომელიც IPTV პროვაიდერია ან მაგთისატი, რომელიც მომხმარებელს ფასიანი DTH ტელევიზიით უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე განსახილველია საკითხი, თუ როგორ უნდა გადაერთოს საქართველო ანალოგური მიწისზედა სიგნალიდან ციფრულზე. ეს პროცესი დაწყებულია და ჩვენ მასში ჩართულები ვართ, ვინაიდან სატელიტური მაუწყებლობა ამ პროცესის განუყრელი მოთამაშეა.

ჩვენ ვგეგმავთ საქართველოს შევთავაზოთ ჩვენი სატელიტური შესაძლებლობები და ტექნიკური ექსპერტიზა. ასეთი სამასხური უკვე არაერთ ქვეყანას გავუწიეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამჟამად ამას ვაკეთებთ უკრაინაშიც, სადაც ჩვენი ფუნქცია მიწისზედა ქსელებისათვის სატელიტური სიგნალის მიწოდებაა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ბევრი მნიშნველოვანი საკითხი კლავაც გაურკვეველია, თუმცა ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის სავარაუდოდ DVB-T2 (Digital Video Broadcasting – Terrestrial 2nd Generation) სტანდარტსა და MPEG4 ფორმატს აირჩევს. ეს კარგი არჩევანია?

ეს უდავოდ მომავალზე გათვლილი არჩევანია. ის ევროპული ქვეყნები ვინც პირველ ეტაპზე გადაერთნენ ციფრულ მაუწყბლობაზე ძირითადად DVB-T სტანდარტს იყენებდნენ, ხოლო თითქმის ყველა ქვეყანა, რომელიც გვიანდელ ეტაპზე გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე, ირჩევს DVB-T2 სტანდარტს. საქართველოს ამ მხრივ გაუმართლა, მას შეუძლია ეს პროცესი სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით განახორციელოს.

დათქმულ დღესმხოლოდ ორი წელი გვაშორებს. თქვენი აზრით, ორი წელი საკმარისი იქნება, რომ საქართველომ პროცესის ყველა ეტაპის გავლა მოასწროს?

მიუხედავად იმისა, არის თუ არა საქართველო მზად ამისათვის, 2015 წელს ეს მაინც მოხდება – ციფრული მაუწყებლობა ანალოგურს ჩაანაცვლებს. ამიტომ ახლა მთავრობამ მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ როგორ გადაჭრან საბჭოში შემავალმა ჯგუფებმა ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებული ამოცანები. უნდა გადაწყდეს ზუსტი თარიღი რომლამდეც ყველაფერი უნდა მოესწროს და ამასთან უზრუნველყოფილ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა პროცესში. ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, მხოლოდ ერთ მოთამაშეს არ უნდა ჰქონდეს ოპერირების უფლება, ნეიტრალური და ღია უნდა იყოს ყველა პლატფორმისათვის იქნება ეს IPTV, საკაბელო მაუწყებლობა, თუ სატელიტური.

ძალიან მნიშვნელოვანია საკითხი (რომელიც ასევე ჯერ არ არის გადაწყვეტილი), თუ ვინ იქნება მულტიპლექსის ოპერირებაზე (სამაუწყებლო ზონა, რომელიც მინიმუმ 8 ციფრულ არხს მოიცავს) პასუხისმგებელი, სახელმწიფო ორგანო თუ კერძო კომპანია. თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორ ფიქრობთ, რომელი ვარიანტია ქართული სამაუწყებლო ბაზრისათვის მეტად შესაფერისი?

მე ვფიქრობ, ეს ცალსახად მთავრობის მიერ შექმნილმა საბჭომ უნდა გადაწყვიტონ სამუშაო სტრატეგიის შემუშავების გზით. ჩემი მოსაზრებაა, რომ ყოველთვის ბაზარი და მომხმარებელი უნდა წყვეტდეს რისი ნახვა სურს და როგორ. ეს პრინციპი მოქმედებდა ევროპის ქვეყნებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას. ჩვენ კომერციული კომპანია ვართ, ასე რომ, ჩვენ ყოველთვის ბაზრის წესების მიხედვით ვმოქმედებთ. მე ვერ შევაფასებ მთავრობის ესა თუ ის გადაწყვეტილება იქნება კარგი თუ ცუდი, თუმცა მაქვს მოსაზრება, რომ როგორც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, საქართველოშიც გამოცხადდება ტენდერი, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც დაინტერესებულ კომპანიებს შეეძლებათ.

როგორ ფიქრობთ, დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით, საქართველო მოასწრებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში განახორციელოს .. სიმულქასთინგი (ანალოგური და ციფრული მაუწყებლობის პარალელურ რეჟიმში განხორციელება)?

სიმულქასთინგი აუცილებელია. სხვაგვარად ტელეარხები ფინანსურად ძალიან დაზარალდებიან, როგორც კერძო არხები ისე საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართულნი. მართალია ამის განხორციელება საკმაოდ დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ეს ამავდროულად გამოსავალიც არის, რათა წინასწარ იქნას თავიდან არიდებული ყველანაირი გაუგებრობა. სწორედ იმიტომ, რომ ცოტა დროა დარჩენილი, აუცილებელია რაც შეიძლება მალე გადაწყდეს ზუსტი თარიღი და ასევე ის საკითხი, თუ რა პირობებით გამოცხადდება ტენდერი, რათა ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა შეძლონ განაცხადების შეიტანა კონკრეტული სერვისის შესათავაზებლად.

როგორ ხედავთ SES-ის როლს საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში, აწარმოებთ რაიმე სახის მოლაპარაკებებს პასუხისმგებელ პირებთან?

ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველით ტენდერის გამოცხადებას და ვაპირებთ ჩვენი პირობების შეთავაზებას. მნიშნელოვანი გამოცდილება და პოზიცია გვაქვს და საკმაოდ კარგი პარტნიორები შეგვიძლია ვიყოთ, ეს არაერთ ქვეყანაში გავაკეთეთ. მაგალითად უკრაინაში, სადაც “გაციფრულების” პროცესი ახალი დაწყებულია, ციფრული მიწისზედა ქსელის ოპერატორს ვემსახურებით ჩვენი სატელიტური სიხშირით, ანუ მის სიგნალს ვაწვდით ტელეანძას, რაც ყველაზე ოპტიმალური გზაა ამ ქვეყნისათვის. უფრო მარტივად რომ ვთქვა, მულტიპლექსის ოპერატორი ჩვენგან ყიდულობს თანამგზავრულ სიხშირეს, მერე საკუთარ სიგნალს აგზავნის ჩვენს სატელიტზე, რის შემდეგაც უკვე სატელიტი ახდენს მის ტრანსლირებას.

თქვენი გრძელვადიანი კონტრაქტორი საქართველოშიმაგთიკომია”, რომელმაც მულტიპლექსის ოპერატორობის სურვილი უკვე გამოთქვა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში?

მაგთიკომს ერთერთი წამყვანი სატელიტური პლატფორმა აქვს საქართველოში და ქვეყანაში პირველი DTH ტელევიზიის მიმწოდებელია. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ ინტერესს კონკრეტული სერვისის შესათავაზებლად. თუმცა ჩვენ ნეიტრალურები ვართ, ანუ SES-ი, თავის მხრივ, საკუთარ სატელიტურ მომსახურებას შესთავაზებს ქვეყანას, თუკი ციფრულ მაუწყებლობაზე გადართვის პროცესში სატელიტური პლატფორმის ჩართულობა გარანტირებული იქნება.

საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ტელემაუწყებლობას საერთო ოთახის ან გარე ანტენებით იღებს, მათ შორის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც. რა შანსები არსებობს იმისა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ისინი ფასიანი სატელიტური მაუწყებლობის სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს? რამდენად ოპტიმალური არჩევანი იქნება მათთვის სატელიტური მაუწყებლობის არჩევა ფინანსური თვალსაზრისით

საქართველო საკმაოდ მთიანი ქვეყანაა. შესაბამისად, მოსახლეობის იმ მცირე ნაწილისათვის რომელიც მიწისზედა სიგნალს ვერ იღებს, საერთო ანტენით სიგნალის მიწოდება სირთულეებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ამის გაკეთება ძვირი ჯდება. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი სწორედ სატელიტია და იმ საკითხის მოგვარება, თუ როგორ მივაწოდოთ მაუწყებლობა მათ საბაზისო სოციალური პაკეტის შეთავაზებით.ზოგადად, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ საკანონმდებლო ჩარჩოზე რასაც მთავრობა განსაზღვრავს ციფრული მიწისზედა მაუწყებლობისათვის. იმისათვის რომ ჩვენ შევქმნათ პროდუქტი ინდივიდუალურად ქართველი მომხმარებლისათვის, უნდა გავითვალისწინოთ ტენდერის შედეგად შემოთავაზებული პირობები. თუკი ბაზარი ღია იქნება ყველა პლატფორმისათვის და ყველა ციფრული მაუწყებლობის ბაზარზე მოქმედ კომპანიას ექნება შესაძლებლობა მიიზიდოს თავისი კლიენტურა, მაშინ ამ გადაწყვეტილების მიღება თავად მომხმარებელზე იქნება დამოკიდებული. ანუ ისინი აირჩევენ როგორ სურთ ციფრული ტელევიზიის ყურება, რომელი ოპერატორის მეშვეობით და რა ფასად. თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავაც იქნება საჭიროება იყოს უფასო ტელევიზია ხელმისაწვდომი ისეთი ადამიანებისათვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა ტელევიზორის ყურებაში ფული გადაიხადოს.

ტელემაყურებლები პრაქტიკულად არ არიან ინფორმირებულნი, თუ რა უნდა მოიმოქმედონ, რათა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას მომზადებულნი შეხვდნენ. როგორ უნდა იქნას წარმართული საინფორმაციო კამპანია, რათა 2015 წელს მაყურებლების ნაწილი საკუთარ ტელევიზორებში გამოსახულების გარეშე არ დარჩეს?

ტექნიკური თვალსაზრისით, “გაციფროვნება” ნებისმიერ შემთხვევაში გულისხმობს სპეციალური მოწყობილობის, Set Top Box-ის მიერთებას ტელევიზორისათვის. განურჩევლად იმისა ტელევიზიას საკაბელო მაუწყებლობით იღებს მომხმარებელი, სატელიტის თუ IPTV-ს მეშვეობით. ახალი თაობის ტელევიზორებში ჩამონტაჟებულია სპეციალურ მოწყობილობები, მაგრამ მას მაინც უნდა შეუერთო გარე მოწყობილობა, რათა ციფრული სიგნალი მიიღო. სწორედ ამაში მდგომარეობს საინფორმაციო კამპანიის არსი – ქართველმა მომხმარებელმა 2015 წლის ივლისისათვის უნდა გააკეთოს არჩევანი იმ ყუთში, რომელსაც იყიდის და ტელევიზორს შეუერთებს მიიღოს ტელევიზია სატელიტის, კაბელის თუ IPTV-ს მეშვეობით.

ესტონეთი ერთერთი პირველი იყო ევროპის იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც უკვე 2010 წლისათვის სრულად გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე. საქართველოში მიმდინარე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან და ესტონეთის გამოცდილებასთან დაკავშირებითინტერპრესნიუსთანკომენტარი გააკეთა ესტონეთის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამთავრობო კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა იური ფიჰელმა

“სალაპარაკო და სადისკუსიო აღარაფერია, უკვე დროა ქმედებაზე გადახვიდეთ და რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი. ჩვენ ორ წელში სრულად გადავედით ციფრულ მაუწყებლობაზე და ეს არც ისე მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან პროცესის დაწყებიდან მალევე უზრუნველვყავით პარალელური მაუწყებლობა ანალოგური და ციფრული სიგნალით. მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით გარკვეული სირთულეები იყო, თავიდან ცხელი ხაზი დავაწესეთ, თუმცა ამან მაინცდამაინც კარგად ვერ იმუშავა. რთულია ვინმეს ტელეფონის მეშვეობით აუხსნა თუ როგორ ისარგებლოს კონკრეტული ნივთით. შემდეგ ადამიანებს უბრალოდ ვეუბნებოდით, რომ უმჯობესი იყო ახლობლისთვის, მეზობელისათვის, ნათესავისათვის ეთხოვათ დახმარება. ყველაზე რთული იყო შედარებით ხნიერი ადმიანებისთვის გასაგებად აგვეხსნა თუ რას ნიშნავდა და როგორ მიეღოთ ციფრული ტელევიზია. ამიტომ ფართომასშტაბიანი კამპანია ვაწარმოეთ სახელწოდებით “დაეხმარე”, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებზე ორიენტირებული იყო და გულისხმობდა, რომ მოტივაცია გაგვეჩინა მათთვის მისულიყვნენ ან დაერეკათ ბებოსთან, ნათესავთან, მეზობელთან და ეკითხათ ხომ არ სჭირდებოდა დახმარება ციფრული ტელევიზიის მისაღებად. რა თქმა უნდა იყო პრეტენზიები და პროტესტი. ბევრი ამბობდა, “მე მომწონს ეს მაუწყებლობა, განურჩევლად იმისა ანალოგურია თუ ციფრული, რატომ უნდა შევცვალო?” კი ბატონო, ჩვენც ძალიან მოგვწონდა, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ეს ამოწურვადია, აღარ არის მეტი რესურსი და იმისათვის, რომ მედიამ განვითარება შეძლოს აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.

მიმაჩნია, რომ ის თუ რომელი სიგნალი უნდა მიიღოს საკუთარ ტელევიზორში, სატელიტური, ინტერნეტ-ტელევიზია, საკაბელო თუ რაიმე სხვა, ეს მხოლოდ მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს. მათთვის ვინც მჭიდროდ დასახლებულ არეალში ცხოვრობს, რა თქმა უნდა, უკეთესი საკაბელო ტელევიზიაა ან ინტერნეტ ტელევიზია. ამ ეტაპზე, მაგალითად ლატვიაში, ეს უკანასკნელი ძალიან პოპულარულია. თუ მთიან ან ნაკლებად მჭირდროდ დასახლებულ რეგიონში ცხოვრობს ადამიანი, რა თქმა უნდა, სატელიტური მაუწყებლობა უფრო მოსახერხებელია. ჩემი აზრით, მომხმარებელი აირჩევს იმ კომპანიას ვის მიერ შეთავაზებული არხების ჩამონათვალი მეტად შეესაბამება მის გემოვნებას.

ესტონეთში არის ერთი საჯარო მულტიპლექსის ოპერატორი, რომელიც არ არის სახელმწიფოს მფლობელობაში, თუმცა მასზე ვრცელდება Must Carry-ს პრინციპები. დანარჩენ ექვს კერძო მულტიპლექსის ოპერატორს ასეთი ვალდებულება არ აქვთ. ისინი სრულიად კომერციული, მოგებაზე ორიენტირებული კომპანიები არიან და გადაწყვეტილებას ამა თუ იმ არხის ჩართვის თაობაზე კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ. ასევე, რა თქმა უნდა, უკეთესია თუ სახელმწიფო საკუთარ თავზე მხოლოდ ლიცენზირების ვალდებულებას აიღებს, ნაკლებად ჩაერევა არხების განაწილების პროცესში და ამას კერძო კომპანიებს, ბაზარს მიანდობს.

ტელევიზია ისეთი რამაა, რომელის გარეშეც ადამიანი დიდ ხანს ვერ გაძლებს, ამიტომაც არ არის “გაციფროვნება” მტკივნეული. როგორც კი მომხმარებელი ხვდება, რომ ეს გარდაუვალია, უბრალოდ იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მომზადებული იყოს. ასე მოხდა ესტონეთშიც და როცა ანალოგური სიგნალი მთლიანად გავთიშეთ, არ იყო არც ერთი ოჯახი, რომლის ტელევიზორმაც გამოსახულება ვერ მიიღო,” – განაცხადა იური ფიჰელმა ჩვენთან საუბარში.

ავტორი: ანა ცხოვრებოვა

წყარო: http://www.interpressnews.ge

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test