შემოგვიერთდი

13.03.2013 23:20

როგორ აისახება აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა სპორტულ არხებზე

ნატა ძველიშვილი
ინტერვიუ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა დავითაშვილის ინიციატივით, აზარტული თამაშების რეკლამირება შესაძლოა აიკრძალოს. პარლამენტმა ცვილილება პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა.  ავტორთა აზრით, ამგვარი აკრძალვა  მოსახლეობის  აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას შეამცირებს.

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას რეკლამირების აკრძალვამ სპორტულ არხებს და რა შედეგებს მოიტანს საკანონმდებლო ცვლილება - ამ საკითხებზე Media.Ge ტელეკომპანია GMG-ს გენერალურ დირექტორს, ლევან ყუბანეიშვილს ესაუბრა

- ბატონო ლევან, თქვენი აზრით,  საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას გულისხმობს, როგორ აისახება სპორტულ მედიაზე?

- ძალიან დააზარალებს ზოგადად სპორტს, როგორც ქართული, ისე უცხოური სპორტის თვალსაზრისით.  კანონი პირველი მოსმენით ისეთი ფორმით მიიღეს, რომ ყველა აზარტული თამაშის რეკლამირება ნებისმიერი ფორმით აკრძალულია. საფეხბურთო კლუბ „რეალის“ სათამაშო ფორმაზე ტოტალიზატორის ლოგოა განთავსებული. ინგლისის ჩემპიონატის თამაშის მიმდინარეობისას ფსონების ცვლა იწერება სარეკლამო ბანერებზე, ახალი ცვლილებით, რეალის თამაში, ან ინგლისის ჩემპიონატი აღარ უნდა ვაჩვენოთ.

გარდა ამისა,  დიდი სპორტული ღონისძიებების ჩვენების უფლების შეძენისას, როგორიცაა  ჩემპიონთა ლიგა, საჩოგბურთო თუ საკალათბურთო ჩემპიონატები, მოთხოვნაა, რომ მათი მთავარი სპონსორების რეკლამა უნდა გაუშვა. მაგალითად ავიღოთ ჩემპიონთა ლიგა. თამაშის დაწყებამდე გადის ჰეინეკენის, ფორდის რეკლამა, ახლა გაზპრომიც დაემატა და ვატრიალებთ მასაც ჩვენს არხზე. ერთ მშვენიერ დღეს იქ რომ გაჩნდეს რომელიმე ტოტალიზატორი კომპანიის რეკლამა, რაც ძალიან რეალური და ლოგიკურია,  კანონის მიხედვით, ეს ჩემპიონატი ეთერში არ უნდა გავუშვათ.  ისინი სხვანირად კონტრაქტს არ გაგვიფორმებენ. მეორეც სასაცილო არის და ვერ დავაჯერებთ იმათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი რამ აკრძალულია.

- რა ხდება ამ კუთხით ქართულ სპორტში?

- საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი დაწესებული აქვს „ევროპა ბეთს“, შესაბამისად ის წარმოდგენილია ყველა იმ თამაშზე, რაც ამ ჩემპიონატზე ტარდება. ახალი ცვილილებით, ჩვენ ეთერში მაგას ვერ ვაჩვენებთ. მატჩის შემოდგომ პრესკონფერენციაზე უკან თუ „ევროპა ბეთის“ ბანერი იქნება, დავჯარიმდებით იმიტომ, რომ ეს იქნება რეკლამა. ამ ტოტალიზატორსაც არ ექნება უფლება მატჩის მსვლელობის დროს განათავსოს რეკლამა.

მაშინ ლოგიკურად იბადება კთხვა რატომ უნდა დააფინანსოს ეს ჩემპიონატი კომპანიამ თუ არანაირი უკუგება არ ექნება? შესაბამისად, ამ ფედერაციასაც გარკვეული პრობლემები შეექმნება, რადგან ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შოკოლადის კომპანია იქ რეკლამას არ განათავსებს. არ არის ჩვენი სარეკლამო ბაზარი განვითარებული, რომ სხვა ტიპის კომპანიები ამ ჩემპიონატის სპონსორობით დაინტერესდნენ. კალათბურთის ჩემპიონატიც ტოტალიზატორ  „აჭარაბეთის“ სპონსორობით ტარდება.

 - საქართველოში სარეკლამო ბაზრის დაახლოებით რა პროცენტი უკავია ტოტალიზატორებს?

- ზოგადად შარშან უფრო დიდი იყო ეს წილი, „ფლეი აჭარა“ ათავსებდა რეკლამას. დღეს დაახლოებით  5-7% ის ფარგლებშია მათი წილი სარეკლამო ბაზარზე. სარეკლამო შემოსავლები  წელს ისედაც შემცირებულია, ამ კანონმდებლობით კიდევ  უფრო შემცირდება.

GMG  უფრო სპეციფიკურია, უფრო მეტია ეგ წილი, მაგრამ ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო არ არის რეკლამა. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენ შემოსავლებზე, თუმცა, მე უფრო იმას ვდარდობ, რომ სამივე სპორტული არხი (ფეხბურთი, სპორტი, სპორტი 2) ამ კანონმდებლობიდან გამომდინარე აღარ იარსებებს.

ცვლილების ავტორები ფიქრობენ, რომ ამგვარი აკრძალვა  ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის დამოკიდებულებას აზარტული თამაშებისადმი შეამცირებს.

- პათეტიკური გამონათქვამები მოვისმინე, რომ რამდენი ოჯახი გვინახავს დანგრეული ამის გამო. ლეგალური ტოტალიზატორით დანგრეული ოჯახი არ არსებობს,  5 ლარი თუ გაქვს ბარათზე, იმით თამაშს ვერ მოახერხებ. აი, არალეგალური თამაშებით დანგრეული ოჯახი კი ბევრი მინახავს. სადაც ვირტუალურ ფულზე თამაშობ, როდესაც წააგებ, რეალურად უნდა გადაიხადო მერე.  ტოტალიზატორში თუ ფული არ გაქვს, ვერ დადებ.

მარზმია ინტერნეტი გააკონტროლო, რომ საქართველოდან ვერ შევიდეს ვერავინ ვთქვათ, ლონდონის ბუკმეიკერულ კომპანიაში სათამშოდ. დღეს მაგით დაიწყებ, მერე სხვა რაღაცის გაკონტროლების სურვილი გაგიჩნდება და საბოლოოდ ინტერნეტკონტრლს მიიღებ. არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ კაზინოების რეკლამა აიკრძალოს.

- კაზინოების რეკლამები თავსდება ან თქვენს ეთერში, ან რომელიმე სპორტული ღონისძიების მიმდინარეობისას?

- კაზინოები არსად არ არის წარმოდგენილი. კობა დავითაშვილმაც უნდა გაიგოს , რომ კაზინო, ლატარია და ტოტალიზატორი განსხვავდება ერთმანეთისგან. ქართული კანონმდებლობითაც ტოტალიზატორი რომ გააკეთო, სხვა ტიპის ლიცენზია უნდა აიღო და კაზინოსთვის - სხვა.   კანონის ახალ ცვლილებაში ყველაფერი ერთად არის გაერთიანებული. არადა „აზარტული თამაშების ლიცენზიის“ ფენომენი არ არსებობს.

დღეს მთელ მსოფლიოში ტოტალიზატორი და სპორტი ერთმანეთისგან განუყრელი ნაწილებია. ეს კანონი მხოლოდ ერთ რაღაცას შეუწყობს ხელს - არალეგალური ტოტალიზატორების გაჩენას. ქვეყანაში ხალხს თამაშს ვერ აუკრძალავ. ის ხალხი მაინც ითამაშებს, არალეგალურად, უფრო ცუდი ფორმებით, დიდ თანხებზე და ტრაგიკული შედეგებით.

- თქვენ გამოსავალს რაში ხედავთ, რა იქნება კანონის ოპტიმალური ვარიანტი?

- ყველაზე ოპტიმალური იქნება რომ ტოტალიზატორი გაიმიჯნოს სხვა აზარტული თამაშებიდან, ტოტალიზატორისს რეკლამები გადიოდეს სპორტულ ღონისძიებებში. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ისინი დააფინანსებენ სპორტულ ღინისძიებებს და ამავდროულად, ქართული ტელეკრანიდან  როგორც ქართული, ისე უცხოური სპორტი არ გაქრება.

- როდესაც საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბარი დაიწყო, თქვენ ან რომელიმე ტოტალიზატორის კომპანიის წარმომადგენელს თუ დაგიკავშირდნენ განხილვაში მონაწილეობის მისაღებად?

- არავინ არ დამკავშირებია მე და რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, საკანონმდებლო ორგანო ამ სფეროს წარმოადგენლებთან შეხვედრით არ დაინტერესებულა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test