შემოგვიერთდი

11.04.2013 23:54

"გიორგი ბარათაშვილის კურსს ვაგრძელებ", - GPB-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

ნატა ძველიშვილი
ინტერვიუ

მიმდინარე წლის 4 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადააყენა და მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ბაქრაძე დანიშნა. რა შეიცვალა მას შემდეგ მაუწყებელში, რატომ გაიხარჯა ბიუჯეტის თითქმის მესამედი პირველივე კვარტალში და რა ცვლილებები იგეგმება მაუწყებელში - ამ საკითხებზე Media.Ge მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი ბაქრაძეს ესაუბრა.

საზოგადოებისთვის უცნობია თქვენი ბიოგრაფია. ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნებოდით რას საქმიანობდით?

დამთავრებული მაქვს საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი და  ESM-ში მაგისტრატურა საერთო მენეჯმენტის განხრით. ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტებზე. 2005 წელს მოვედი საზოგადოებრივ მაუწყებელში, აქ წელიწადნახევარი ვიმუშავე ადამიანური რესურსების განყოფილებაში, შემდეგ „ტაო პრივატ“ ბანკში გადავედი ამავე პოზიციაზე და მოგვიანებით, ისევ მაუწყებელში დავბრუნდი, ისევ ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსად. გიორგი ბართაშვილის მიერ დაწყებული რეორგანიზაციის დროს, მარტში გავხდი გენერალური დირექტორის მოადგილე ადამიანური რესურსების მიმართულებით, 4 მარტიდან   უკვე ვასრულებ გენერალური დირექტორის მოვალეობას.

4 მარტის შემდეგ, რისი შეცვლა მოახერხეთ, რა ცვლილებები გაატარეთ ორგანიზაციაში?

4 მარტის შემდეგ მე გავაგრძელე ის კურსი, რომელიც იყო აღებული იანვრიდან, როდესაც მაუწყებელმა გამოაცხადა რეორგანიზაცია, რაც მიზნად ისახავდა სტრუქტურის გაუმჯობესებას, გავაგრძელეთ დაწყებულ პროექტებზე მუშაობა, მაგალითად, ინგა გრიგოლიას ტოქშოუზე, რომელიც უკვე მალე გავა ეთერში. ვგეგმავთ სოციალურ ტოქშოუსაც.

გარდა ამისა, გადავწყვიტეთ, რომ ერთთვიანი კონტრაქტების პერიოდი დამთავრდა და მაუწყებელი გადავიდა ხანგრძლივვადიან კონტრაქტებზე. ეს საკითხი ასე თუ ისე დარეგულირდა.

იცით, რომ ჩვენთან იყო საგადასახადო სამსახურის ჯგუფი შემოსული, რომლებმაც დაამთავრეს მუშაობა და ველოდებით მათ დასკვნას. ამის გამო წინსვლა ფერხდება, რადგან ჩვენ გვიჭირს შემდგომი პერიოდის დაგეგმვა

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი გარკვეული ქმედებების განხორციელების უფლებას არ გაძლევთ?

ფორმალურად არა, მაგრამ რეალურად არის გარკვეული შეზღუდვა.  ჩემი, როგორც მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად შევინარჩუნო ის კურსი, რომელიც არსებობს, არ მივცე ორგანიზაციას ჩაძირვის საშუალება. სერიოზულ რეფორმებზე მოვალეობის შემსრულებელი ვერ იფიქრებს.

გენერალური დირექტორის პოსტზე კონკურსი რომ არ შეწყვეტილიყო, აპირებდით თქვენ მონაწილეობის მიღებას?

სიმართლე გითხრათ, არა. მანამდეც არ მქონია სურვილი. ჩვენ დავიწყეთ ერთად მუშაობა, როგორც გუნდმა და მე  ჩემი მოვალეობები, უფლებამოსილებები მქონდა, როგორც გენერალური დირექტორის მოადგილეს ადამიანური რესურსების დარგში.

თქვენ თქვით, რომ გიორგი ბარათაშვილის კურსს აგრძელებთ. შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ გიორგი ბარათაშვილის გუნდის წევრი იყავით?

მე ვიტყვი ასე, მე ვარ მაუწყებლის გუნდის წევრი, როგორც იყო გიორგი და ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც აქ მუშაობს. აქ არ არის გუნდურობაზე ლაპარაკი, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მენეჯერული და არა მიკერძოებული გადაწყვეტა. ეს გადაწყვეტილებები არის დამოკიდებული საღ აზრზე და გამოცდილებაზე და არა პოლიტიკურ, ან სხვა ტიპის გავლენაზე. 

თქვენ, როგორც მაუწყებლის თანამშრომელს, გქონდათ პრეტენზია, ან განსახვავებული ხედვა, რაშიც პრინციპულად არ ეთანხმებოდით  გიორგი ბარათაშვილს?

არა, არ მქონია. რაღაცეებზე ვიყავით შეთანხმებული, გარკვეულ საკითხებზე ჩემი აზრი მქონდა და იყო კამათიც, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

თქვენს ხელფასთან დაკავშირებით გაჩნდა შეკითხვები. როგორც ვიცით, მიმართეთ სამეურვეო საბჭოს ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით.  ჩვენ გამოვითხოვეთ თქვენი ხელფასის ოდენობა, თუმცა გვითხრეს, რომ საიდუმლოა. შეგიძლიათ თქვათ რამდენია თქვენი ხელფასი?

იმაზე მეტი ნამდვილად არ არის, რაც ჰქონდა გიორგი ბარათაშვილს. როგორც სასამართლო პროცესით გამოჩნდა, მე მიწევს მოვალეობის შესრულება უფრო მეტი ხნით, ვიდრე ეს შეიძლება გარდამავალ პერიოდში ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ როდესაც შენ ასრულებ მოვალეობას, შენი საზღაურიც უნდა იყოს შესაბამისი.

მე მქონდა და მაქვს მოადგილის ხელფასი. მოვითხოვე დანამატი, რაც  არ აღემატება გენერალური დირექტორის დღევანდელ სარგოს. ეს დანამატი ავტომატურად მოიხსნება, როგორც კი მე ამ მოვალეობას აღარ შევასრულებ და დაინიშნება ახალი გენერალური დირექტორი.

ხელფასის გასაჯაროების ვალდებულება მოვალეობის შემსრულებელს უჩნდება ამ პოზიციის დაკავებიდან 3 თვის შემდეგ. 4 ივნისის შემდგომ, გასაჯაროვდება ჩემი ხელფასიც. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

სახელფასო სარგოს საკითხიც უკვე დალაგებულია თვითონ მაუწყებელში. ჩვენ გუნდი, გიორგი ბარათაშვილის ხელმძღვანელობით ვცდილობდით, რომ სიტუაცია ამ მიმართულებით შეგვეცვალა. არის კიდევ ისეთი თემები, რომლის მოგვარებაც ბოლომდე ვერ მოვასწარით, მაგრამ იმედია, გავაკეთებთ.

რაც ამ მოვალეობას ასრულებთ, მოხდა თუ არა თქვენი ინიციატივით, თანამშრომელთა შემცირება?

შემცირება არ მომხდარა, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ მოვალეობის შემსრულებელმა ეს პოლიტიკა გაატაროს, რადგან მტკივნეული თემაა და პასუხისმგებლობაც შესაბამისია. მე შევეცადე, რომ სტაბილურობის განცდა შემომეტანა მაუწყებელში. იცით, რაც ხდებოდა აქ, იყო ვნებათაღელვა, იყო არასამუშაო ატმოსფერო. თანამშრომლების დამატებას რაც შეეხება, რეამდენიმე დავიმატეთ. აუცილებელობიდან გამომდინარე. ვთვლი, რომ ჩვენთან კიდევ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.

რას ფიქრობთ, მაუწყებელში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება  რა უნდა იყოს?

არსებობს სამეურვეო საბჭოს პრიორიტეტები, რომელიც უნდა შესრულდეს. ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ მარკეტინგული კვლევა, გამოვიკვლიოთ მომხმარებლის ქცევა. ჩვენი ტელევიზია ასე თუ ისე, კონკურენტუნარიანად უნდა ვაქციოთ, არა სხვა ტელევიზიებთან შედარებით, არამედ სწორედ მაუწყებლის პრინციპებიდან გამომდინარე. არის საკითხები, რომელიც უნდა გაშუქდეს, რომელიც შუქდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო. ამიტომ ვაპირებთ სერიოზულად მივუდგეთ მაუწყებლის განახლების საკითხს.  

არის გარკვეული ქმედებები რებრენდინგის მიმართულებით. ეს ყველაფერი იყო ჩადებული თავიდანვე, როცა დავიწყეთ რეორგანიზაცია. საბოლოო ჯამში ამ საკადრო და სტრუქტურულმა ოპტიმიზაციამ უნდა მოგვცეს უკეთესი სურათი.

რაც შეეხება ბიუჯეტს, რატომ დაიხარჯა ბიუჯეტის თითქმის ნახევარი 2013 წლის პირველ კვარტალში? ფიქრობთ, რომ დარჩენილი თანხა საკმარისი იქნება შემდგომი ფუნქციონირებისთვის?

დავფარეთ სესხი, რომელიც 2012 წელს ავიღეთ. მნიშვნელოვანი ნაწილი წავიდა სახელფასო ფონდში. თანხებში არ არის გადაჭარბება. გეთანხმებით, ეს სერიოზული გამოწვევაა, თუმცა ჩვენ ვეცდებით - დარჩენილი თანხა იყოს საკმარისი მაუწყებლის ფუნქციონირებისთვის.

ჩვენ ვაპირებთ გამოვაქვეყნოთ სია იმ კონტრაქტორების, რომლებიც, ჩვენთან ერთად მუშაობენ იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, სად მიდის თანხა. არცერთი თეთრი არ არის აღურიცხავი.  მთავარი პრობლემა, რაც მაუწყებელში იყო ისაა, თუ სად მიდის გადასახადის გადამხდელების თანხა, ამას ყველაფერს თქვენ  საიტზე იხილავთ.

თქვენ ახსენეთ ინგა გრიგოლიას გადაცემა, რომელიც ახლო პერიოდში უნდა გავიდეს ეთერში. არ ფიქრობთ, რომ მას ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება ჰქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ის წყალმომარაგების პრესსამსახურის უფროსია?  

არა, არა მგონია. რადგან კოდექსის მიხედვით, ადამიანი არ უნდა მუშაობდეს ორ მაუწყებელში. აქედან გამომდინარე, წყალმომარაგების კომპანია არ არის მაუწყებელი და შესაბამისად ინგას ეს პრობლემა არ ექნება. ყოველშემთხვევაში, ჩვენ ასეთი დასკვნა გვაქვს იურიდიული სამსახურიდან.

რა თანხა დაიხარჯება ამ გადაცემაზე?

ჯერ ვერ გეტყვით, დეკორაციებზე ტენდერი ახლა არის გამოცხადებული. ჩვენ შემდეგი კვარტალური ანგარიშისთვის სრული სურათი გვექნება.

თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის პოზიციაზე რას ფიქრობთ,  ისინი უნდობლობას უცხადებენ სამეურვეო საბჭოს?

ყველა ადამიანს აქვს უფლება დასვას კითხვა და მიიღოს პასუხი. ეს არის მათი უფლება და ვერანაირად ვერ ჩავერევი ამ პროცესში. მაგრამ აუცილებელია დავიცვათ ჩვენი მაუწყებლის ეთიკის კოდექსი. აქედან გამომდინარე, თუკი მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს ნორმებისა და კანონის დაცვით, მათ აქვთ უფლება გამოთქვან მოსაზრება.

თქვენ ფიქრობთ, ეს პროცესი მიმდინარეობს ნორმების დაცვით?

მე ვერ დავიწყებ ამაზე მსჯელობას. შეიძლება გარკვეული პერიოდით იყო გადაცდენები, თუმცა  თუ რაღაც  სერიოზული იქნებოდა, მე გარკვეულ ზომებს მივართავდი.

ამჟამად საინფორმაციო სამსახურს ვინ ხელმძღვანელობს?

საინფორმაციო სამსახურს ჯერჯერობით ჰყავს მოვალეობის შემსრულებელი. მაკა გაფრინდაშვილი. სტრუქტურის შეცვლამდე არსებობდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტი , რომლის ხელმძრვანელიც იყო ხათუნა ბერძენიშვილი. ის გაუქმდა და მის ნაცვლად შეიქმნა საინფორმაციო სამსახური, რომელიც დაექვემდებარა დირექტორის მოადგილეს მაუწყებლობის დარგში, ამ პოზიციას დღეს გოგა ჩართოლანი იკავებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test