შემოგვიერთდი

25.03.2013 11:53

„გაქვს უფლება, იცოდე!“ - გაზეთ „ბათუმელების“ ისტორია

ნატა ძველიშვილი გელა ბოჩიკაშვილი
ახლო ხედით

გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორს ეთერ თურაძეს ბათუმის „პრეს კაფეში“ გამართული დისკუსიის შემდეგ გაზეთის რედაქციაში მივყავართ. მან „პრესკაფეში“არჩევნების შემდეგ შეცვლილ მედია გარემოზე ისაუბრა. გზაზე იგივე თემზე ვმსჯელობთ. ყველა შეფასებისას მისი გამოცდილება ჩანს. რედაქციის შესასვლელშივე ქაღალდის სუნს ვგრძნობ, იქვე მთელი შეკვრა გაზეთები აწყვია და ვხვდები, რომ ეს მშვიდი სახლი „ბათუმელების“ რედაქციაა.

„არ ვიყავით ჩვენ ჟურნალსიტები, ჟურნალისტებად გარემომ გვაქცია“, - იწყებს 2001 წლის  და „ბათუმელების“ დაარსების ისტორიის გახსენებას ეთერ თურაძე. ეს ის დროა, აჭარას ასლან აბაშიძის მთავრობა რომ მართავს და განსხვავებულ აზრს არც ისე ლოიალურად იღებენ.

„ჩვენ გვქონდა პროტესტი იმ რეჟიმის მიმართ, მერე გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა. გამოვიდა, რომ გაზეთის გამოცემა თავიდანვე ასეთ  ბრძოლად ჩაითვალა. ვინაიდან, ძალიან უწყინარ სტატიებზე  არაადეკვატური რეაქციები იყო, ფიზიკური შეურაცხყოფები და ა შ.“, - ამბობს ეთერ თურაძე.

გაზეთის სლოგანი უცვლელი დარჩა - შენ გაქვს უფლება, იცოდე! „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ადამიანები უნდა იყვნენ ინფორმირებული და თვითონ გადაწყვეტენ, როგორ დაგეგმონ ცხოვრება. 2001 წლის შემდეგ „ბათუმელები“ მკითხველის ინფორმირებას ცდილობს.

გაზეთი ყოველკვირეულია, შესაბამისად, კვირის აქტუალურ ამბებს აშუქებს. მიმდინარე ახალ ამბებს საიტის Batumelebi.ge-ს საშუალებით ავრცელებს. მმართველი დირექტორის ნანა კვაჭაძის თქმით, ცდილობენ, რომ აქცენტი ადამიანის უფლებებზე გააკეთონ - „მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველთვის ერთნაირად საინტერესო არ არის მკითხველისთვის, რადგან სკანდალური ამბები და ჭორები უფრო აინტერესებთ“, - ამატებს ნანა კვაჭაძე.

ვებ-გვერდისა და გაზეთისთვის ექვსი ადამიანი მუშაობს. კორესპონდენტი ჰყავთ მაღალმთიან აჭარაში, რომელიც ახალ ამბებს ერთდროულად სამი მუნიციპალიტეტედან - ქედადან, შუახევიდან და ხულოდან აწვდის. დანარჩენ მუნიციპალიეტეტბში ბათუმიდან ჩადიან და ისე ცდილობენ იქ მიმდინარე მოვლენების გაშუქებას.

 

„ბათუმელებმა“ ერთი პერიოდი გაზეთის კონტენტის შექმნაში მოქალაქეების ჩართვა მოინდომა. მკითხველებს საშუალებას აძლევდნენ მათთვის პრობლემური საკითხები გამოცემისთვის მიეწოდებინათ, რაზეც შემდეგ ჟურნალისტი მასალას ამზადებდა. ნანა კვაჭაძე ამბობს, რომ დაინტერესება იმხელა არ იყო, რასაც ელოდნენ.

„ამის მიზეზი შეიძლება ისიც არის, რომ რეგიოებში არ აქვთ ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა, რამდენადაც ქალაქში. ჩვენ გათვლა გვქონდა რეგიონებზე. ბევრი რამ ხდება  მუნიციპალიტეტებში, რაც არ შუქდება მედიით და ამიტომ. მოქალაქეებს ხშირად უჭირთ გაიგონ, რომ, ვთქვათ, რაც შენს ქუჩაზე ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს ნანა კვაჭაძე.

ის ფიქრობს, რომ  „ბათუმელები“ ბათუმელების ინტერესებს ასახავს. ცდილობენ სტატიები მხოლოდ აჭარაში მომხდარ ამბებზე არ მოამზადონ. ადგილობრივ ამბებს გაზეთის დაახლოებით 60 პროცენტი ეხება, დანარჩენი კი მთელ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

„არ გვინდა მხოლოდ ქალაქის, ან რეგიონის ამბებზე ვწეროთ, რადგან მის გარეთ საკმაოდ საინტერესო მოვლენები ხდება, რაც მკითხველებს უნდა მივაწოდოთ და ჩვენგან უნდა გაიგონ. ხშირად ისეც ხდება ხოლმე, „ბათუმელების“ ინფორმაციაა პირველწყარო სხვა მედიასაშუალებებისთვის“, - ამბობს ნანა კვაჭაძე და ამის დასტურად რამდენიმე შემთხვევას იხსენებს. მაგალითად „ტელეარხი 25“ -ის (ბათუმი) ამბავს, როცა „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, რომ ტელეკომპანია დიდი ხნის გაყიდული ყოფილა, მფლობელები კი ამ ამბავს მალავდნენ. ან კიდევ ის მასალა - „16 წლის გოგონას საქორწილო ღამე პოლიციაში“. თითქმის ყველა ტიპის მედია დაინტერესდა ამ თემით მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა“ დაბეჭდა.

 

გაზეთში დაბეჭდილ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამბები Netgazeti.ge-ზეც ქვეყნდება, რომელიც შპს „გაზეთი ბათუმელების“ მფლობელობაშია, ისევე როგორც გაზეთი „ბათუმელები“.

ნანა კვაჭაძე ფიქრობს რომ გაზეთის სანდოობა ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაზრდილია, რაც უმთავრესად მათმა მთავარმა პრინციპმა განაპირობა - ყველა ინფორმაცია გადამოწმებული და სანდო უნდა იყოს.

„ამიტომ საჯარო ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დოკუმენტების გარეშე მნიშვნელოვანი სტატიის მომზადება ვერც წარმოგვიდგენია. სულ პრობლემები გვქონდა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. არჩევნების შემდეგ მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა“, - აღნიშნავს მმართველი დირექტორი, რომელიც ამბობს, რომ  გამოცემითვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მთავრობაში. „ბათუმელები“ მხარე არასდროს ყოფილა, ამიტომ არჩევნების შემდეგაც ისეთივე დარჩა, როგორიც აქამდე იყო“, - დასძენს ის.

„ბათუმელების“ ძირითადი შემოსავალი დონორის IREX-ის მიერ გამოყოფილი გრანტია. ეთერ თურაძის თქმით, ეს თანხა გაზეთის საერთო შემოსავლის დაახლოებით 70 პროცენტია, დანარჩენი 30 პროცენტი გაყიდვებზე, რეკლამასა და ხელმომწერებზე მოდის.

„თუმცა სარეკლამო შემოსავლები არ არის ბიზნესრეკლამა. ეს არის ისეთი შემოსავალი, როდესაც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები იხდიან თანხას, რომ თავიანთი ინფორმაცია გამოაქვეყნონ“, - აღნიშნავს ეთერ თურაძე. მისი თქმით, ყველაზე დაბალი წილი , 3-7 პროცენტი მათ შემოსავლებში ბიზნესრეკლამას უკავია.

„2008 წლმადე ერთი წელი არანაირი გრანტი არ გვქონდა და იმ დროს 30 პროცენტი ჩვენი შემოსავლები იყო რეკლამა და თვითდაფინანსებაზე ვიყავით. მგონია, რომ თანდათან ისევ უნდა გაჩნდეს რეკლამა“, - ამბობს მთავარი რედაქტორი.

„ბათუმელებს“ ამჟამად ახალი პროექტი აქვს - გამოცემამ მედია სკოლა ჩამოაყალიბა, სადაც 24 მოსწავლე ჟურნალისტობას სწავლობს. ეთერ თურაძე ფიქრობს, რომ ეს თაობა გამოასწორებს იმ ნაკლოვანებებს, რაც დღეს ქართულ მედიას ცოდნის თვალსაზრისით აქვს.

გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2009 წელს ნორვეგიის "გამოხატვის თავისუფლების ფონდისა" (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ "ცაიტის" (ZEIT Foundation) მიერ დაწესებული პრესის პრიზი მიიღო. ამ პრიზით ყოველწლიურად აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის იმ გაზეთებს, ინტერნეტგამოცემებსა და ჟურნალისტებს გადასცემენ, რომლებიც რეპრესიებისა და ფინანსური სიძნელეების პირობებში დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ, არ ემორჩილებიან ცენზურას და არა აქვთ თვითცენზურა.

 

იპოვეთ გაზეთი "ბათუმელები" Media.Ge-ს "მედია ატლასზე" - http://map.media.ge/content/gazethi-bathumelebi

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test