შემოგვიერთდი

25.04.2013 12:10

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი: „მე-9 არხისთვის“ გრანტი არ მიგვიცია

მედია მედიის შესახებ

"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ხელმძღვანელობა განმარტავს, რომ ტელეკომპანია "მე-9 არხისთვის", რომელიც პრემიერ ივანიშვილის მეუღლის - ეკატერინა ხვედელიძის საკუთრებაშია, საგრანტო დაფინანსება არ მიუციათ. ფონდის დირექტორი ქეთევან ვაშაკიძე "ნეტგაზეთთან" საუბარში განმარტავს, რომ ფონდმა ამ ტელევიზიასთან გააფორმა კონტრაქტი კონკრეტულ მომსახურებაზე და კონტრაქტის ღირებულება 16 500 ლარია.

"ნეტგაზეთმა",  ისევე როგორც Media.GE-მ,  ტელეკომპანია მე-9 არხის წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია ტელეკომპანია მე-9 არხის მიერ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისგან  დაფინანსების მიღების შესახებ.

ქეთევან ვაშაკიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, ინფორმაცია, თითქოს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი მე-9 არხს გრანტს აძლევს, „სრულიად არასწორია.“  

„ეს არის კონტრაქტი. ამ ტელეკომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა და არა საგრანტო კონკურსში. სრულიად განსხვავებულია თავისი ხასიათით გრანტი და სატენდერო კონკურსი. გრანტი ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს ან როდესაც არის რაღაც პროექტი არის, რომლითაც უშუალოდ პარტნიორად იყენებ ორგანიზაციას რომელიღაცა ჩვენს მიერ დასახული სოციალური მიზნის განსახორციელებლად.

ამ შემთხვევაში არის სერვის კონტრაქტი და სერვის კონტრაქტი არის, რომ მოგვემსახუროს ისევ და ისევ იმ მიზნების განხორციელებისთვის, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით," - თქვა ვაშაკიძემ.

მისივე განმარტებით, ტენდერში მონაწილეობა მათ ხუთ ტელევიზიას - "საზოგადოებრივ მაუწყებელს", "რუსთავი 2"-ს, "იმედს", "მაესტროსა" და "მეცხრე არხს" შეთავაზეს, თუმცა ტენდერში მხოლოდ პრემიერის მეუღლის ტელევიზიამ მიიღო მონაწილეობა.

"ეს ხუთი ტელევიზია ჩვენს მიერ იყო არჩეული მრავალი გამოკვლევების საფუძველზე, მათ შორის იმ გამოკვლევებისა, რომელსაც ჩვენ ვენდობით და ჩვენ თვითონ ვატარებთ, რომ ესენი გახლავთ ყველაზე მეტად ყურებადი ტელევიზიები. ორი ტელევიზია დაგვიკავშირდა, რომელთანაც გვაქვს კონტრაქტი: "მაესტროსთან" გვაქვს იგივე ტიპის კონტრაქტი, ოღონდ იქ არის მართლმსაჯულების საკითხების გაშუქება და იგივე ტიპის კონტრაქტი გვქონდა "რუსთავი 2"-თან და მიდიოდა გადაცემა "შუადღეში" ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრები. ერთმა გამოთქვა, რომ ეს თანხა მათთვის არ არის საკმარისი, რომ უზრუნველყონ ხარისხიანი გადაცემა, მეორემ თქვა, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესშია და ამიტომ ამ ეტაპზე თავი შეიკავეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ", - განმარტა ვაშაკიძემ.

ტელეკომპანია "მე-9 არხის" განვითარების მენეჯერის მიერ მომზადებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ იმ დაფინანსებით, რომელიც ტელევიზიამ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად მოიპოვა, “მეცხრე არხის” ტოქშოუები “მთავარი კითხვა” და “დიდი დრო” სხვა საკითხებთან ერთად 2013 წლის ბოლომდე საზოგადოების ევროინტეგრაციასთან მიმართებაში ინფორმირებულობის გაზრდას შეუწყობს ხელს."

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test