შემოგვიერთდი

24.04.2013 12:55

შესწორება! “მეცხრე არხმა” დაფინანსება მოიპოვა

მედია მედიის შესახებ

წინამდებარე ინფორმაციაში, სათაურშიც და ტექსტშიც ეწერა,  რომ  “მეცხრე არხმა”  "საგრანტო  დაფინანსება მოიპოვა," ამასთან, მითითებული იყო, რომ ტელეკომპანია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისგან მიღებული გრანტის მოცულობას ასახელებს. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პრესრელიზში კი ნათქვამია, რომ მე-9 არხის საგრანტო დაფინანსების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

ფონდი ოფიციალურად განმარტავს, რომ  ტელეკომპანია "მე-9 არხმა" მონაწილეობა მიიღო ფონდის მიერ 2013 წლის მარტში გამართულ ტენდერში (სატენდერო თანხა 17,000 ლარი), რომლის მიზანი იყო ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება ტელევიზიების თოქ-შოუების მეშვეობით.

ამავე ინფორმაციით, "მე-9 არხთან" ერთად,  ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია "იმედი", სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", სტუდია "მაესტრო" . ეს კომპანიები შეირჩა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის გამოკითხვებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ ტელევიზიებით იღებს ახალ ამბებს. ტენდერის შედეგად, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ტელეკომპანია მე-9 არხს გაუფორმა სერვის კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს 10 ტელეგადაცემის მომზადება თოქ-შოუების „მთავარი კითხვა“ და „დიდი დრო“ ფარგლებში. 

როგორც ფონდის პრესრელიზშია ნათქვამი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს სერვის კონტრაქტები არაერთხელ გაუფორმებია სხვადასხვა მედიასაშუალებასთან. 

 “მეცხრე არხის”  ტოქშოუები “მთავარი კითხვა” და “დიდი დრო” სხვა საკითხებთან ერთად 2013 წლის ბოლომდე საზოგადოების ევროინტეგრაციასთან მიმართებაში ინფორმირებულობის გაზრდას შეუწყობს ხელს. 

ტელეკომპანიის განვითარების მენეჯერმა რამაზ სამხარაძემ Media.Ge-ს უთხრა, რომ   ტელედისკუსიებში აქცენტები გაკეთდება ისეთ თემებზე, როგორიცაა: საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ტემპები, რა შენიშვნები აქვს საქართველოს მთავრობასთან სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპონენტებს ან ევროკავშირს? აქვს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სხვა.

სამხარაძის თქმით,  პროექტის განხორციელება  „მალე, ახალი სტუდიებიდან დაიწყება.“  

„ტელეკომპანიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ, “მეცხრე არხი” უახლესი ტექნიკური ბაზით,  მალე გაეშვება ახალი სტუდიდან, იცვლება მაუწყებლობის ფორმატი, დინამიკა და დაფარვის არეალი“, თქვა რამაზ სამხარაძემ.

"მე-9 არხი" პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კომპანიას ეკუთვნის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test