შემოგვიერთდი

29.04.2013 13:54

მომავალი კვირიდან იმ ადამიანებს ვამხელ, ვინც დაუმსახურებლად მაფურთხებდა, - ირმა ინაშვილი

თამარ ფარადაშვილი
ინტერვიუ
ირმა ინაშვილი (photo: )

ირმა ინაშვილი

27 აპრილს ღამის ეთერში მედიაკავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა მედიაკავშირის გამგეობას “ობიექტივის” დახურვის თხოვნით მიმართა. გამგეობამ ინაშვილის მოთხოვნა გაითვალისწინა და იმ ღამითვე შეაჩერა მაუწყებლობა. 28 აპრილს კი, გამგეობის სხდომამ მაუწყებლობის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო და რეორგანიზაცია დაიწყო. გამგეობის განცხადებით „ობიექტივს“ ეყოლება  ახალი მენეჯმენტი, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება გადაცემების ფორმატი და წამყვანთა უმეტესობა, ასევე მომზადდება ახალი სატელევიზიო ბადე. „ობიექტივი” მომავალშიც დაიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპს და შეიმუშავებს სატელეფონო ზარების მიღების ახალ ფორმას“.  თავად ირმა ინაშვილმა კი, „ობიექტივის“ ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.

რატომ მოითხოვა მან  „ობიექტივის“ დახურვა, არხზე დაწყებული რეორგანიზაციის დროს კი, რატომ დატოვა თანამდებობა და სად გააგრძელებს მოღვაწეობას? - ამ და სხვა კითხვებზე Media.Ge-ს ირმა ინაშვილი პასუხობს.

ქალბატონო ირმა, რატომ მიიჩნიეთ, რომ „მედიაკავშირი ობიექტივი“ უნდა დახურულიყო?

ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ბოროტად დაიწყო იმ მოდელის გამოყენება, რომელიც მე, როგორც ხელმძღვანელმა, შევთავაზე „ობიექტივს“.  ეს მოდელი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი, ინტერაქტიული ტელევიზია, სადაც არცერთი ზარი, სტუმარი არ იბლოკებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წამომაძახებდა ხოლმე პოლიტიკასთან გაქვს კავშირიო, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, როცა მან მესამე პოლიტიკურ ძალასთან მიმართებაში მომიხსენია. ვინც „ობიექტივს“ უყურებდა, ყველა ხედავდა, რომ  ეთერში თითქმის ყველა პოლიტიკოსი იყო წარმოდგენილი და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში  ვაკვირდებოდი „ობიექტივის“ ეთერს და შევამჩნიე, რომ ამ თავისუფალი ეთერის გამოყენება ბოროტად ხდებოდა. სხვადასხვა პოლიტიკური ძალების დაკვეთით,  ეთერს მიღმა  ორგანიზებული ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ეთერში რეკავდნენ და ოპონენტების დისკრედიტაციას  ეწეოდნენ.  ვინაიდან ჩვენთან არ იბლოკება ზარები,  ეს ახალ პრობლემას ბადებდა - იყო ბევრი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო.  ვნახე რომ, მაუწყებლის იმ მოდელს, რომელსაც ჩემს წარმოდგენაში ვხედავადი თან მოჰყვა ასეთი პრობლემა. მეკითხებიან უკავშირდება თუ არა ჩემი გადაწყვეტილება არჩევნებს - უკავშირდება, მაგრამ - არა პირდაპირ. ეს უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს, იმ ორგანიზებულ ზარებს, რომლებიც ჩვენს ეთერში არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ძალიან გააქტიურდა.  

აგრეთვე ვფიქრობდი, რომ უნდა შეცვლილიყო არხის კონცეფცია - ბევრი წამყვანისთვის ღია იყო „ობიექტივის“ კარი, იყვნენ ადამიანის უფლებების დამცველები, ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უძღვებოდნენ ეთერს, ბევრი მათგანის კვალიფიკაცია არ იყო შესაბამისი სატელევიზიო მოთხოვნებთან, ესეც ექნებათ გამოსასწორებელი ჩემს კოლეგებს. უნდა დაიხვეწოს არხის კონცეფცია და სტილი,  შეირჩნენ ის წამყვანები, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაცია აქვთ.

რატომ მიიღეთ „ობიექტივის“ დახურვის და არა რეორგანიზაციის განხორციელების გადაწყვეტილება?

გამგეობას მივმართე „ობიექტივის“ დახურვის  მოთხოვნით და დაიხურა კიდეც. მნიშვნელოვანი იყო ეს პაუზა, რომ საზოგადოება დაფიქრებულიყო,  რამდენად მზად იყო მიეღო თავისუფალი ტელევიზიის მოდელი. ხომ ხშირად ადანაშაულებენ ტელევიზიებს არ ხართ თავისუფლები, ვიბლოკებით თქვენს ეთერშიო, აი, გქონდათ თავისუფალი ეთერი, როგორ გამოიყენეთ ის? ეს გუნდი იფიქრებს ზარების ეთერში შეყვანის ფორმებზეც, როგორ შევინარჩუნოთ ინტერაქტიული ფორმა, რომ სრულიად დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, გინება და ლანძღვა გამოირიცხოს.

ისე, ეთერის გარეთაც ბოლო 6 თვის განმავლობაში იმდენი ფურთხი და შეურაცცყოფა მივიღე, რომ უმადურობის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება.

რატომ გადაწყვიტა გამგეობამ რომ არხმა მაინც უნდა განაგრძოს ფუნქციონირება?

ძალიან ბევრი მაყურებელი გვირეკავს, უამრავი ადამიანი მოდის, ვალდებული ვართ, რომ საზოგადოების ინტერესი დავაკმაყოფილოთ და გავითვალისწინოთ. ამიტომ  მაუწყებლობა  არ გაჩერდება.

რატომ დატოვეთ „ობიეტივის“ ხელმძღვანელის თანამდებობა?

ჩემი გადადგომით მინდოდა მაგალითი მეჩვენებინა, რომ როცა ხედავ რაიმე პრობლემას, უნდა დატოვო ხელმძღვანელის თანამდებობა. პრობლემას ჩემს თავთან დაკავშირებითც ვხედავდი, რადგან ეს უქმნიდა პრობლემას  „ობიექტივს“, იყო საუბრები, რომ  ხელმძღვანელი არის პოლიტიკაში, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. ეს საბოლოოდ სისულელეა, რადგან ყველა არხი  პირდაპირ, თუ ირიბად პარტიულია, თუმცა იმ არხებზე, ჩემგან განსხვავებით, პოლიტიკურ ოპონენტებს არასოდეს იწვევდნენ. არის აგრეთვე მომენტი, როცა იღლები და გინდა რაიმე  ახალის გაკეთება. ვუტოვებ ჩემს ადგილს ახალ ადამიანებს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე,  გამგეობამ დააკმაყოფილა ჩემი წინდადება რომ დავტოვო ხელმძღვანელის თანამდებობა. აგრეთვე გამგეობამ მიიჩნია, „ობიექტივს“ მისი მოდელიდან გამომდინარე მრავალრიცხოვანი  აუდიტორია ყავს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გააგრძელონ ახალ ფორმატში მაუწყებლობა, რაც დაახლოებით ერთი კვირის ფარგლებში მოხდება.

თქვენ სად გააგრძელებთ მოღვაწეობას? ხომ არ აპირებთ პოლიტიკაში წასვლას?

„ობიექტივში“ არ ვრჩები, თუ კონსულტაციები დაჭირდებათ, გავუწევ, თუმცა ეს ისეთი ძლიერი გუნდია, არ დაჭირდება. ვფიქრობ, ახლა თავისუფალი ჟურნალისტის სტატუსი უფრო დამეხმარება,  რომ არცერთ ორგანიზაციაზე არ ვიყო მიბმული, მით უმეტეს, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე არ შემიძლია კომპრომისზე წასვლა და ანგარიშის გაწევა.  „ობიექტივის“ გამო მეც ხშირად ვჩუმდებოდი და მივდიოდი კომპრომისზე. აღარ მინდა. ჩემი პირველი ანონსია, რომ მომავალ კვირიდან ყველა იმ ადამიანის მხილების დავიწყებ, ვინც დაუმსახურებლად მაფურთხებდა, თუნდაც ციხის კადრების გავრცელების გამო. პოლიტიკაში წასვლას გამოვრიცხავ. ახლა ასე ვფიქრობ, და არ მგონია მომავალშიც ასე გავგიჟდე და ეს ვიფიქრო.  

ვინ არის „ობიექტივის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელი?

გამგეობა, მომავალში იმსჯელებენ და ერთ კონკრეტულ კანდიდატურაზე ჩამოყალიბდებიან ალბათ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test