შემოგვიერთდი

24.05.2013 12:14

გამოწვევები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ციფრულ მაუწყებლობაზე (დიგიტალიზაცია) გადასვლის შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებზე 22 მაისს „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ორგანზებულ საერთოაშორისო კონფერენციაზე „ციფრული მედიის რუკა“ იმსჯელეს.

ყაზახეთის წარმომადგენლის ფრედერიკ ემრიჩის (Frederik Emrich) განცხადებით, მის ქვეყანაში დიგიტალიზაციის პროცესში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ის იყო, რომ ტელეკომპანიების უმრავლესობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. „ჯერ კიდევ გაურკვეველია რომელი მაუწყებელი არის მთავრობის მიერ დაფინანსებული და რომელი არა. ერთი ტელეკომპანია, მაგალითად, ნაწილობრივ ყაზახეთის, ნაწილობრივ კი რუსეთის საკუთრებაშია“, - აღნიშნა ემრიჩმა.

მისი განცხადებით, პროცესის სწორად წარმართვისას ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა შექმნა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს არ არსებობამ, რომელიც დაიცავდა მედიის თავისუფლებასა და  პლურალიზმს. „ჩვენთან დიგიტალიზაცია დროში გაიწელა, მხოლოდ 2014 წლისთვის იქნება შესაძლებელი, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი იყოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასული“, - თქვა ყაზახეთის წარმომადგენელმა.

ლიტვას კი 9 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასულიყო, არტურას რაკას (Arturas Racas), რომელიც სწორედ ამ ქვეყანას წარმოადგენდა, განაცხადა, რომ დიგიტალიზაციის სტრატეგია 2003 წელს უკვე მიღებული და დამტკიცებული იყო, თუმცა ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე სრულად მხოლოდ 2012 წლის ოქტომბერში გადავიდა. ერთი მულტიპლექსი სახელმწიფო ტელეცენტრის საკუთრებაშია, მეორის მფლობელი კი კერძო კომპანია გახდა.

არტურას რასას თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მთავარმა ტელეკომპანიებმა მაყურებელი დაკარგეს, ვინაიდან დიგიტალიზაციამ სხვა არხების აუდიტორიის გაფართოებას შეუწყო ხელი.

ციფრული მაუწყებლობის გამოწვევები

გარდა ამისა, ლიტველი სტუმრის თქმით, ტელეკომპანიებმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მთავარი უპირატესობა - მაუწყებლობის დაბალი ტარიფი, ვერ მიიღეს, რადგან კონკურენცია სათანადოდ არ განვითარდა და ერთმა ოპერატორმა მაღალი გადასახადი დააწესა. ამიტომაც ლიტველმა სტუმარმა ხაზი გაუსვა კონკურენციის მნიშვნელობას და ქართველ კოლეგებს ამ კუთხით აქტიური მუშაობა ურჩია.

კონკურენციაზე გაამახვილა ყურადღება რიტა რუდუსამ (Rita Rudusa) ფონდი „ღია საზოგადოების“ წარმომადგენელმა და თქვა, რომ საქართველოს ცოტა დრო რჩება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად, 2015 წლის ივნისში ბოლო ვადაა, ამიტომ სულ უფრო მცირდება იმის შანსი, რომ კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო შეიქმნას ამ სფეროში.

„დროის სიმცირის გამო, კერძო კომპანიები ვერ მოახერხებენ ქსელის აგებას და იქმნება საშიშროება, რომ სახელმწიფო გახდება მულტიპლექს ოპერატორი. კონკურენციისთვის ადგილი აღარ დარჩება“, - აღნიშნა რიტა რუდუსამ.

საქართველოს, რომელსაც მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მხოლოდ 2 წელი დარჩა,  სახელმწიფო სტრატეგიაც არ შეუქმნია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელსაც პროცესის წარმართვა ევალება, საკუთარი სტრატეგია და ხედვა შესთავაზა სამოქალაქო სექტორმა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების“ (IDFI) ინსტიტუტმა დოკუმენტი 21 მაისს გამოაქვეყნა.  ამ კვლევის შესახებ ინფორმაცია კონფერენციის მონაწილეებს IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მოკლედ მიაწოდა. მის საპასუხოდ კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ჯემალ ვაშაკიძემ განაცხადა, რომ სამინისტროს პროცესი რომ არ  დაეწყო, არასამთავრობო სექტორი ამ კვლევას ვერ მოამზადებდა. როგორც სხვა შეხვედრებზე, აქაც  გაიმეორა ,,რომ საქართველოს შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს, ამ პერიოდის განმავლობაში უცხოურ გამოცდილებას სწავლობდნენ იმისათვის, რომ ქვეყანას იგივე შეცდომები არ გაემეორებინა.

„მართალია დრო ცოტაა, მაგრამ ყველაფერს მოვასწრებთ ისე, რომ ყველას ინტერესი იყოს გათვალისწინებული“, - აღნიშნა ჯემალ ვაშაკიძემ.

საქართველო ახლა ანალოგურად მაუწყებლობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა  საერთაშორისო ვალდებულებაა. ITU-მ ევროპის ქვეყნებს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განუსაზღვრა. 2006 წელს სხვა ქვეყნებათან ერთად ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test