შემოგვიერთდი

05.06.2013 16:48

გაზეთი „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის

მედია მედიის შესახებ

გაზეთი „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის- ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

მასალაში ნათქვამია, რომ 16 აპრილს შს სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თანამშრომელსა და აჭარის პოლიციის უფროსს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. კერძოდ, რა საპროცესო მოქმედება ჩაატარეს სამართალდამცავებმა ვიდეოთვალის ჩანაწერის ამოღების მიზნით 28 მარტს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც საიას თანამშრომელი და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მონაწილეობდნენ?

 „ბათუმელებს“ ასევე აინტერესებდა, ნამდვილად დააჯარიმა თუ არა საპატრულო პოლიციამ ვალერიან თელია იმის გამო, რომ 28 მარტის ინციდენტის დროს ის ავტომანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა. აჭარის პოლიციის უფროსს მართვის მოწმობა რომ არ ჰქონდა, ინციდენტიდან რამდენიმე დღეში აღმოაჩინეს ჟურნალისტებმა. შს სამინისტრომ მხოლოდ ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ განაცხადა, რომ თელია ამისათვის დააჯარიმეს. გარდა ამისა, „ბათუმელებს“ აინტერესებდა საჯარიმო თანხის ოდენობა“ ნათქვამია მასალაში და აღნიშნულია, რომ  

დასმულ კითხვებს შორის იყო ისეთიც,  , რაზეც პასუხის გაცემა შს სამინისტროს პრესსამსახურში კონფიდენციალურად მიაჩნიათ. ასეთი კითხვებია:   ვინ არის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი აჭარაში? ვინ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი აჭარაში?

„ბათუმელები“ მიიჩნევს, რომ  შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ ბიუროში არათუ დაარღვიეს კანონით დადგენილი ვადები, ანუ 10 დღის ვადაში არ მოაწოდეს „ბათუმელებს“ ამომწურავი ინფორმაცია, არამედ საერთოდ უპასუხოდ დატოვეს წერილი.

„შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი ვერ დაგვეხმარებიან, რადგან ინფორმაციის მოწოდება ევალება საჯარო ინფორმაციის ბიუროს. პრესცენტრში ამბობენ, რომ ვერც ამ ბიუროს ოფიციალურ ტელეფონს მოგვაწვდიან. ტელეფონზე კი, რომლის ნომერიც  - 241 84 22, შს სამინისტროს კანცელარიაში მოგვაწოდეს, როგორც საჯარო ინფორმაციის ბიუროს ნომერი, კვირების განმავლობაში არ პასუხობენ“- აღნიშნულია მასალაში.

„ბათუმელების“ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test