შემოგვიერთდი

10.06.2013 14:43

"არხების გადახვევა-დაპაუზების უფლება კანონიერად მოვიპოვეთ", - სილქნეტის კომერციული დირექტორი

ნატა ძველიშვილი
ინტერვიუ

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 11 ივლისს „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ „მაგთის“ საჩივარს განიხილავს. „მაგთი“ ითხოვს, რომ ამ კომპანიებს სამაუწყებლო პროგრამების გადახვევისა და დაპაუზების სერვისის მიწოდება აეკრძალოთ. რა პასუხი აქვს „სილქნეტს“ „მაგთის“ ბრალდებებზე, რა ტიპის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული მაუწყებლებთან და რა გამოსავალს ხედავენ შექმნილი მდგომარეობიდან, ამ თემაზე Media.Ge „სილქნეტის“ კომერციულ დირექტორს, ბაჩო ჩინჩალაძეს ესაუბრა:

ბაჩო ჩინჩალაძე

- „მაგთი“ მიიჩნევს, რომ „სილქნეტი“ მომხმარებლისთვის გადახვევა - დაპაუზების სერვისის მიწოდებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების“ შესახებ კანონს არღვევს, რადგან თავად მაუწყებელს აქვს უფლება გადაცემა ისე გაუშვას, რომ ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას, გადახვევის ფუნქციით კი თავად მაყურებელი ირჩევს რა დროს უყუროს გადაცემას. რას უპასუხებთ „მაგთის“ ამ ბრალდებაზე?

- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ყველა არხთან გვაქვს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები, რაც მომხმარებლისთვის გადახვევის ფუნქციის მიწოდების უფლებას გვაძლევს.

გარდა ამისა,  ეს კანონი დაიწერა მაშინ, როდესაც IPTV ქვეყანაში არ არსებობდა. შესაბამისად, ბევრი რამ ბუნდოვანია და კონკრეტულად არ არის გაწერილი რა უფლებები უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ მომხმარებელმა IPTV-ს ყველა ფუნქციით შეძლოს სარგებლობა. ჩვენ დავეყრდენით საერთაშორისო პრაქტიკას და ხელშეკრულებები ისე გავაფორმეთ.

- არხებთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებულია რაიმე პირობა, რაც სამაუწყებლო ბადის გადახვევის უფლებას გაძლევთ?

- მაუწყებლებთან არის ორგვარი შეთანხმება. ერთი, როდესაც თავად კონტრაქტში დევს ეს უფლება. მეორე სახის შეთანხმებისას კი დამატებით ოფიციალური დოკუმენტებითა და წერილებით გვაქვს ეს უფლება მონიჭებული.

რა არხებიც არის ჩვენს პაკეტში, ყველას გადახვევა მხოლოდ იმიტომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ტელეკომპანიებთან ამგვარი უფლება ვერ მივიღეთ, ასეთი დაახლოებით 15 პროცენტია.

- „მაგთი“ საჩივარში უთითებს, რომ მათ გამოითხოვეს კომისიიდან „სილქნეტსა“ და  მაუწყებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც ჩანს, რომ გადახვევისა და დაპაუზების სერვისის მიწოდების უფლება აღებული არ გაქვთ

- ჩვენ ვართ ის კომპანია, რომელმაც ეს ხელშეკრულება გავაფორმეთ და ოფიციალურად ავიღეთ ეს უფლება. „მაგთიმ“ რა დოკუმენტები გამოითხოვა, არ ვიცი.

- სპორტული მატჩების ან სხვა ღონისძიებების ტრანსლირებისას, როდესაც მაუწყებლები დიდ თანხას იხდიან მათი ჩვენებისას, რამდენად სამართლიანია, რომ მომხმარებელს შემდეგ მისი გადახვევა შეუძლია?

- აქ სამართლიანობაზე არ არის საქმე. ჩვენ არ გვედავება მეორე მხარე, ანუ მაუწყებელი. დღეს გვედავება ვიღაც მესამე მხარე, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იყოს ამ ბაზარზე, მაგრამ ტექნოლოგიურად არ აქვს იგივე მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

თუ მაუწყებელი ყიდულობს რაღაც უფლებებს და ჩვენ გადახვევით მათ ვარღვევთ, სწორედ ტელეკომპენიებს უნდა ჰქონდეთ პრეტენზია. ისინი უნდა გვიჩიოდნენ,  თუ ხელს ვუშლით.

- მსგავსი პრეტენზია ტელევიზიებს თქვენთან არ ჰქონიათ?

-არა არავის. როდესაც მაუწყებელი ვთქვათ, მატჩის ჩვენების უფლებას ყიდულობს, იმასთან აქვს შეთანხმებული რომ IPTV-თაც გადაიცემა და გადახვევა შესაძლებელი იქნება.

ჩვენი მთავრი მიზანია, რომ კანონის ჩარჩოებიდან არ გავიდეთ. როდესაც ტელევიზია გავხსენით, ყველა მაუწყებელთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და საკმაოდ დიდი თანხის გადახდა დავიწყეთ ტრანსლირების უფლების მიღებაში. ჩვენ ვიყავით ერთერთი ინიციატორები, რომ ლეგალური გზით მიგვეწოდებინა არხები მომხმარებლისთვის.

-საკანონმდებლო ბაზა ახსენეთ, როგორ უნდა დაიხვეწოს, რომ IPTV-ს განვითარებას ხელი შეეწყოს?

- ტრანზიტორებისთვის დღეს მოქმედი კანონმდებლობა მოძველებულია. უფლებები დეტალურად უნდა იყოს გაწერილი უშუალოდ IPTV-ის მიმართულებით.

- როგორ ფიქრობთ ეს დავა რატომ დაიწყო „მაგთიმ“?

- ჩემი აზრით, ეს არის ერთერთი გზა იმ საკაბელო ოპერატოებისთვის, ვისაც ტექნოლოგიურად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავის მომხმარებელს იდენტური მომსახურება შესთავაზოს. ეს არის მცდელობა მათი მხრიდან, რომ ჩვენი პროგრესი რამენაირად შეანელონ, რომ უფრო კონკურენტულები გახდნენ ბაზარზე.

არავინ არავის ხელს არ უშლის. მოვიდეს და განახორციელოს ინვესტიციები, რაც სჭირდება და იგივე მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს. ჩვენ ამ მომსახურების დანერგვა საკმაოდ დიდი თანხა დაგვიჯდა, მრავალმილიონიანი პროექტია.

- ევროპაში როგორ რეგულირდება ამგვარი მაუწყებლობა? თუ გაქვთ შესწავლილი?

- IPTV ახალი ტექნოლოგიაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპული ქვეყნებისთვისაც.  ბევრგან მისი რეგულირების პროცესი მიმდინარეობს. მარტივი არ არის ერთ დღეს ადგე და კანონმდებლობა შექმნა. ზოგ ქვეყანაში დავა მიმდინარეობს, რადგან  გადახვევის სხვადასხვა მეთოდი არსებობს.  ბევრი ნიუანსია, რაც გაწერილი უნდა იყოს. თუმცა, არც ერთ ქვეყანაში ოპერატორისთვის არ ჩამოურთმევიათ გადახვევის სერვისის მიწოდების ნებართვა.

ეს ტექნოლოგიური პროგრესია ქვეყნისთვის და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. კანონი უნდა მოერგოს პროგრესს და არა პირიქით.

- თქვენი აზრით, რა იქნება საუკეთესო გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, როგორ შეიძლება ეს პროცესი დარეგულირდეს?

- რადგან ეს საკთხი დადგა დღის წესრიგში, აუცილებელია, საკანონმდებლო ბაზა დაიხვეწოს, ნათლად უნდა ჩანდეს რა არის საჭირო იმისთვის რომ ამგვარი მომსახურება აწარმოო. შემდეგ უკვე უნდა ხდებოდეს პერიოდული მონიტორინგი ყველა იმ ოპერატორის, ვინც ამ მიმართულებით საქმიანობს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test