შემოგვიერთდი

13.06.2013 16:05

GDS კადრს მიღმა

ახლო ხედით

უზარმაზარი სამუშაო სივრცე, მასში თავმოყრილი უამრავი ახალგაზრდა,  რომელიც საკუთარ გადაცემაზე მუშაობს, აწყობის სტადიაში მყოფი სტუდიები,  სადაც გადაცემის დეკორაციისთვის საჭირო  ნივთებია მიმოფანტული  - ასეთია ტელეკომპანია GDS კადრს მიღმა.

გასართობი, მუსიკალური და შემეცნებითი ტელევიზია GDS, რომლის მფლობელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილია გასული წლის აგვისტოდან საცდელი მაუწყებლობით  გადის ეთერში.  მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი ის ყველგანაა საკაბელო ტელეკომპანიების და თანამგზავრული სისტემის საშუალებით. გარდა ამისა, GDS-ის ყურება რეგიონებში შესაძლებელია რეგიონული ტელეკომპანიების საშუალებით-  „ლტვ“-ს, „იმერვიზიის“, „არგოს“ და „ეგრისის“ ეთერში.

GDS-ის კომერციული დირექტორი, ეკა ხუნდაძე განმარტავს, რომ ამ ტელეკომპანიის შექმნის მიზანი ახალგაზრდებისთვის გართობის საშუალების მიცემა იყო და მისი სამიზნე აუდიტორია თავდაპირველად 25 წლამდე ასაკის ადამინებით განისაზღვრა, თუმცა მოგვიანებით ასაკობრივი ჯგუფი 40 წლამდე გაიზარდა. „რადგან ვმუშაობთ ისეთ გადაცემებზე, რომლებიც  უფროსი ასაკის თაობისთვისაც საინტერესო იქნება“
-ამბობს ხუნდაძე.

GDS-ის ასეთი ახალი პროექტები იქნება - შუადღის გადაცემა, მუსიკალური რეალითი შოუ. ეთერში გავა საბავშვო გადაცემებიც. ივნისის ბოლოს შედგება „დროის მანქანის“ პრემიერა, ეს არის  დოკუმენტური ფილმი, სადაც 29 სერიაში   საქართველოს ისტორია გაცოცხლდება. „ეს ეროვნული საქმეა, რადგანც ვცდილობთ ახალ  თაობას ვაჩვენოთ ისტორია.  წიგნიდან ამოკითხული შეიძლება ჰქონდეს,  მაგრამ იმ ხარისხით,  რასაც  ვიზუალურად ვთავაზობთ ალბათ უფრო საინტერესო იქნება მათთვის“ ამბობს ხუნდაძე.

ამჟამად კი ეთერში გადის „ჯიდიპედია“ - შემეცნებით-გასართობი გადაცემა, სადაც შვიდი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ჟურნალისტი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ამზადებს სიუჟეტს. „კიმონო“ -გადაცემა კინოს შესახებ. „Urban Stories”  პროექტი, რომელიც არის  გიდი საქართველოს ალტერნატიული და ქუჩის ხელოვნების, ექტრემალური სპორტის, ღამის ცხოვრების მოყვარულთა სივრცეში. „ლეგენდა“  -დოკუმენტური ფილმების სერია  პარანორმალური, მისტიკური და საინტერესო ისტორიების შესახებ. გადაცემა მუსიკის შესახებ „Song Story” და აგრეთვე მუსიკალური გადაცემა “Top 10”. ტელევიზიის დილას კი, იწყებს გადაცემა „GDS დილა.“

ამ დროსთვის ეთერში აღარ გადის გადაცემა საზოგადოებაზე, კულტურასა და ლიტერატუზე -  „ლიტერატურული უწონადობა“,

ეკა ხუნდაძე, კომერციული დირექტორი

ეკა ხუნდაძე, კომერციული დირექტორი



რაც ხუნდაძის თქმით გადაცემის რებრენდინგის გამო ხდება. ‘შეიცვლება სტუდიის ვიზუალი და გადაცემის ფორმატი“.

GDS ის ვებ გვერდის მისამართია gdstv.ge, სადაც გადაცემების პირდაპირ ეთერში ყურება და არხის შესახებ ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი. ეკა ხუნდაძე ამბობს, რომ GDS-ს მაყურებელი მეტად აქტიური სოციალურ ქსელ Facebook-შია, სადაც მისი გვერდი  76 ათასამდე მომხმარებელს მოსწონს.

„ვებ-გვერდი ახალი სეზონიდან სრული დატვირთვით ამუშავდება, სადაც დაიდება სიახლეები და  გასული გადაცემები, იქნება ლაივსტრიმი და იქნება GDS-ის სახე“-აღნიშნავს ხუნდაძე და განმარტავს, რომ სოციალური  ქსელების შექმნით ვებ-გვერდების როლი დაქვეითდა. „მომხმარებლები ძირითადად Facebook-ზე აქტიურობენ, გადაცემების შესახებ მოსაზრებებს გვიზიარებენ, სხვამენ კითხვებს, აქვთ შენიშვნები“- ამბობს კომერციული დირექტორი.  

GDS-ს 250 ადამიანი ქმნის, არხის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ ეს ახალი,  სახეებია, რომლებიც “სხვა არხებზე არ გახუნებულან“ და ტელეპროდუქციის შექმნას ხშირად GDS-თან ერთად  სწავლობენ. „თუმცა ისინი, ვინც კადრს მიღმა რჩებიან გამოცდილი პროფესიონალები არიან“ -ამბობს ხუნდაძე.

ამჟამად ტელეკომპანიაში რებრენდინგი მიმდინარეობს, რომ GDS კომერციულ, მომგებიან ტელევიზიად იქცეს. ხუნდაძის თქმით, სწორედ ამიტომ მოხდა მარტში არხის ხელმძღვანელობის ცვლილება, რის შედეგადაც არხის დირექტორის თანამდებობაზე ლევან დაბრუნდაშვილი ანრი კაპანაძემ შეცვალა. Media.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ამ ცვლილების მიზეზი არხის ხელმძღვანელობის მხრიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გახდა, რასაც ეკა ხუნდაძე არ ადასტურებს.

„ტელეკომპანიის ზრდასთან ერთად საქმის დანაწილების საჭიროება გაჩნდა, რეორგანიზაციაც ამ მიზნით მოხდა.  კომპანიიდან კადრები არ  გაგვიშვია, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯგუფში რჩება და სერიოზულ რგოლს მართავს -შემოქმედებითი და სატელევიზო პროექტების ხელმძღვანელია“- აღნიშნავს კომერციული დირექტორი, რომლის განმარტებით რეორგანიზაციის შედეგი არხის კომერციულად მომგებიან ტელევიზიად ქცევა იქნება.

„გარკვეული პერიდოის მანძილზე ეს მფლობელის ქველმოქმედება იყო და იხარჯებოდა იმისთვის, რომ შემდგარიყო ის, რაც ახლა არის -ტექნიკური რესურსი, ადამიანური ბაზა. ახლა იმ ეტაპზე გადავდივართ, რომ თუ კარგ პროდუქტს შევქმნით, გავყიდოთ ბაზარზე. ვმუშაობთ, რომ თითოეული პროექტი იყოს კომერციულად გამართლებული“ ამბობს ხუნდაძე. მისი განმარტებით ამ დროისთვის არხს რამდენიმე მსხვილი რეკლამის დამკვეთი ყავს, თუმცა კომპანიები არხის საცდელი მაუწყებლობის გამო ამ ეტაპზე თავს იკავებენ GDS-ზე რეკლამის განთავსებისგან.  


არხის კომერციული დირექტორი იმედოვნებს, რომ GDS მომგებიან პროექტად სავარაუდოდ 3-5 წლის შემდეგ იქცევა, მაშინ როცა ქართულ ტელესივრცეში თავს დაიმკვიდრებს და საეთერო ბადე დასტაბილურდება. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test