შემოგვიერთდი

22.06.2013 17:43

ეთიკური სტანდარტები ინტერნეტმედიაში - ინტერვიუ მაია მეცხვარიშვილთან

ნატა ძველიშვილი
ინტერვიუ

ქართულ ინტერნეტსივრცეში ყოველდღიურად იზრდება ახალი ინტერნეტგამოცემების რიცხვი, თუმცა ძნელია განსაზღვრა, რომელი მათგანი შეიძლება განვიხილოთ ჟურნალისტურ პროდუქტად და რომელი - არა.

ახალი მედიის განვითარებასთან ერთად, ჩნდება კითხვები, რომლებზე მზა პასუხებიც არ არსებობს -  სად გადის ზღვარი სოციალურ მედიასა და მედიას შორის,  რა თვითრეგულირების მექანიზმები არსებობს ინტერნეტმედიაში, რომელ ვებ გვერდებზე უნდა გავრცელდეს ეთიკური სტანდარტები, როგორ უნდა დაიცვან ჟურნალისტებმა ეთიკური სტანდარტები ინტერნეტში, უნდა იყენებდნენ თუ არა ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მოსაზრებებს კომენტარებად. ამ საკთხებზე Media.Ge ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ( Netgazeti.Ge) რედაქტორს და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ყოფილ წევრს, მაია მეცხვარიშვილს ესაუბრა.


მაია მეცხვარიშვილი

- ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად ახალი პლატფორმები ჩნდება და ხშირად ძნელია იმის გარკვევა, რომელია მედიასაშუალება, ვისაც პროფესიული სტანდარტების დაცვა მოეთხოვება. სად გადის ზღვარი მათ შორის?

ეს ისეთი საკითხია, რომლზეც მსჯელობა მიმდინარეობს და ერთიანი შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს. თუმცა, მაგალითად გერმანიაში, ან საფრანგეთში ჟურნალისტური თვითრეგულირების ქვეშ აქცევენ ისეთ ვებ-გვერდებს,  რომელიც პირდაპირ არის მიბმული გაზეთებთან, ტელევიზიებთან, მაგალითად, BBC-ის  ვებ-გვერდი თავისთავად ცხადია, ზუსტად ისე რეგულირდება, როგორც ტელეკომპანია BBC.

საქართველოში არ არის რაიმე სტანდარტი, იქიდან გამომდინარე, რომ არ გვაქვს ერთი მძლავრი ინსტიტუტი, როგორიც ბრიტანეთში პრესის საჩივრების კომისიაა, რომელიც მედიასაშუალებების 98 პროცენტს მოიცავს და მისი, ასე ვთქვათ, იურისდიქცია ვრცელდება მათზე. თუმცა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ როდესაც შეიქმნა, თავიდანვე გვქონდა მიზანი, რომ საკუთარ პროდუქტზე პასუხისმგებლობა აეღოთ ჟურნალისტებს, იმის მიუხედავად, თუ რომელ მედიასაშუალებაში იმუშავებდნენ. ამ ლოგიკით, როდესაც ვებ-გვერდის ჟურნალისტი აწერს ქარტიას ხელს, მისი გამოცემაც ექცევა თვითრეგულაციის ქვეშ.

ძალიან რთულია მკითხველისთვის იმის გარჩევა, რომელია ბლოგი, ყალბი გვერდი (Fake page), თუ  მედია, რომელიც პასუხს აგებს მის მიერ გამოქვეყნებულ ამა თუ იმ ინფორმაციაზე. ეს არის სფერო, რომელზეც კიდევ გვჭირდება ერთად საუბარი და შეთანხმება, იმ ორგანიზაციებს მაინც, რომლებიც ინტერნეტში საკუთარ თავს მედიას უწოდებენ.

- განსხვავება სად არის ტექნიკურ დეტალებში, თუ შინაარსში?

საქართველოში ბევრი მედიასაშუალება შეიძლება ტექნოლოგიურად უფრო ღარიბულად გამოიყურებოდეს,  ვიდრე რომელიმე ბლოგი. ამიტომ მნიშვნელოვანი კონტენტია. მთავარია, თვითონ აღიარებდეს ადამიანი, რომ ის ქმნის ჟურნალისტურ პროდუქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რით უნდა განვასხვავოთ სოციალური მედია და ონალინ გამოცემები?!

- ხშირად სწორედ ერთ კონტექსტში მოიხსენიებენ ახალ მედიას და სოციალურ მედიას. რა განსხვავებაა მათ შორის?

ახალი მედია სოციალიური მედიისგან იმით განსხვავდება, რომ  სოციალურ ქსელში აქტიურმა პირმა შეიძლება გაავრცელოს დეზინფომრაცია და მას პასუხს ვერავინ მოსთხოვს, მაგრამ როდესაც მე ვარ ინტერნეტმედია,  ჩემი მოვალეობაა - გადავამოწმო და მთელი რიგი პროფესიული სტანდარტი დავიცვა.

- ონალინგამოცემებისთვის იგივე ეთიკური სტანდარტები ვრცელდება, რაც ტრადიციული მედიის შემთხვევაში?

ვრცელდება, მაგრამ არის კიდევ სპეციფიკური მომენტები, რაც ინტერნეტს  განასხვავებს  ბეჭდური, თუ ტელემედიისგან. ტექნოლოგიები გაძლევს საშუალებას, რომ ძალიან მყისიერად გამოაქვეყნო ინფორმაცია  და ასევე მყისიერად მოახდინო რეაგირება, თუ რაიმე შეცდომა დაუშვი.  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ერთ-ერთი კონკრეტული საქმის განხილვის შემდეგ რეკომენდაცია შეიმუშავა - ინტერნეტმედიაში მასალა ისე უნდა შესწორდეს, რომ ძველი ინფორმაცია აღარ იძებნებოდეს. ოღონდ, მკითხველს უნდა განემარტოს, რომ სტატია გასწორებულია. ეს რეკომენდაცია ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება.

- ფაქტობრივად, ქარტიის ეს გადაწყვეტილება შეიძლება პრეცედენტულად მივიჩნიოთ, აქამდე საქართველოში ამგვარი რეკომენდაცია არ არსებობდა.

საქართველოსთვის კი, ნამდვილად პრეცენდენტულია, თუმცა ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიღებულია, რომ მასალა სწორედ ასე უნდა გასწორდეს. ალბათ, უფრო კარგი იქნება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ  ასეთი რეკომენდაციები უფრო ნათელი გახადოს.  ძალიან ბევრი სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებები აქვს საბჭოს მიღებული თავისი არსებობის მანძილზე. კარგი იქნება, თუ პრაქტიკაზე დაყრდნობილ ასეთ გაიდლაინებს ხელმომწერებს მიაწვდის.

- თქვენი დამოკიდებულება როგორია ჟურნალისტურ მასალებში სოციალური ქსელებიდან სხვდასხვა პირთა სტატუსების, როგორც კომენტარის გამოყენების შესახებ? შეიძლება თავისუფლად, ნებერთავის გარეშე გამოაქვეყნება?

ესეც საკამათო საკთხია და ცალსახა რეკომენდაცია მთელ მსოფლიოში არ არსებობს. მსჯელობენ იმაზეც, მაგალითად Facebook-ი არის, თუ არა საჯარო სივრცე. თუ გამოქვეყნებისას მომხმარებელი უთითებს ე.წ. public რეჟიმს, მაშინ ცალსახაა, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია. ბოლოს რომ ვიყავით ევროპის პრესის საბჭოების ალიანსის შეკრებაზე, ერთი საკთხი სოციალური ქსელებიდან ფოტოების აღებას ეხებოდა. ზოგიერთი პრესის საბჭო არ თვლის, რომ ეს არაკეთლისინდისიერი მეთოდებია ინფორმაციის მოპოვების. ზოგიერთს გაცილებით მკაცრი სტანდარტი აქვს. რაც შეეხება საქართველოს, მგონია, რომ ეს არის თვითონ რედაქციების შიგნით ჩამოსაყალიბებელი, სანამ  არ გვაქვს ცალსახა რეკომენდაცია.

მაგალითად, დათა ახალაიას წერილი, რომელიც Facebook-ში გავრცელდა და მის ნამდვილობას მხოლოდ ადვოკატი ადასტურებდა, ჩვენც გამოვაქვეყნეთ. არ ვიცი, სწორად მოვიქეცით, თუ - არა. ერთის მხრივ, არის მაღალი საზოგადოერივი ინტერესი და თუ ერთი ადამიანი მაინც ადასტურებს, მაღალი ეჭვით ინფორმაცია უნდა იყოს ნამდვილი, მაგრამ ეთიკური სტანდარტი ამბობს, რომ მინიმუმ ორი წყარო უნდა ადასტურებდეს.

რაც შეეხება იმას, რომ  ადამიანები თავის პირად აზრს გამოთქვამენ სოციალურ ქსელში და 2 წამში სხვადასხვა მედიასაშუალებები ამ კომენტარებს, ან სტატუსებს ნიუსად აქცევენ, სასაცილოდ მეჩვენება. ჯერ ერთი - ვიცით, რომ შეიძლება ვიღაცამ გაგიტეხოს ანაგარიში, ან ვიღაც სხვა დაჯდეს მის ჩართულ ფეისბუქთან და კიდევ ბვერი მიზეზით შესაძლოა ეს კონკრეტული სტატუსი პირის აზრს არ გამოხატავდეს. ამიტომ ამის გამოყენება ისე, თითოს მან თქვა, მეჩვენება სასაცილოდ.

აუციელებელია, როდესაც არის შესაძლებლობა, გადამოწმდეს სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრება ნამდვილად ეკუთვნის კონკრეტულ პირს, თუ  - არა.  დღეს მოდის ზღვა ინფორმაცია, საიდანაც რთულია გაარკვიო რა არის მართალი და რა - ტყუილი. მთავარია ინფორმაციის გადამოწმება, ამის გარეშე ჟურნალისტიკა არ არსებობს. საქართველოში Facebook-ი საინფორმაციო სააგენტოსავით არის, უბრალოდ არ გიცხრილავს ინფორმაციას და არ გეუბნება, რომ ეს გადამოწმებულია და ეს - არა

- სანდოობამდე მივდივართ

სანდოობა ზუსტად ის არის, რაც მოეთხოვება ინტერნეტში მედიას.  ყველაზე მნიშნელოვანია გადამოწმებულ ინფორმაციის მიწოდება და არა პირველადი ცნობა, რისთვისაც არის სოციალური ქსელები. 

- პრობლემატური საკთხია კომენტარებიც. ვინ არის პასუხისმგებელი შეურაცხმყოფელ კომენტარებზე, რედაქცია, თუ კომენტარის ავტორი? უნდა წაიშალოს, თუ - არა ამგვარი კომენტარი და ხომ არ ზღუდავს ეს გამოხატვის თავისუყფლებას?

განსხვავებული მიდგომები არსებობს.  საფრანგეთში მედიას წინასწარ აქვს გამოცხადებული, რომ მე ვაკეთებ პრემოდერაციას, პოსტ მოდერაციას, ან საერთოდ არ ვეხები კომენტარებს. პირველ ორ შემთხვევაში თუ გაიპარება ისეთი კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, ან ცილისწამებას, პრესის საბჭო იხილავს, როგორც სტატიის ნაწილს და პასუხისმგებლობას რედაქციას აკისრებს. მაგრამ თუ მედიას აქვს გამოცხადებული, ის მოდერაციას არ აკეთებს, მაშინ მას არანაირი სანქცია არ ეკისრება.

საქართველოში არანაირი ერთიანი სტანდარტი არ გვაქვს. მხოლოდ „რადიო თავისუფლება“ ვიცი, რომელსაც პრემოდერაცია ჰქონდა. ეს არის კოლოსალური შრომა იმიტომ, რომ მინახავს დიდი ორგანიზაციები, სადაც მთელი არმია მუშაობს კომენტარების სექციის მოდერაციაზე. ამას ჩვენნაირი მედიაორგანიზაციის ფინანსური რესურსი ვერ გაუძლებს.

ერთადერთი, რასაც ვაკეთბთ ხოლმე, თუ არის განსაკუთრებული სიტუაცია, მაგალთად როგორიც იყო 17 მაისი, როდესაც ხალხი ერთმანეთს რას აღარ უწოდებდა,  ამ თემაზე მომზადებულ ყველა მასალაზე შევზღუდეთ კომენტარის დატოვების ფუნქცია.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში არ არის ერთი მიდგომა ბევრ საკითხზე, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლებმა იმსჯელონ იმ სპეციფიკაზე, რაც ინტერნეტ მედიას ახასიათებს?

ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს შემთხვევაში, როდესაც განვითარებადი დემოკრატიული ქვეყანა ვართ. თანდათან იზრდება მოხმარებლების რაოდენობა. გარკვეულ პერიოდამდე, შეიძლება ტრაგიკული არ იყოს ის, რაც ახლა ხდება. გახსნი საიტებს და ხანდახან გული გაგისკდება, ისეთ რაღაცეებს ნახავ. 2 -3 წელიწადში ინტერნეტ მომხმარებლების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება,  მერე სავალალო შედეგების მომტანი იქნება, ამიტომ ახლავე შეთანხმება და პოზიციების შეჯერება არის მნიშვნელოვანი

ძალიან ბვერი საკითხია საკამათო. თუმცა, იმაზე, რომ ინფორმაცია გადამოწმებული უნდა გავიდეს, არსად არ კამათობენ. ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა მოხდეს შეჯერება და მეორე რიგის ამოცანაა ისეთი თემები, როგორიცაა კომენტარების შეზღუდვა, შეცდომის გასწორება და ა.შ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test