შემოგვიერთდი

11.07.2013 15:01

IDFI და GARB-ი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის ტესტური ზონის გამოყოფას ითხოვენ

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) და „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ (GARB) მიიჩნევენ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში (დიგიტალიზაცია)  ერთი სამაუწყებლო ზონა ტესტირებისთვის უნდა გამოიყოს, რაც პროცესში ჩართულ მხარეებს კონკრეტული დანახარჯებისა და გათვლების საშუალებას მისცემს.

IDFI GARB

რეგიონული ტელეარხების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მოდელი და საკუთარი ხედვა GARB-მა და IDFI-მ საზოგადოებას 11 ივლისს გააცნეს.

ისინი ფიქრობენ , რომ დიგიტალიზაციისას არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს. რეგიონულ მაუწყებლებს უნდა მიეცეთ საშუალება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მცირე სიმძლავრიანი გადამცემებით გაავრცელონ სიგნალი და არ იყვნენ დამოკიდებული ეროვნულ მულტიპლექსზე.

უკრაინის რეგიონულ მაუწყებელთა ქსელის NAM-ის მიერ მიწოდებული მონაცემებზე დაყრდნობით, GARB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ერთ სამაუწყებლო ზონაში ერთი მცირესიმძლავრიანი მულტიპლექსის აგება არხებს დაახლოებით 30 ათასი დოლარი დაუჯდებათ.

„მაგალითად, იმერეთის ზონაში მოქმედი 6 მაუწყებელი გაერთიანდება და ერთი სიხშირით გაავრცელებს სიგნალს. ამით ხელს შევუწყობთ რეგიონული არხების შენარჩუნებას. იმ შემთხვევაში თუ ზონაში ერთი მაუწყებელია, მის კუთვნილ მცირესიმძლავრიან ქსელზე გავრცელდება სავალდებულო ტრანზიტის ვალდებულება“, - აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა პრეზენტაციისას.

„საქართველოს ტელერადიოცენტრის“ წარმომადგენელმა ბორის ადამიამ არ გაიზიარა მისი მოსაზრება და განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ბოლო პერიოდში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში სულ 2 მულტიპლექსი აიგება. მათგან ერთზე განთავსდება ნაციონალური არხები და საზოგადოებრივი მაუწყებელი, მეორეზე კი რეგიონული ტელეკომპანიები. ორივე ერთად კი 14 მილიონი ევრო დაჯდება.

„ამ თანხაზე [14 მილიონი ევრო] მეტი დასჭირდება ყველა ზონაში მცირესიმძლავრიანი მულტიპლექსების აგებას რელიეფიდან გამომდინარე. ამიტომ უმჯობესია, ახალი ინფრასტრუქტურა ავაგოთ“, - განაცხადა ბორის ადამიამ.

ნათია კუპრაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ ერთი კონკრეტული ზონა გამოიყოს, სადაც საცდელი ინფრასტრუქტურა აიგება და ხარჯების დათვლაც უკეთესად იქნება შესაძლებელი.

შეხვედრაზე გაირკვა, რომ მსგავსი ტესტური ზონის მოწყობას კომუნიკაციების ეროვნული კომისია გურიის სამაუწყებლო ზონაში ჯერ კიდევ 2 წლის წინ გეგმავდა, თუმცა, როგორც კომისიის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ნოდარ ასპანიძემ განაცხადა, „რაღაც დეტალების შეთანხმება ვერ მოხერხდა, რაც გადამცემის გაყიდვას უკავშირდებოდა, შესაბამისად ეს გეგმა ვერ განხირციელდა“.

მანვე აღნიშნა, რომ არსებობს შესაბამისი სიხშირული რესურსი, რითიც ტესტური ზონის მოწყობაა შესაძლებელი. მთავარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „მოიფიქროს ფორმა, რის საფუძველზე შევქნათ საცდელი ზონა ლიცენზიის თუ ნებართვის. კომისია მზად არის ამგვარი ტესტირებისთვის“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დიგიტალიზაციის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხელმძღვანელობს, მათ 2012 წლის დეკემბერში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭო შექმნეს, რომელსაც სტრატეგია უნდა მოემზადებინა, თუმცა, დღემდე არც რაიმე დოკუმენტი არსებობს და თავად საბჭოც თებერვლის შემდეგ აღარ შეკრებილა. ჩამოყალიბდა მხოლოდ ორი სამუშაო ჯგუფი, რომელთაც საკუთარი ხედვა სოცილაურ და ფინანსურ საკითხებზე უნდა წარედგინათ. სამართლებრივ საკითხებზე სამუშაო ჯგუფი კი საერთოდ არც შეკრებილა.

ქვეყანამ ციფრულ მაუწყუებლობაზე გადასვლა 2015 წლამდე უნდა მოასწროს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 11 ივლისს გამართულ შეხვედრაზეც ამ უწყების მიმართ პრეტენზია პროცესის შენელების გამო არაერთხელ გამოთქვეს.

„იმის გამო, რომ სამინისტროს კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია, ჩვენ გვიწევს სხვადასხვა მოდელის შემუშავება, რომ იქნებ რამენაირად პროცესი დაჩქარდეს. არ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ აუცილებლად ეს მოდელი უნდა დაინერგოს“, - აღნიშნა IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა.

ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით საქართველოში კვლავ ჩამოვიდნენ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) ექსპერტები, რომლებიც საქართველოს სტრატეგიის შექმნაში ეხმარებოდნენ და მათი აქტიური ჩარევის შემდეგ შეიქმნა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭო.

10 ივლისს სამინისტრომ კონფერენცია მოაწყო, რომელიც მედიისთვის დახურული იყო. მასში მონაწილეობა არ მიუღიათ საბჭოს წევრებს. 11 ივლისს კი EBRD-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი ელექტრონულ კომუნიკაციებს ეხებოდა და არა ციფრულ მაუწყებლობას, მათ არ დაუკონკრეტებიათ თუ როგორია საქართველოს დიგიტალიზაციის პროცესში მათი ჩართულობა ამ ეტაპზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ 1 ივლისს Media.Ge-ს განუცხადა, რომ ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას  3 ივლისამდე გააკეთებდა, თუმცა, მას შემდეგ მასთან დაკავშირება Media.Ge-მ ვეღარ მოახერხა. ის არც 11 ივლისს გამართულ პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ არ მოსვლის მიზეზად ირაკლი ქაშიბაძემ მოუცლელობა დაასახელა, თუმცა გამოთქვა მზადყოფნა, რომ უახლოეს პერიოდში კოალიციას “მედია ადვოკატირებისთვის“ შეხვდეს და მათთან ერთად იმსჯელოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასა და ტესტური ზონის გამოყოფაზე. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test