შემოგვიერთდი

18.07.2013 10:12

განვითარების ახალი ეტაპი რადიო „ძველი ქალაქში“

თათა კაჭკაჭიშვილი. ქუთაისი
ახლო ხედით

რადიო 'ძველი ქალაქი'

რადიო „ძველი ქალაქი“ მაუწყებლობას  ახალი სტუდიიდან ახორციელებს, რადიოს ოფისი ე.წ. პრესის სახლის მეხუთე სართულიდან  ქუთაისის ერთ-ერთ ძველ უბანში - შაუმიანზე, გაპონოვის ქუჩაძე მდებარე ორსართულიან შენობაში, საკუთარ  ფართში განთავსდა. როგორც რადიოს პროგრამების დირექტორი ქეთევან ბერძენიშვილი აცხადებს, 18 წლიანი ფუნქციონირების შემდეგ, რადიო განვითარების ახლა ეტაპზეა და მობილური და სოციალური ფუნქციებით დატვირთული გახდება. ოფისის ქირის ხარჯებისთვის დაზოგილი თანხები კი  რდიოპროგრამების შექმნას მოხმარდება და მომავალი სეზონისთვის, რომელიც მაუწყებლისთვის სექტემბრის თვიდან იწყება, ახალი პროექტების განაცხადები მიიღება. ქეთევან ბერძენიშვილის განმარტებით, „ძველი ქალაქის“ პრიორიტეტი იქნება საზოგადოების ჩართულობა ანალიტიკურ გადაცემებში, ამასთან რადიოარხი მსმენელს  საინფორმაციო გამოშვებებსა და მაღალი სტანდარტის ქართულ და უცხოურ მუსიკას სთავაზობს.

„ფართის საკუთრება საშუალებას მოგვცემს, მეტად განვავითაროთ საეთერო ბადე და მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საკუთარი პროდუქციის წარმოებაში. ჩვენ მუდმივად ვართ ჩართული კვლევებში, და მუდმივად ვიცით  რადიოს, გადაცემებისა და დროის რეიტინგები. რადიოში წლებია მუშაობს მარკეტინგის სამსახური. ჩვენი ძირითადი შემოსავლები სარეკლამო დაკვეთებიდან მიღებული თანხებია, „ძველი ქალაქი“ ასევე რამდენიმე პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იგეგმება დებატებისა და ანალიტიკური- შემაჯამებელი გადაცემის ჩაშვება საეთერო ბადეში. საპარლამენტო და შუალედურ არჩევნებამდე გვქონდა წინასაარჩევნო დებატების ციკლი და ბოლოს შემაჯამებელი გადაცემა, რომელიც პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდებოდა და საინტერესოდ მიმდინარეობდა. ვაპირებთ და თუ კვლავ იქნება მიზნების თანხვედრა, გვაქვს  სურვილი საპრეზიდენტო არჩევნებისას რეგიონულ მედიაში გავიდეს დებატები და მოსახლეობისთვის ცნობილი გახდეს ამა თუ იმ  კანდიდატის მოსაზრებები საპრეზიდენტო მმართველობაზე“, - აცხადებს Media.Ge -სთან საუბრისას ქეთევან ბერძენიშვილი.

რადიო „ძველი ქალაქის“ პროექტი, გადაცემა „გრიფით-საჯარო“, რომელიც უქმეების გარდა  მთელი კვირის მანძილზე გადის ეთერში და ხუთი სხვადასხვა წამყვანი ჰყავს, ერთ- ერთი რეიტინგული გადაცემაა, რომელიც IREX-ის დაფინანსებით ხორციელდება და ივლისის თვის ბოლოს სრულდება. რადიოს პროგრამების დირექტორის განცხადებით, მსმენელის ინტერესის გათვალისწინებით, ახალი სეზონიდან „გრიფით- საჯარო“ ეთერში ისევ გავა: „ვიდეო კონტენტის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს სოციალური ქსელებით უყუროს რადიოს პირდაპირ ტრანსლაციას, ან  ფეისბუკის გვერდზეც გაეცნოს გადაცემის ჩანაწერს. მომხმარებელს საშუალება აქვს  მისთვის სასურველ დროს მოუსმინოს და უყუროს რადიოგადაცემას და პროექტიც მისი აქტუალურობიდან და ხელმისაწვდომობის გამო  ძალიან რეიტინგულია“, - აღნიშნავს ქეთევან ბერზენიშვილი. მისივე ინფორმაციით, რადიო „ძველი ქალაქის“ ინიციატივითა და ავტორობით,  უკვე გამოიცა და გაყიდვაშია CD დისკები, რომლებზეც ჩაწერილია თინეიჯერებისთვის განკუთვნილი  ევროპელი და ამერიკელი მწერლების ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მოთხრობები და ბავშვებისთვის განკუთვნილი  პოპულარული ზრაპრები. უკვე მზადაა პროექტი, რომლის მიხედვითაც იქმნება ქალაქის ისტორიული ჩანახატები იმ ნაკლებად ცნობილი ადამიანიების შესახებ, რომლებიც ქმნიდნენ და წარმოადგენდნენ ქუთაისის  კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალს, აუდიოჩანაწერები რადიო „ძველი ქალაქის“ საეთერო ბადეში ახალი სეზონიდან განთავსდება.

„მართლმსაჯულება“, „ეკონომიქსი“ „პორტრეტი ჩარჩოს გარეშე“, „არტერია“, „კვირის ექსპრესი“, „გრიფით საჯარო“ და დღის მანძილზე ყოველ საათში ერთხელ სინფორმაციო გამოშვება, მომხმარებელს შეუძლია სიხშირეზე FM 107.9  მოისმინოს იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის დაბლობში.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test