შემოგვიერთდი

26.07.2013 18:36

ეკონომიკის სამინისტრომ დიგიტალიზაციის ბიზნესმოდელი წარმოადგინა

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დიგიტალიზაციის ბიზნესმოდელი 26 ივლისს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს წარუდგინა. სამინისტროს მიერ შექმნილი მოდელის თანახმად ერთი მულტიპლექსის მფლობელი სახელმწიფო იქნება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელებას, მეორე მულტიპლექსი ეროვნული და რეგიონული მაუწყებლებისგან შექმნილ კონსორციუმს ექნება, დანარჩენი 5 მულტიპლექსი კი კერძო ინვესტორს კონკურსის წესით გადაეცემა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იმ მულტიპლექსში, რომელიც კერძო ინვესტორს გადაეცემა, ნაწილი არხების თავისუფლად გავრცელდება (Free to air) ნაწილის მისაღებად კი თანხის გადახდა იქნება საჭირო (Pay TV). მასვე ექნება ვალდებულება, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის (მათი რაოდენობა დაახლოებით 500 ათასია) ციფრული მაუწყებლობის მიმღები, სეტ ტოპ ბოქსები შეიძინოს, რაც დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ჯამში 15-18 მილიონ ევროს აღწევს.

„კონკურსში მთავარი იქნება ის, თუ რომელი კომპანია უფრო მეტად მოახდენს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სუბსიდირებას“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან. კონკურსში გამარჯვებულს ქსელის აგების ვალდებულება 2015 წლის 31 დეკემბრამდე ექნება. ქსელი ერთ სიხშირიანი (single frequence) იქნება. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ არხებზე დღეს არსებული must carry -ისა და must offer-ის ვალდებულება კვალავაც გავრცელდება.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, ამჟამად ქვეყანას 2 მულტიპლექსისთვის საჭირო სიხშირული რესურსი გააჩნია. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დღეს არსებულ ეროვნულ და რეგიონულ მაუწყებლებს ინვესტორის მიერ აგებულ მულტიპლექსში ჩასვამენ, გამოთავისუფლებულ სიხშირეებს კი მაუწყებლების კონსორციუმი 2015-2017 წლების პერიოდში აითვისებს.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, თბილისის ზონაში არსებული 5 არხის ნაცვლად 15 არხის გატარება იქნება შესაძლებელი.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მათ მიერ წარდგენილ მოდელში გაწერილი საკითხები 90 პროცენტით უკვე გადაწყვეტილია და მცირე ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მაუწყებლები პრინციპულად არ გაიზიარებენ.

საბჭოს წევრებს კითხვები უმთავრესად ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დეტალებს შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ.

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა სამინისტროს საკითხების უფრო მეტად დაკონკრეტება მოსთხოვა.

„არ არის კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტული ციფრები, რომ მე გათვლა გავაკეთო, რა თანხა დამჭირდება, ვიზრუნო მის მოძიებაზე. ამ დეტალების ცოდნა ახალვე გვჭირდება, რომ მერე ცაიტნოტურ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ“, - თქვა მან. დიმიტრი ქუმსიშვილმა კი ტელეკომპანიებს კონსორციუმის შექმნა და საერთო პოზიციებზე უახლოეს პერიოდში შეჯერება ურჩია.

ქუმსიშვილის თქმით, 29 ივლისს საქართველოში უცხოელი ექსპერტები ჩამოდიან, რომლებიც იუსიტიის სამინისტროსთან ერთად ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე იმუშავებენ. მას შემდეგ, რაც საბჭოს წევრები ბიზნეს მოდელზე შეთანხმდებიან, ტექნიკურ ნაწილზე მუშაობაც დასრულდება და მულტიპლექს ოპერატორის უფლების მისაღებად კონკურსის დღეც ჩაინიშნება.

საქართველო ახლა ანალოგურად მაუწყებლობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო ვალდებულებაა. ITU-მ ევროპის ქვეყნებს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განუსაზღვრა. 2006 წელს სხვა ქვეყნებათან ერთად ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ამ პროცესის წარმართვა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. ევროპული ქვეყნებისუმრავლესობა ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test