შემოგვიერთდი

08.08.2013 11:20

„ვიღაცას უნდა აეღო პასუხისმგებლობა“ - ინტერვიუ GPB-ის სამეურვეო საბჭოს ახალ თავმჯდომარესთან

გელა ბოჩიკაშვილი
ინტერვიუ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 2013 წლის პირველი სექტემბრიდან ემზარ გოგუაძე დაიკავებს. ის ამ თანამდებობაზე ლევან გახელაძეს შეცვლის. ემზარ გოგუაძე სამეურვეო საბჭოს არსებულ შემადგენლობას 2014 წლის 1 იანვრამდე გაუძღვება. იანვრის შემდეგ კი საბჭო ხელახლა, ახალი წესით უნდა დაკომპლექტდეს. მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გეგმებთან, ახალ პასუხისმგებლობებთან და საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ პრობლემებთან დაკავშრებით Media.Ge ემზარ გოგუაძეს ესაუბრა.

ემზარ გოგუაძე

ბატონო ემზარ, რატომ გადწყვიტეთ, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე თქვენი კანდიდატურა წარგედგინათ?

ვიღაცას ხომ უნდა აეღო ეს პასუხისმგებლობა. იმის გამო, რომ თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს სამეურვეო საბჭოს, დავთანხმდი ჩემი კოლეგების მიერ ჩემი კანდიდატურის დასახელებას.

ჩემი სამეურვეო საბჭოში ყოფნის პერიოდში, ბოლო 10 თვის მანძილზე, აქტიურად ვიყავი ჩართული საბჭოს მუშაობაში. ვგულისხმობ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თაობაზე ჩვენი შენიშვნების მომზადების პროცესს. გარდა ამისა, შეხვედრები მქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

რამდენად ქმედუნარიანია დღეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი და რის შეცვლას შეძლებთ ამ თანამდებობაზე ყოფნისას საზოგადოებრივ მაუწყებელში?

ეს თანამდებობა არ არის განსაკუთრებული უფლებების მატარებელი. სამეურვეო საბჭო კოლეგიალური ორგანოა. საბჭოს თავმჯდომარეს დაახლოებით იგივე ფუნქცია აქვს, რაც სპიკერს პარლამენტში, ეს არ არის ცალკე უფლებების მქონე თანამდებობა, როგორიც გენერალური დირექტორის თანამდებობაა.

პასუხისმგებლობა არის, რა თქმა უნდა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ყოველდღიურადაა ჩართული ტელევიზიის მუშაობაში. საბჭოს წევრებს არ ევალებათ ყოველდღე ტელევიზიაში სიარული, მათი ძირითადი ვალდებულება სხდომებზე დასწრებაა.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ტელევიზიის მართვის პულტი უჭირავს. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ თავმჯდომარეს არ აქვს განსაკუთრებული ფუნქციები, მაგრამ უფლებები არ აქვს განსაკუთრებული. მას აქვს ერთი ხმა კენჭისყრის დროს. თუ ხმები გაიყო, მაშინ მისი ხმა გადამწყვეტია.

მაუწყებლობის კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით გაიზარდა სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი, რამდენად შეძლებთ ამ პირობებში მუშაობას და ხომ არ ხედავთ რაიმე საფრთხეს?

რეალურად კანონი არეგულირებს მოქმედების ფორმებს, რა ჩარჩოებშიც უნდა განოხრციელდეს ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულის მოქმედება. სამეურვეო საბჭოს რა ფუნქციებიც ჰქონდა წინა კანონის პირობებში, იქედან გამომდინარე ხელმძღვანელობდა, ახლა იხელმძღვანელებს ახალი კანონის ფარგლებში.

აქ საფრთხეებს ვერ ვხედავ, აქ არის ვალდებულებები, ახალი ფუნქციები, რაც ადრე არ გააჩნდა სამეურვეო საბჭოს და ვერაფერს ვხედავ აქ შემაშფოთებელს.

თუმცა, 2013 წლის 14 იანვარს სამეურვეო საბჭოს 9 წევრმა, მათ შორის თქვენც ხელი მოაწერეთ განცხადებას, სადაც საუბარი იყო, რომ ახალი კანონის ამოქმედებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად გადაქცევის და ხელისუფლების მხრიდან გავლენის ზრდის საფრთხე დგებოდა. ახლა კი ამბობთ, რომ ახალ კანონში შემაშოფოთებელს ვერაფერს ხედავთ. რა შეიცვალა? რა საფრთხეებს ხედავდით მაშინ, როცა ამ განცხადებას ხელს აწერდით?

ამ განცხადებაში ყურადღება გამახვილებული გვქონდა სამეურვეო საბჭოს კოლექტიურად დათხოვნაზე. თუ გვინდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაარსობრივად საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი იყოს, კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა იდგეს. ამ შემთხვევაში პარლამენტს თუ არ მოეწონება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება, შეუძლია დაითხოვოს 90 ხმით.

კანონში შესული ცვლილებებით, სამეურვეო საბჭოს შეუძლია მაუწყებლის ბიუჯეტში შეიტანოს ცვლილებები. ბიუჯეტის არშესრულების შემთხვევაშიც არ მიგაჩნიათ სწორად სამეურვეო საბჭოს კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება?

სამეურვეო საბჭო რა შუაშია, თუ ბიუჯეტი არ შესრულდა?! ეს პასუხისმგებლობა ხომ მენეჯმენტს აქვს.

ახალი ცვილებების მიხედვით სამეურვეო საბჭოს უფლებები იზრდება და მას შეუძლია მაუწყებლის ბიუჯეტში დამოუკიდებლად ცვლილებების შეტანა.

არ გედავებით, ეს მუხლი არსებობს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ კიდეც. მაგრამ მეტი დემოკარტიულობისთვის სასურველი იქნებოდა კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი არ იდგეს.  უმჯობესი იქნებოდა მხოლოდ ცალკეული მეურვის პასუხიმგებლობის საკითხი დგებოდეს.

2012 წლის საპარლამენტო აჩევნებამდე ყოველთვის იყო საუბარი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაშინდელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო. ახლა რამდენად მოექცა საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ხელისუფლების გავლენის ქვეშ?

ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის ცდუნება ყოველთვის არსებობს, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი დემოკრატიის ქვეყნებში, ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. რაც უფრო დახვეწილია დემოკრატიის ფორმები, მით უფრო დახვეწილია ზემოქმედების ფორმები, გარკვეულწილად, უფრო იფუთება.

წამყვან ევროპულ ქვეყნებში მედია მეოთხე ხელისუფლების როლს ასრულებს, ყველაფერი შედარებითია. ამიტომ სასურველია, რომ ჩვენი საზოგადოებაც ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოებად და ამის შემდეგ ამდაგვარი ზეგავლენებიც მოიკლებს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში, ალბათ იყო გარკვეული ზეგავლენა, კონკრეტულად მაგაზე პასუხის გაცემა რთულია. მე ვერცერთ მაგალითს ვერ მოგიტანთ, ვინმეს ვინმეზე ზეგავლენის. ასეთი დაუხვეწავი მეთოდებით არავინ არ მუშაობს.

რამდენიმე წელია მუშაობთ სამეურვეო საბჭოს წევრად, შეგიძლიათ ისაუბროთ იმ გადაწყვეტილებებზე, რაც თქვენი აზრით, მიიღო საბჭომ და ახლანდელი გადმოსახედიდან არ იყო გამართლებული?

ძალიან რთულია ცალკეულ გადაწყვეტილებებზე საუბარი, უხეში შეცდომა მე არ მახსენდება, თუმცა აზრთა ჭიდილი რიგ შემთხვევებში იყო, რაც ბუნებრივიცაა.

გიორგი ბარათაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადება იყო სამეურვეო საბჭოს შეცდომა?

შეცდომას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს ისე როგორც ფიქრობდნენ. ჩემს კოლეგებზე როგორ ვთქვა, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. მე სხვანაირად ვფიქრობდი. მე არ მიმიცია ხმა არც ბარათაშვილის არჩევისთვის და არც გადაყენებისთვის. ადამიანი რომელიც განსხვავებულად ფიქრობს, მისგან არაეთიკურია სხვისი გადაწყვეტილების შეფასება.

ბოლო რამდენიმე წელია, მაუწყებელს გამუდმებით ექმნება ფინანსური პრობლემები, რითაა გამოწვეული ეს პრობლემები? მაუწყებელს ამ დროისთვის 17 მილიონ ლარამდე აქვს ვალი.

ვალის გარკვეული ნაწილი, რამდენიმე მილიონი 2007 წელს წარმოიშვა. ამ დროს მაუწყებელმა არ გადაიხადა დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელიც ქონების გაყიდვის დროს უნდა გადაეხადა და საურავები დაერიცხა.

ამ ვალს დაემატა ქუთაისში პარლამენტის შენობის ტექნიკური საშუალებებით მოწყობა. პარლამენტის აღჭურვა 2 მილიონით მეტი დაჯდა და მთავრობის მიერ ჩარიცხული სუბსიდია საკმარისი არ აღმოჩნდა.

როგორც მახოსვს სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი გადმოგვირიცხა, სამუშაოები მთლიანად კი, 9 მილიონი დაჯდა, დარჩენილი 2 მილიონი, რომელიც მთავრობას უნდა აენაზღაურებინა, არ დაფარეს და ისევ ჩვენ დაგვედო ვალად.

ამის გარდა, იყო ევროპის მაუწყებელთა ასოციაციის ვალი, რაც გასული 2 წლის განმავლობაში დაგროვდა და რომელზეც არსებობდა გარკვეული შეთანხმება ხელისუფლებასთან, რომ აენაზღაურებინა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test