შემოგვიერთდი

03.09.2013 12:17

Meydan TV - აზერბაიჯანული ალტერნატიული ტელევიზია ბერლინში

ნატა ძველიშვილი
ჟურნალისტის ჩანაწერები

ბერლინის ცენტრში აზერბაიჯანული ინტერნეტ ტელევიზია Meydan TV-ს წარმომადგენლებთან შესახვედრად მივდივართ. ქუჩიდან პირდაპირ პატარა ოთახში შევდივართ და ვფიქრობ, აქ ტელევიზიას რანაირად აკეთებენ. ცოტა ხანში ახალგაზრდა კაცი მოდის და გვეუბნება, რომ მას უნდა გავყვეთ, ბარემ ჩვენს სტუდიას გაჩვენებთო. მერე ვიგებ რომ ეს აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი ჰაბიბ მუნთეზირია, რომლის YouTube Channel-ი რამდენიმე თვის წინ დახურეს. თვითონ ამბობს, რომ აზერბაიჯანულმა მთავრობამ დაადო ბანი. ასეთი რა ატვირთე-მეთქი ვეკითხები და არაფერი, უბრალოდ პრეზიდენტის ტელევიზიით გამოსვლა დავჭერი, ვიდეო ისე ავაწყე, თვითონაც მიხვდა, ტყუილები რომ ილაპარაკა, მერე საავტორო უფლებების დარღვევისთვის მიჩივლესო, მპასუხობს. ახლა ახალი არხი გახსნა და იმედი აქვს, რომ იმდენივე გამომწერს შეაგროვებს და მისი ახალი ვიდეოებიც ისეთივე პოპულაურული იქნება, როგორც ძველი.

სტუდიამდე მივედით. უფრო სწორად, სტუდია კი არა ნამდვილი underground-ია. ერთი ოთახია და მერე სარდაფში ჩავდივართ.  5 კვადრატული მეტრი იქნება სულ. ძირს აზიური ხალიჩები აფენია, კედლებზე  აგურების მეტი არაფერია. სტუდიისთვის დამახასიათებელი მხოლოდ ორი ცალი განათება დგას.

ემინ მილი მოდის, პროექტის დირექტორი. ისიც აზერბაიჯანელი ბლოგერია. მთავრობამ რამდენჯერმე დააპატიმრა სხვადასხვა ბრალდებით, თვითონ ამბობს, რომ აქტივიზმის გამო. მისი თქმით, ყველაზე მეტად რამაც მთავრობა გააღიზიანა, სატირული ვიდეო იყო, სადაც მთავრობის მიერ გერმანიიდან რამდენიმე ვირის ჩამოყვანა გააპროტესტა - „რატომ დასჭირდა ქვეყანას დიდ თანხად ვირის ყიდვა, ვერ გავარკვიეთ, პასუხს არავინ გვცემდა. ამის გამო პრესკონფერენცია მოვაწყეთ და ვირების ფორმაში გადაცმულები მივედით“.  ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახალი ტელევიზიისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. 

„2013 წლის მაისში როგორც კი სატელიტზე გავედით, მთავრობამ მაშინვე ჩამოგვხსნა“, - იწყებს Meydan TV-ის შექმნის ამბის მოყოლას ემინ მილი. Meydan აზერბაიჯანულად მოედანს ნიშნავს, - „დავრწმუნდით, რომ ჩვენი საქმიანობის გასაგრძელებლად აუცილებელი იყო ინფრასტრუქტურა სხვა ქვეყანაში გვქონოდა“.

მერე ბერლინში ჩავიდნენ, შედარებით იაფი ქალაქია სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით და იმიტომ. აქვე იპოვა ცნობილი აზერბაიჯანელი ბლოგერები, მუსიკოსები, რომლებიც ალიევის მთავრობის მიერ იდევნებოდნენ. დღეს Meydan TV-ს გუნდში დაახლოებით ათი ადამიანია.

ჰაბიბ მუნთეზირი (Hebib Müntezir)

ვერაფრით ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს ტელევიზიის ბერლინში გაკეთებას, თუ აზერბაიჯანში Meydan TV-ის ჟურნალისტები მაინც საფრთხის ქვეშ იქნებიან და ისეთივე პრობლემები შეექმნებათ, როგორც ადრე. ინფრასტრუქტურა იქნება დაცული, სატელიტიდან ადვილად ვერ გაგვთიშავენ, საიტს ვერ დაგვიხურავენ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანიაო, ემინი მპასუხობს.

მარწმუნებს, რომ პროექტის დასაწყებად საჭირო 30 ათასი ევრო სოციალურ ქსელებში დაწყებული კამპანიით, Paypal შეაგროვა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმაც გარკვეული თანხა შეუგროვეს, ახლა იმედი აქვს, რომ დონორებისგანაც მიიღებს დაფინანსებას.

„აზერბაიჯანელებს უნდათ, რომ ჰქონდეთ თავისუფალი მედია. ადამიანები, რომლებიც ამ პროექტში მუშაობენ, საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. ხალხი ამის გამო პატივს სცემს მათ და მხარს უჭერენ“, - აღნიშნავს ამინ მილი და იქვე ამბობს, „მთავარი მიზანია, რომ ინფორმაცია გავავრცელოთ, ამისთვის ყველა ვიდეოს ინგლისური სუბტიტრები ექნება“.

ამ დროისთვის დაახლოებით 30 ვიდეო აქვთ ატვირთული, რასაც ჯამში 210 ათასი  ნახვა აქვს. მათი კონტენტი როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ ამბებს მოიცავს.

უახლოეს პერიოდში სატელიტზე გასვლას და დღეში ერთი საათით მაუწყებლობას აპირებს. რამდენიმე რეპორტიორი ჰყავთ ბაქოში. აქტიურად იყენებენ მოქალაქე ჟურნალისტების მიერ გაგზავნილ ინფორმაციასაც. ბევრი მათგანი ანაზღაურების გარეშე მუშაობს. ემინი ამბობს, რომ ზოგი ღიად თანამშრომლობს მათთან, ნაწილი კი დამალვას ამჯობინებს, მთავრობის ეშინიათ.

მისი თქმით, ჰაბიბის მოკვლის ბრძანება იყო გაცემული და მთავრობის მიერ გამოგზავნილი აგენტი ბერლინშიც დასდევდა მას, თუმცა მისი დაცვა მოახერხეს, „ბერლინში თავს მშვიდად ვგრძნობ. აზერბაიჯანში კი ჟურნალისტებს კლავენ, აპატიმრებენ. იმის ნაცვლად რომ ამგვარ ძალადობას და მუქარას მშვიდად ვუყურო, მირჩევნია ვიბრძოლო ამ ყველაფრის წინააღმდეგ ისე, როგორც შემიძლია“, - მეუბნება ჰაბიბ მუნთეზირი (Hebib Müntezir).

ოქტომბერში აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. ალბათ არჩევნების პერიოდში უფრო მეტად გააქტიურდებით-მეთქი ვეკითხები. არა, ჩვენი მთავარი მუშაობა არჩევნების შემდეგ იწყებაო, მპასუხობს ემინი და იქვე აღნიშნავს, რომ მათი მიზანი მთავრობის შეცვლა კი არა, მოსახლეობის ინფორმირებაა, რომ არჩევანი გააკეთონ. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მთავრობაში.

„სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი გუნდის ცნობილი წევრები გაეჩუმებინა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უფრო ხმამაღლა და ვრცელი მასშტაბით“, - ამბობს ემინ მილი.

გრძელვადიანი გეგმები რა გაქვთ-მეთქი, წამოსვლისას ვინტერესდები, აზერბაიჯანელებს უნდათ, რომ Meydan TV ალ ჯაზირას მსგავსი ტელევიზია გახდეს, მაგრამ ჯერ ფული არ გვაქვს, მინდა 24 საათიანი დამოუკიდებელი საერთაშორისო მაუწყებელი გახდესო, მეუბნება  ემინ მილი. მანამდე ახალი ჟურნალისტების დამატებას და უფრო მეტი რაოდენობის კონტენტის შექმნას გეგმავს.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test