შემოგვიერთდი

04.10.2013 12:59

ნინო დანელიას თქმით, მას სამეურვეო საბჭოს დატოვებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სთხოვდნენ

მაია წიკლაური
ინტერვიუ

ნინო დანელია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ, 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და სამეურვეო საბჭოს სხვა წევრებს საბჭოს დატოვებას სთხოვდნენ. გოგუაძემ ზეწოლაში კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი დაადანაშაულა. ტრიპოლსკიმ კი თავის მხრივ, ბრალდება უარყო.

საბჭოს იმ წევრებს შორის, ვისზეც ზეწოლა ხორციელდებოდა, გოგუაძემ ნინო დანელიაც დაასახელა. დანელიამ Media.Ge-ს მასზე ზეწოლის ფაქტი დაუდასტურა, თუმცა იმ პირების ვინაობის დასახელება, ვინც მას საბჭოს დატოვებას სთხოვდა, არ ისურვა. დანელიას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ამიტომ საბჭოს დატოვებას არ აპირებს.

დღევანდელი მონაცემებით საბჭოში 7 წევრი რჩება, რადგან ეკა მაზმიშვილისა და ავთანდილ ანთიძის მოთხოვნა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, პარლამენტმა დააკმაყოფილა. მაუწყებლობის შესახებ კანონით სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, თუ სხდომას მინიმუმ 8 მეურვე არ ესწრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბჭოს ეს შემადგენლობა ვერც მაუწყებლის ბიუჯეტს დაამტკიცებს და ვერც ახალ გენერალურ დირექტორს აირჩევს, რამაც შეიძლება მაუწყებელს ფინანსური პრობლემები შეუქმნას.

გთავაზობთ ინტერვიუს ნინო დანელიასთან, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით ჩავწერეთ:

რა სახის ზეწოლა იყო თქვენზე? შეიძლება არ ასახელებთ ვინაობას, მაგრამ იქნებ მოგვიყვეთ, რას გეუბნებოდნენ კონკრეტულად?

- კატეგორიულად მთხოვდნენ საბჭოს დატოვებას. დეტალებზე არ ვსაუბრობ.

როდიდან ხორციელდებოდა თქვენზე ზეწოლა? პირველად, როდის დაგიკავშირდნენ?

- პირველად დამიკავშირდნენ სექტემბრის დასაწყისში.

რატომ არ აცნობეთ საზოგადოებას თავიდანვე თქვენ, ან საბჭოს სხვა წევრებმა, როგორც კი შენიშნეთ, რომ იყო თქვენს საქმიანობაში ჩარევის მცდელობა?

- საბჭოს წევრებს მაშინვე მივწერე იმეილი და ვთხოვე, რომ შეესრულებინათ მათზე დაკისრებული ვალდებულებები და არ წასულიყვნენ გარიგებაზე. არ მინდოდა, რომ საკრებულოს დეპუტატებს დამსგავსებოდნენ, რომლებიც ხელისუფლების ცვლასთან ერთად, სხვა ნავში ისკუპებენ ხოლმე.

ეკა მაზმიშვილი ამბობს, რომ მასზე არ ყოფილა არანაირი ზეწოლა. თქვენ, მიუხედავად ამისა, ფიქრობთ, რომ მისი წასვლა გარკვეული ზეწოლის შედეგია, ხომ არ ისაუბრეთ მასთან პირადად?

- კი ვისაუბრე მაზმიშვილთან. მასთან საუბარსაც ვერ განვასაჯაროებ. ეს მისი პირადი საქმეა.

როდის გაიგეთ სამეურვეო საბჭოს სხვა წევრებზე ზეწოლის შესახებ, თავად გითხრეს პირად საუბრებში?

- თავადაც მითხრეს საბჭოს წევრებმა და ის ადამიანებიც მეუბნებოდნენ, რომ საბჭოს სხვა წევრებთან მიდიოდა საუბარი. ამიტომ, ორივე მხრიდან მქონდა ინფორმაცია, რის შესახებაც, გავაფრთხილე საბჭო.

ვის შეიძლება აწყობდეს სამეურვეო საბჭოს დაშლა და მაუწყებელში კრიზისის შექმნა?

მაუწყებელში კრიზისის შექმნა უნდათ იმათ, ვისაც უნდა, რომ დაასწროს საბჭოს დაშლის ლეგიტიმურ პროცესს. შეგახსენებთ, რომ მედიაკოალიციის მიერ მომზადებული კანონის მიხედვით, საბჭო იანვარში იშლება და ახალი საბჭოს არჩევნები ჩატარდება. სამი თვე ვერ მოითმინა იმან, ვისაც არ უნდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესება და უნდა პოლიტიკური კონტროლის დაწესება. ეს არ არის მხოლოდ ოცნება. თავად მაუწყებლის ჟურნალისტები მესაუბრებიან არა მხოლოდ კოკა ყანდიაშვილზე, არამედ ნუგზარ ფოფხაძესა და ჩხარტიშვილზე.

მაუწყებლის ჟურნალისტები მათ რატომ ახსენებენ?

ყანდიაშვილს უთანხმებდა საკითხებს ბარათაშვილი, - სამმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ადამიანმა მითხრა ეს. აქედან ერთი უშუალოდ მომსწრე იყო ამის. ასევე, ჟურნალისტები საუბრობენ იმაზე, რომ გოგა ჩართოლანს აქვს მასთან სატელეფონო საუბრები.

ფოფხაძეზე და ჩხარტიშვილზე საუბრობენ არა მარტო ჟურნალისტები, არამედ საბჭოს წევრებიც.

ანუ ისინიც ცდილობდნენ მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევას?

დიახ.

რაში ხედავთ გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან? რისი გაკეთება შეუძლიათ სამეურვეო საბჭოს წევრებს?

- გამოსავალი არის ის, რომ საბჭოს სრული შემადგენლობა დაითვალოს არა არსებული 15 კაციდან (ითვლება, რომ ახლა აბჭოში სიითი შემადგენლობით 15 კაცია და გადაწყვეტილებას სჭირდება ნახევარზე მეტი, ანუ 8 ხმა), არამედ, არსებული 9 კაციდან, რაც რეალურადაა. ამ შემთხვევაში, 2 წევრის გასვლა, საბჭოს არ ხდის ქმედუუნაროს. მაგრამ, ამას პარლამენტის გადაწყვეტილება სჭირდება და რამდენადაც მახსოვს, პარლამენტი არ იკრიბება ნოემბრამდე. ნოემბერში კი აზრი აღარ აქვს ძველ საბჭოზე ფიქრს. სჯობს, სასწრაფოდ დაიწყოს ახალი საბჭოს ფორმირება.

როგორ შეიძლება მოხდეს საბჭოს დაჩქარებულად ფორმირება? ანუ ნოემბრამდე პერიოდს ვგულისხმობ.

არ ვიცი, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და ისევ ცვლილება უნდა შევიდეს კანონში.

თქვენ აღნიშნეთ, რომ მედიაკოალიციის მიერ მომზადებული კანონის მიხედვით, ძველი სამეურვეო საბჭო იანვარში უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს. რამდენად სწორი იყო კანონში ცვლილებების ამ ფორმით შეტანა და ახალი საბჭოს არჩევის 2014 წლის იანვრამდე გადადება?

- იანვარში ამოქმედება გულისხმობდა იმას, რომ პროცესები არ მიბმოდა პოლიტიკური მმართველობის ცვლილებებს, რაც სწორი იყო.

და ბოლოს, იქნებ მითხრათ, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ ადამიანები, ვინც გთხოვდნენ, საბჭოს დატოვებას?

ოცნებას. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test