შემოგვიერთდი

07.10.2013 20:17

პრაღული დიალოგები- „ინტერნეტი ყველაფერს ყლაპავს“

Goga Aptsiauri
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები

პრაღაში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზით ჩავედით. მე და ლაშას (ზარგინავა) აეროპორტში მუმა ბუდიშევა(პროექტის მენეჯერი) დაგვხვდა. მის დანახვაზე როინ აგრბას შერქმეული სახელი მამა (დედა) მუმა გამახსენდა და მეც ასე მივმართე,  იმიტომ რომ სულ თავს დაგვტრიალებს, ცდილობს ყველა სურვილი შეგვისრულოს და პრეტენზიებიც აიტანოს, თუმცა პრეტენზიები ნაკლებადაა.  ყველაზე გვიან სასტუმროში ჩვენი  აფხაზი და ოსი კოლეგები მოვიდნენ. სასტუმროში თბილი და  ემოციური შეხვედრა შედგა. ერთი წელი გავიდა ერთმანეთი არ გვინახია.  ცოტა ხანში აჯიკა, არაყი, ყველი და ღვინოც გაჩნდა და კიდევ ერთი შეხვედრის სადღეგრძელო ისევ  დაილია.

 „პრაღული დიალოგები“- ასე ჰქვია ტრენინგების სერიას, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქში უკვე მეორედ ტარდება. ამ ტრენინგების ორგანიზატორია პრაღის საერთაშორისო მედიატრენერების ასოციაცია (pimta).  შარშან ეს დიალოგები ძირითადად ტრადიციული მედიის შესახებ ტარდებოდა. ჩეხური გაზეთების და ტელევიზიების გამოცდილებას გავეცანით. წელს კი ახალი მედია და სოციალური ქსელებია ამ ტრენინგის მთავარი თემა. შარშანვე გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო ვებ გვერდი, სადაც თავს მოიყრიდა კავკასიის მასშტაბით მომზადებული ჟურნალისტური პროდუქცია.

წლევანდელი ტრენინგების განსხვავება ისიცაა, რომ შემოგვიერთდნენ კოლეგები ყაბარდო-ბალყარეთიდან. ამჟამად ვამუშავებთ იდეას საერთო კავკასიური ინტერნეტრესურსის თაობაზე. ვეძებთ გზებს ახალი საიტის კონცეფციის და სისტემის აწყობის შესახებ . გვინდა, რომ ეს საიტი განსხვავებული იყოს სხვა საიტებისგან, რომლებიც იგივე მიმართულებით მუშაობს. წინ კიდევ 6 დღე გვაქვს და მოვიფიქრებთ რაღაცას. იდეის ხორცშესხმის პარალელურად ადგილობრივ გამოცდილებასაც გვიზიარებენ. ფრენკ უილიამსი (ბი-ბი-სის ყოფილი რედაქტორი) თავს დაგვტრიალებს, ჩვენს მოსაზრებებს ყურადღებით ისმენს. მოდერატორი, მედიატრენერი ალექსანდრ ვერზილოვია. იგი უნივერსალურ ჟურნალისტიკაზე გვესაუბრება, მიმართულება,  როცა ერთი ადამიანი ერთდროულად ამზადებს, როგორც ტექსტურ ისე ვიდეო მასალას. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, უნივერსალური ჟურნალისტი ერთბაშად ყველა მიმართულების ჟურნალისტის უნარ-ჩვევებს ფლობს, ესაა ჟურნალისტიკა, რომელშიც შერწყმულია გაზეთი, ტელევიზია და რადიო ინტერნეტ-სივრცეში. საინტერესო იყო ვებ-რედაქტორის ევგენია სნეჟკინას ლექცია. გთავაზობთ რამდენიმე, ჩემი აზრით, საინტერესო და შედარებით ახალ გამოცდილებას  რაც ევროპულ ახალ მედიაში უკვე დამკვიდრდა. მაგალითად  რედაქციებს უკვე აყვანილი ჰყავთ ადამიანები, რომლებიც  არიან პასუხისმგებელნი კონკრეტული ინტერნეტ-გამოცემის კონტენტის სოციალურ ქსელებში გავრცელებაზე. ეს ადამიანები საიტის ახალ ამბებს ძალიან სწრაფად ათავსებენ სოციალურ ქსელებში და შესაბამისად მნახველთა რაოდენობას მნიშვნელოვნად ზრდიან.

 ახალი ამბების ინტერნეტ-გამოცემა ოთხჯერჯერ უფრო სწრაფი უნდა იყოს ტელევიზიაზე, საგაზეთო ინტერნეტ-გამოცემები  კი არ უნდა დაელოდონ სტატიის ბოლომდე დასრულებას,   რადგან ინტერნეტში ინფორმაცია ყველაზე სწრაფად ძველდება, თან მოცდა შეიძლება საბედისწეროც კი აღმოჩნდეს, რადგან ეს შეიძლება სხვა გამოცემამ უფრო სწრაფად გააკეთოს. ევგენია ამას რომ ჰყვებოდა, საკუთარი შემთხვევა გამახსენდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. დვანიდან ერთი წყარო მატყობინებდა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა უკვე აწყობილი ღობეების დემონტაჟი დაიწყეს. წყარო არაკომპეტენტური იყო, მაგრამ ფეისბუკზე მაინც დავდე და  მივუთითე, რომ ინფორმაცია გადასამოწმებელია და სოფელში მივდიოდი ამ ყველაფრის სანახავად.  გამოხმაურებები ძალიან ბევრი იყო. გადამოწმებისას დადგინდა, რომ რუსებმა შესაღობად გამზადებული ბოძები დვანიდან წაიღეს. საღამოს რადიო „თავისუფლებისთვის“ უკვე სრულყოფილი რეპორტაჟი მომზადდა, მაგრამ დილის  ანონსის გამო მასალა უამრავმა ადამიანმა ნახა. ტრენერის რეკომენდაცია ასეთია- ვიდრე ამბავი ბოლომდე დაიწერება, პირველ რიგში თუნდაც ორ აბზაცში თქვით რა ხდება.   

„გაზეთი თითქმის მკვდარია, ტელევიზიაც დიდხანს ვერ გაქაჩავს, ინტერნეტი  ყველაფერს ყლაპავს“- ასე ფიქრობს ევგენია სნეჟკინა. რთულია არ დაეთანხმო.  გაზეთებიც, რადიოებიც  და ტელევიზიებიც ცდილობენ ინტერნეტთან ინტეგრირებას. ტექნოლოგიების განვითარება ბევრ რამეს ცვლის.  

აქაურ ამბებს კიდევ  მოგიყვებით.

გოგა აფციაური, პრაღა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test