შემოგვიერთდი

23.10.2013 15:14

Facebook-მა სისასტიკის შემცველ კადრებზე აკრძალვა გააუქმა

ახალი მედია

Facebook Video

Facebook-მა სისასტიკის შემცველ მასალებზე აკრძალვა გააუქმა. სოციალურ ქსელში ხელახლა გავრცელდა ისეთი ვიდეოები, სადაც, მაგალითად, თავის მოკვეთა არის გადაღებული. 

კომპანია აცხადებს, რომ მის მომხარებლებს სრული თავისუფლება ექნებათ, ნახონ და სურვილისამებრ შეაფასონ, გაკიცხონ ესა თუ ის ვიდეო, ფოტო ან ტექსტური მასალა. თუმცა, Facebook-ი განიხილავს ვიდეო რგოლის დასაწყისში გამაფრთხილებელი განცხადების ჩამატებას. უამრავი საჩივრის გამო, სოციალურმა ქსელმა მაისში ვიდეობზე, რომლებიც სისასტიკის ამსახველ კადრებს შეიცავდა, დროებითი აკრძალვა დააწესა. Facebook-ს სთხოვდნენ, წაეშალათ კადრები, რომელსაც ადამიანებისთვის ფსიქიკური ტრავმის მიყენება შეეძლო. თუმცა ეს აკრძალვა მოიხსნა.

თვითმკვლელობის პრევენციის ერთ-ერთმა ცენტრმა უარყოფთად შეაფასა კომპანიის ეს ნაბიჯი.  ფსიქოლოგ დოქტორ არტურ კასიდის თქმით:  „სულ ერთი კადრიც კი საკმარისია ფსიქიკაში ძლიერი კვალის დასატოვებლად. მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანების გონებაში. თანაც, რაც უფრო შთამბეჭდავია მასალა, მით უფრო საშიშია ის. ამიტომაც, დაუშვებელია ასეთი ვიდეოების გამოქვეყნება“. 

Facebook-მა ასევე უარი განაცხადა, წაეშალა ვიდეო, სათაურით: „შეუძლია კი ყველას ამ ვიდეოს ნახვა?“ კადრებში სისასტიკით გამორჩეული მვკლელობის ყველა დეტალი იყო აღწერილი. ვიდეორგოლმა საკმაოდ დიდი უარყოფითი გამოხმაურება პოვა: „წაშალეთ ვიდეო, ხომ შეიძლება ბავშვებმა ნახონ?!“, „ეს არის ამაზრზენი რამ, 23 წლის ვარ და ორიოდე წამი თუ გავუძელი, წარმომიდგენია რა ზემოქმედებას მოახდენს ის ბავშვებზე“, -  წერდნენ კომენტარებში მოხმარებლები.  Facebook-მა კი კვლავ უარი განცხადა ქსელიდან ვიდეო რგოლის ამოღებაზე. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა მედიასთან საუბარში აღნიშნეს, ვიდეო გამოქვეყნებულია იმისთვის, რომ საზოგადოებამ უკეთ დაინახოს რეალობა, გააცნობიეროს ძალადობისა და ტერორიზმის საფრთხე: „Facebook-ი დიდი ხანია ადამიანების გამოცდილების, მოსაზრებებისა და ემოციების გაცვლის ადგილია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ესა თუ ის მოვლენა, ან საგანი დიდ გამოხმაურებას პოულობს. ეს ვიდეოც არის სწორედ იმისთვის, რომ უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. Facebook-ი სხვაგვარად მოიქცეოდა, თუ მას მომხმარებელთა ნაწილი მაინც მოიწონებდა“, - ამბობენ კომპანიაში.

კრიტიკულად შეაფასა ვიდეოების გამოქვეყნება Facebook-ის მრჩეველთა საბჭოს ნაწილმა უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც უსაფრთხოებაზე მომუშავე ხუთი დიდი კომპანიისგან შედგება. საბჭოს ერთ-ერთი წევრი კომპანიის დირექტორის, სტივენ ბალკამის თქმით, Facebook-მა გადაკვეთა „წითელი ხაზი“: „მე თავად ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც აუტანელი სისასტიკეა ასახული და მას თან არანაირი გაფრთხილება არ ერთვის. პირვლივე კადრში ჩანდა, როგორ ჭრის ყელს მამაკაცი ერთ-ერთ ქალს. სამწუხაროა, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მსგავსი ვიდეოების აკრძალვის გაუქმების შესახებ. აუცილებლად დავაფიქსირებ ჩემს კრიტიკულ პოზიციას კომპანიაში“, - თქვა ბალკამმა. უარყოფითი შეფასებები გააკეთეს საბჭოს სხვა წევრებმაც. „Childnet International“-ის აღმასრულებელი დირექტორი უილ გარდნერი ამბობს, რომ ეს რთული საკითხია, თუმცა მსგავსი მასალა ქსელში მაინც არ უნდა ვრცელდებოდეს: „გასაგებია Facebook-ის პოზიცია, რომ საზოგადოება დაცული უნდა იყოს სისასტიკისგან და მსგავსი ნაბიჯებით ისინი ცდილობენ, მოახდინონ მთავრობისა თუ ხალხის მობილიზება. მაგრამ საზოგადოება ასევე დაცული უნდა იყოს შემზარავი კადრების გაუფრთხილებლად ნახვისგანაც, რადგან ამან შეიძლება გამოსუწორებელი ფსიქიკური ტავმა მიაყენოს ზოგიერთს“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიდეოები ვრცელდება სხვა ვებ გვერდებზეც, თუმცა Facebook-ის კრიტიკას ძირითადად მისი სოციალური ქსელის სტატუსი განაპირობებს. აქ, შესაბამისი ფუნქციების გამო, ნებისმიერი მასალის გავრცელება დიდი სისწრაფით ხდება. ფრანგული ციფრული უფლებების დაცვის ჯგუფი „La Quadrature du Net“ კი უარყოფითად აფასებს ზოგადად რაიმე შეზღუდვების დაწესების განხილვას. მათი თქმით, დასაშვებია, რომ მსგავსი ვიდეოები არ ვრცელდებოდეს ინტერნეტში, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ სასამართოლო უნდა იღებდეს.  რომელიმე კომპანიის ან სამოქალაქო ჯგუფის მიერ მიღბული მსგავსი გადაწყვეტილება კი დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

სტატია მოამზადა ალექსანდრე ქეშელაშვილმა BBC-ის მასალის ‘Facebook lets beheading clips return to social network’ მიხედვით

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test