შემოგვიერთდი

22.11.2013 11:15

“თქვენ ცვლილებების მოხდენა შეგიძლიათ” - ბილ ჯენტილი

სალომე ფხალაძე
ინტერვიუ

ბილ ჯენტილი,Bill Gentile

ყველა საჭირო ხელსაწყოს ერთ ზურგჩანთაში აწყობს და მზადაა თავგადასავლებისთვის. ვიდეოკამერა, მიკროფონები, ქსელში ჩართული პერსონალური კომპიუტერი სამონტაჟო პროგრამით (Final Cut Pro, Adobe Premiere,Final Cut Express) ბილ ჯენტილის განუყოფელი ატრიბუტებია. რეპორტიორი, პროდიუსერი, ოპერატორი, მემონტაჟე და გამხმოვანებელი - ეს ყველაფერი ერთ ჟურნალისტში, 21-ე საუკუნის  მულტიფუნქციურ, თავზეხელაღებულ, ზურგჩანთამოკიდებულ (Backpack) ჟურნალისტშია.

ბილ ჯენტილი Backpack ჟურნალისტიკის პიონერია, რომლის მოღვაწეობა 3 ათწლეულს და 5 კონტინენტს მოიცავს. მან კარიერა 1977 წელს მექსიკო სითი ნიუსში რეპორტიორობით და იუ-პი-აის კორესპონდენტობით დაიწყო. ის აშუქებდა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებს: ამერიკის შეერთებული შტატებისა (აშშ) და ნიკარაგუას კონფლიქტს, სალვადორის სამოქალაქო ომს, აშშ-ის შეჭრას პანამაში, 1994 წელს შეჭრას ჰაიტიში, 1990-1991 წლის სპარსეთის ყურის ომს და შემდგომ  ომებს ერაყსა და ავღანეთში. ბილი ამერიკის წამყვან ტელევიზიებში მუშაობდა, მას მოპოვებული აქვს 2 "ემი" და ასევე "რობერტ კენედის ჯილდო" ადამიანის უფლებათა საკითხების გაშუქებისთვის.

ბილ ჯენტილი ამერიკული უნივერსიტეტის Backpack ჟურნალისტიკის პროექტის დამფუძნებელი და დირექტორია, ასევე ამ სფეროს ერთ-ერთი ცნობილი პრაქტიკოსი. ცოტა ხნის წინ ის საქართველოშიც იმყოფებოდა, სადაც მან ტომსონ როიტერის მიერ დაფინანსებული Backpack ვიდეო ჟურნალისტიკის სემინარი ჩაატარა ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუმინეთს წარმოადგენდნენენ.

Media.Ge გთავაზობთ ინტერვიუს ბილ ჯენტილთან:

- რა უპირატესობები და უარყოფითი მხარეები აქვს Backpack ჟურნალისტიკას?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განვმარტო, თუ რა არის ჟურნალისტიკის ეს სფერო. Backpack ჟურნალისტიკა არის ხელობა, როდესაც  შესაბამისად გაწვრთნილი პრაქტიკოსი იყენებს ხელში დასაჭერ ციფრულ ვიდეოკამერას, რათა გადმოსცეს რესპონდენტის ხასიათზე ორიენტირებული ამბავი. ეს მიიღწევა უფრო უშუალო, ინტიმური სტილით, ვიდრე მხარზე დასადები კამერითა და პროდიუსერის, კორესპონდენტის, ოპერატორისა და ხმის ოპერატორისგან შემდგარი გუნდის მიერ მომზადებული მასალით. 

Backpack ჟურნალისტები ყველა ზემოთჩამოთვლილ პროფესიას მოვიცავთ. ჩვენ ვქმნით სურათებს, რომლებიც ვიზუალური კომუნიკაციის მამოძრავებელი ძალაა. Backpack ჟურნალისტი თავად იღებს, ასწორებს ხმას, ის  პროდიუსერია, რეპორტიორიც და ინტერვიუერიც. ჩვენ ვწერთ სცენარს, ზოგიერთ შემთხვევაში, ვახმოვანებთ კიდეც. თუ საჭიროა, მასალას მარტო ვარედაქტირებთ, თუ არა - რედაქტორის თანხლებით. Backpack ჟურნალისტიკა არ არის 6-საათიანი ამბები, რომელსაც ერთი ბევრი დავალების მქონე ჟურნალისტი გადმოსცემს. ეს არის ადამიანის ხასიათზე ორიენტირებული, სპეციფიკური მეთოდოლოგია, რომელიც დიდ დროს მოითხოვს, აქვს უნიკალური შედეგი და არ მიესადაგება ყველა სიტუაციას.

მეთოდი, რომლითაც ვქმნით Backpack ჟურნალისტიკას, მიიღწევა იმ ტექნოლოგიებით, რომელიც ამჟამად გვაქვს. დღეს ექსტრაორდინარულად არის ერთმანეთთან შერწყმული კაცობრიობა, ტექნოლოგიები და კომუნიკაცია. ციფრული კამერები და ინტერნეტი გვაძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ისინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუტენბერგის პრესა. ჩვეულებრივი მოქალაქეები დღეს დიდ ძალას ფლობენ. ჩვენ გვაქვს ძალა, კომუნიკაცია დავამყაროთ მეყსეულად, გლობალურად, ვიზუალურ ენაზე, რომელიც უფრო დაწინაურებულია, ვიდრე მხოლოდ წერილობითი, ან სიტყვიერი ენა. ვიზუალურ ენას არ აქვს საზღვრები, არ სჭირდება თარგმნა. ის თანამედროვეობის მძლავრი იარაღია... Backpack ჟურნალისტიკა კი ვიზუალური ენის ხორცშესხმაა.

ერთ-ერთი დადებითი მხარე ჟურნალისტიკის ამ მიმართულების ისაა, რომ, ჩვენთვის, როგორც ინდივიდებისთვის ხელმისაწვდომია  გლობალური საუბარი, ის, რასაც "ჟურნალისტიკას" ვუწოდებთ და არ ვართ დამოკიდებული რომელიმე მედია კორპორაციაზე.  რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ერთი ისაა, რომ ჩვენ მარტონი ვართ და არ გვაქვს მხარდაჭერა რომელიმე კოლეგის, რომელმაც შეიძლება თავისი გამოცდილებიდან  ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვასწავლოს. მეორე უარყოფითი მხარე ისაა, რომ „მტრულად“ განწყობილ სამყაროში, მარტო მუშაობა შესაძლოა საშიში იყოს.

- რა მომავალი აქვს Backpack ჟურნალისტიკას?

- ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება დღევანდელი მედიალანდშაფტი, მიმდინარე სოციალური გარდაქმნების შემდეგ. Backpack ჟურნალისტიკა ყოველთვის მისი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. პირობითად, მედიასაშუალებები მიხვდნენ, რომ გლობალური ჟურნალისტური საქმიანობის დიდ ნაწილს Backpack ჟურნალისტები ასრულებენ. ამას ვერ უგულებელვყოფთ. მიმაჩნია, უმრავლესობისთვის ადვილად მისახვედრია ის ეკონომიკური უპირატესობა, რაც საქმის შესასრულებლად 1 ან 2 Backpack ჟურნალისტის ყოლას აქვს, ვიდრე - 4 თუ 5-კაციანი სატელევიზიო გუნდისა.

- თქვენ ამერიკული უნივერსიტეტის Backpack ჟურნალისტიკის კურსის დამფუძნებელი ხართ და ასევე ატარებთ სემინარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რას სწავლობენ ზემოთ ჩამოთვლილი კურსებისდან თქვენი სტუდენტები?

- მე ვასწავლი ამბის ვიზუალურ ენაზე თხრობას. ერთ-ერთი უარყოფითი მხარე, რაც ტექნოლოგიების განვითარებას თან სდევს, არის ის, რომ ყველას მიუწვდება ხელი ამ ტექნოლოგიაზე. თუ დააკვირდებით ტელევიზიას და YouTube-ს, დაინახავთ რომ ძალიან ცოტა პრაქტიკოსია, რომელიც ხვდება, თუ როგორ გადმოსცეს ამბავი ვიზუალურად. სწორედ ამ დროს ვჩნდები მე. მე ვასწავლი სტუდენტებს როგორ ისაუბრონ „ვიზუალური ენით“ ჯეროვნად და ეფექტურად.

- ცოტა ხნის წინ თბილისში ჩაატარეთ Backpack ვიდეო ჟურნალისტიკის ვორქშოპი, როგორი შთაბეჭდილებები გაგყვათ საქართველოდან?

- ჩემი აზრით, ის ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომელთა სწავლების სიამოვნება მქონდა, მიხვდნენ, თუ რა შესაძლებლობები არის მათ წინ  არსებული  ტექნოლოგიების და Backpack ჟურნალისტიკის ხელობის სახით. მათთვის უკვე ნათელია, რომ შეუძლიათ შეუერთდნენ ამ სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსთა მოძრაობას და ჟურნალისტურ საქმიანობას. ვფიქრობ, ისინი მიხვდნენ, რომ შეუძლიათ ცვლილების მოხდენა და ჟურნალისტიკაც ხომ სწორედ ამას შეეხება - ცვლილებების მოხდენას.

- რა რჩევას მისცემდით დამწყებ ჟურნალისტებს?

- დამწყებ ჟურნალისტებს ამ რჩევას მივცემდი: არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ შეწყვიტოთ იმის რწმენა, რომ თქვენ ცვლილებების მოხდენა შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ! თქვენ ეს უნდა გააკეთოთ და ბეჯითად თუ იშრომებთ, ყველაფერი გამოგივათ.

 

 

 

ბილ ჯენტილის ბოლო ნამუშევარი მოიცავს 2013 წლის 3-ნაწილიან ფილმების სერიას ("კრიმინალები", "მკვლევარი" და "პასტორი"), რომელიც ეხება რელიგიას და კრიმინალებს გვატემალაში. მათი ნახვა შეგიძლიათ Youtube-ზე:

http://www.youtube.com/watch?v=Eu2gRjMyacc

http://www.youtube.com/watch?v=E3wnOfHQemY

http://www.youtube.com/watch?v=Bl7fZnPQjR0&feature=em-upload_owner

ბილ ჯენტილი ასევე არის ავტორი წიგნისა: „ არსებითი ვიდეო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო“, რომლის შეძენაც შესაძლებელია ამაზონზე.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test