შემოგვიერთდი

25.11.2013 16:40

ახალციხის „მე-9 არხის“ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სირთულეები

მედია მედიის შესახებ

მე-9 არხი სამხრეთის კარიბჭეში

ახალციხის ტელეკომპანია „მე-9 არხის“ დირექტორმა, მაია იველაშვილმა და ჟურნალისტმა, თიკო კურტანიძემ "სამხრეთის კარიბჭის" 22 ნოემბრის გადაცემა - "კვირის აქცენტში“ ტელეკომპანიის ძირითად პრობლემებსა და რეგიონული ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს.

მაია იველაშვილმა „მე-9 არხის“ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის თანმხლები სირთულეები დაასახელა. იველაშვილის აზრით, ციფრული მაუწყებლობა ფინანსების გარდა ლიცენზირებულ, ხარისხიან პროდუქციას მოითხოვს.

„ასევე იზრდება დაფარვის ზონაც, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემთხვევაში ჩვენი დაფარვის ზონაში შემოდის ჯავახეთი - ახალქალაქი, ნინოწმინდა, ხულოსა და ქედის რაიონები“. იველაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიისთვის სიტუაცია რთულდება, რადგან დაფარვის ზონის გაზრდა დამატებით გადამცემებსა და კადრებს მოითხოვს. მისი აზრით, გამოსავალი, შეიძლება, რამდენიმე ტელევიზიის გაერთიანება იყოს.

„მე-9 არხის“ წარმომადგენლებმა ტელეკომპანიის პრობლემებად ასევე მწირი ტექნიკური ბაზა, ფინანსების სიმცირე და კადრების ნაკლებობა დაასახელეს.

მაია ივალეშვილმა აღნიშნა, რომ მედია არასამთავრობო სექტორს უფრო ჰგავს, ვიდრე ბიზნესს. რეგიონში სარეკლამო ბაზრის ათვისება ვერ ხერხდება და არხის შემოსავლის ძირითადი წყაროც ძირითადად გრანტები და დონორი ორგანიზაციებია.

11 გადაცემასა და ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებას 5 ჟურნალისტი ამზადებს, რის გამოც მათ რამდენიმე პოზიციის შეთავსება უწევთ. ეს კი „მე-9 არხის“ ჟურნალისტის, თიკო კურტანიძის თქმით, საკმაოდ რთული და დამღლელია. ამის გარდა მისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რესპოდენტების  სიმცირეა, რის გამოც მათ ხშირად ერთი და იმავე ადამიანის ჩაწერა და გადაცემაში სტუმრად მიწვევა უხდებათ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test