შემოგვიერთდი

11.12.2013 13:19

ახალციხის „მე-9 არხი“ ბიზნესად ქცევას ცდილობს

ხატია ლომიძე
ახლო ხედით

ახალციხის მე-9 არხი

ახალციხეში მოქმედი ტელეკომპანია „მე-9 არხის“ დირექტორისა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რეგიონული მედიის ბიზნესად ქცევა და გრანტებისა და დონორების გარეშე არსებობაა. თუმცა, როგორც ტელეკომპანიის დირექტორი, მაია იველაშვილი Media.ge-თან საუბრისას ამბობს, რეგიონული მედიისთვის სარეკლამო ბაზრის ათვისება ძალიან რთულია. საამისოდ ბევრი აქვთ სასწავლი როგორც მედიის, ისე ბიზნესის წარმომადგენლებს.

„ძალიან ძნელია მკვდარი სარეკლამო სექტორი გამოაცოცხლო, ასევე ძალიან ძნელია არგუმენტირებულად დაარწმუნო ადგილობრივი ბიზნესმენი, თუ რატომაა მისთვის რეკლამა კარგი და რომ ის არ არის წყალში გადაყრილი ფული“, - ამბობს მაია იველაშვილი.

სარეკლამო ბაზრის ასათვისებლად  2013 წლის ივნისიდან „მე-9 არხში“ სარეკლამო სამსახური მუშაობს. ის 3 ადამიანისგან შედგება. სარეკლამო სამსახურის თანამშრომლები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ყოველდღე ხვდებიან. აცნობენ „მე-9 არხის“ საქმიანობას, ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და რეკლამის განთავსების სხვადასხვა პაკეტს სთავაზობენ.

როგორც სარეკლამო სამსახურის წარმომადგენლებმა Media.ge-თან საუბრისას აღნიშნეს, ადგილობრივი ბიზნესსექტორის დარწმუნება რთულია, თუმცა დაინტერესებული ბიზნესმენების რიცხვი ბოლო დროს მაინც გაიზარდა.

ამჟამად „მე-9 არხის“ სარეკლამო სამსახური ადგილობრივ ბიზნესმენებს ტელეკომპანიის ეთერში საახალწლო რეკლამების განთავსებას სთავაზობს.

დღეს „მე-9 არხის“ შემოსავლის დაახლოებით 35-40 პროცენტი რეკლამიდან და სპონსორებიდან მიღებული თანხაა. ეს რიცხვი ტელეკომპანიის მიერ  საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის (GMPP) ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად გაიზარდა. მანამდე რეკლამებიდან მიღებული თანხა საერთო შემოსავლის 15-20 პროცენტს შეადგენდა.

„ჩვენ აქამდე სარეკლამო მიმართულებით არ ვმუშაობდით. ამ პროგრამის მეშვეობით ამაზე ფიქრი რამდენიმე მიმართულებით დავიწყეთ. ამდენად ადგილობრივი ბიზნესმენების დაინტერესებაც გაიზრდა და შესაბამისად რეკლამაც“, - დასძენს მაია იველაშვილი.

„მე-9 არხი“ GMPP პროგრამის 2012 წლის გამარჯვებულია. ამ პროგრამის ფარგლებში ტელეკომპანიის პარტნიორად ამერიკის პენსილვანიის შტატის ქალაქ ერიში მოქმედი ტელეკომპანია WICU შეირჩა. საჭიროებიდან გამომდინარე „მე-9 არხის“ პრიორიტეტად სარეკლამო ბაზრის ასათვისებლად ამერიკული გამოცდილების გაზიარება და მათთან ერთად კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა იქცა. პარტნიორი ტელეკომპანიების წარმომადგენლები ერთმანეთს უკვე სამჯერ შეხვდნენ. დარჩენილია ქართველების  1 ვიზიტი ამერიკაში, რომელიც 2014 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

„მე-9 არხში“ WICU-ის წარმომადგენლების ბოლო ვიზიტი 6 დეკემბერს დამთავრდა. ამ ვიზიტის დროს WICU-ის დირექტორთან და სარეკლამო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრა დაიგეგმა. შეხვედრისას ადგილობრივ ბიზნესმენებს „მე-9 არხის“ საქმიანობა გააცნეს და ბიზნეს საქმიანობაში რეკლამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

მაია იველაშვილი

როგორც მაია იველაშვილი ამბობს, შეხვედრა ეფექტური აღმოჩნდა. 2 ადგილობრივ კომპანიასთან ექვსთვიანი სარეკლამო ხელშეკრულების მზადება დაიწყო. იგეგმება არხის სამაუწყებლო ბადისთვის 2 ახალი კულინარიული და სპორტული გადაცემის  დამატებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, სპონსორები ეყოლებათ.

„მე-9 არხის“ ეთერში უკვე გადის 3 ახალი კომერციული გადაცემა: „ვუპასუხოთ პატარებს“, „პროფესია“, „საუნივერსიტეტო ქრონიკები“. სამივე გადაცემის იდეა WICU-ის წარმომადგენლების „მე-9 არხში“ პირველი ვიზიტის (2013 წლის ივნისი) შემდეგ გაჩნდა და ამერიკელ კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად შეიქმნა. პირველივე ვიზიტის დროს შეიქმნა ტელეკომპანიის გადაცემების შიდა და გარე რეკლამები, დამზადდა ბანერები. როგორც „მე-9 არხში“ ამბობენ ეს ტელეკომპანიის ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს.

„მე-9 არხის“ ორგანიზებით ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გათვალისწინებით 2013 წლის 3 აგვისტოს „მესხური ფესტივალიც“ გაიმართა. (WICU ყოველწლიურად მართავს ფესტივალს „ღვინო ტბაზე“)

“ხარვეზების მიუხედავად  ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი მაინც საინტერესო იყო. ჩვენ დავპატიჟეთ ყველა ის კომპანია, რომელიც მესხეთთან ასოცირდებოდა. ფესტივალი გათვლილი იყო მინიმალურ თანხებზე, მთავრია ამის პრეცენდენტი მომხდარიყო“, - განმარტავს იველაშვილი

„მე-9 არხი“ მესხური ფესტივალის ჩატარებას ყოველწლიურად გეგმავს.

ტელეკომპანია ვებგვერდის შექმნაზეც მუშაობს, რომელსაც ლაივსტრიმინგიც დაემატება. გვერდზე სარეკლამო ადგილებიც უნდა გამოიყოს. როგორც მაია იველაშვილი ამბობს, ეს დაფარვის ზონის გაზრდას შეუწყობს ხელს. ამჟამად ტელეკომპანიის გვერდი wordpress.com-ზეა განთავსებული და მას ბლოგის სახე აქვს.

ტელეკომპანიის ეთერში  ამჟამად 11 გადაცემა გადის, მათ მოსამზადებლად კი 5 ჟურნალისტი და 2 ოპერატორი მუშაობს, რაც როგორც ჟურნალისტები ამბობენ საკმაოდ რთულია, თუმცა ფინანსების სიმცირის გამო თანამშრომლების რაოდენობის ზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„ახალი გადაცემების დამატების გამო, ალბათ, 2-3 ადამიანის დამატება მოგვიწევს, მაგრამ კადრების რაოდენობის გაზრდა მაინც  შემოსავლების ზრდასთან არის გაკავშირებული“, - მაია იველაშვილი

GMPP პროგრამის შესახებ

IREX-ი რეგიონული ტელევიზიებისა და რადიოებისთვის საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამას (GMPP) 2010 წლიდან ახორციელებს. ამ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული 2 რეგიონული ტელევიზიისთვის და 1 რადიოსთვის პარტნიორად თითო-თითო ამერიკული რეგიონული მედია ირჩევა. მათ შორის 4-4 ვიზიტი შედგება და თითო-თითო კვირის განმავლობაში მონაწილეები ერთმანეთის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან და გამოცდილებას გაიზიარებენ. პროგრამა ათთვიანია და მას აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი აფინანსებს.

სხვადასხვა პერიოდში GMPP პროგრამის გამარჯვებულები იყვნენ: ბათუმის „25-ე არხი“, ტელეკომპანია „გურჯაანი“, ტელეკომპანია „გურია“, ახალციხის „მეცხრე არხი“, ქუთაისის „ძველი ქალაქი“, ტელეკომპანია „ბორჯომი“ და ფოთის „მეცხრე ტალღა“.

ტელეკომპანია მე-9 არხი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test