შემოგვიერთდი

11.12.2013 14:27

„კონფლიქტის წინ პირველ ტყვიას მედია ისვრის“

Goga Aptsiauri
სტატიები ჟურნალისტის ჩანაწერები
 (photo: )

ევროსაბჭოს ორგანიზებით სარაევოში გრძელდება ქართველი და ოსი სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების ერთობლივი ვიზიტი. პირველი შეხვედრა სარაევოს უნივერსიტეტის პროფესორთან მირკო პიანოვიჩთან შედგა. მან ბოსნია-ჰერცეგოვინას  ისტორია გაგვაცნო და კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებზე ისაუბრა.  ჯერ ოტომანთა, შემდეგ კი ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო. ეს ტერიტორიაც ამ დროიდან იღებს სახელწოდებას ბოსნია და ჰერცეგოვინა. ამ დროიდან იწყება ბოსნიის ევროპეიზაცია.

ისტორიული ფაქტები

მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მიერ მოხდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ოკუპირება, თუმცა ბოსნიელი პარტიზანები აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ დამპყრობლებს. ფაშისტური ოკუპაციის შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინა იუგოსლავიის შემადგენელი ნაწილი გახდა. იუგოსლავიის ფედერაციის ოქროს ხანას 1960-80 იან წლებს უწოდებენ. ამ დროს დაიწყო ეკონომიკის განვითარება. 90-იანი წლებიდან კი იუგოსლავიის კრიზისი იწყება და ფედერაცია რამდენიმე რესპუბლიკად იშლება. ბოსნიელები იუგოსლავიის შემადგენლობიდან რეფერენდუმით გავიდნენ, მაგრამ სლობოდან მილოშევიჩს არ უნდოდა ფედერაციის სუბიექტების გამოყოფა. მილოშევიჩი მართავდა იუგოსლავიის სახალხო არმიას, საიდანაც სერბების გარდა ყველა გაუშვეს. ამის შემდეგ კი დაიწყო აგრესია ხორვატიის და ბოსნიის მიმართ. უამრავი ადამიანი განდევნეს საცხოვრებელი ადგილებიდან. განსაკუთრებით ბოსნიელ მუსლიმებს და ხორვატებს ავიწროებდნენ. ძალიან გამწვავდა ვითარება და ამ პატარა რესპუბლიკის ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სისხლისღვრის შეჩერება მხოლოდ საერთაშორისო ძალების შემდეგ გახდა შესაძლებელი. 

1995 წლის დეიტონის შეთანხმებით დასრულდა სისხლიანი სამოქალაქო ომი, რომელიც მუსლიმ ბოსნიელებს, მარლთმადიდებელ სერბ და კათოლიკე ხორვატ ეთნოსებს შორის მიმდინარეობდა. ამჟამად ბოსნია ორი სუბიექტისაგან შედგება - სერბული რესპუბლიკისა და მუსლიმურ-ხორვატული ფედერაციისაგან.

ბოსნიის 1992-95 წლების ომში, NATO-ს ჩარევის შედეგად, კონფლიქტის მხარეები დეიტონში (აშშ, ოჰაიო) შეთანხმდნნენ ბოსნია და ჰერცოგოვინას ტერიტორიაზე შექმნილიყო ორი თანასწორი  ერთეული.  ჩამოყალიბდა ბოსნია-ჰერცეგოვინას ფედერაცია ტერიტორიის 51%-ით და სერბთა რესპუბლიკა (49%). ასევე შეიქმნა ბრჩკოს ავტონომიური ერთეული, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობით სარგებლობს. ბოსნიას და ჰერცეგოვინას სამპრეზიდენტიანი მმართველობა აქვს, თითოელის ვეტოს უფლებით. 1995 წლის შემდეგ, რაც აქ ნატოს ძალები შემოვიდნენ, არ მომხდარა არცერთი სერიოზული შეტაკება. 

 მირკო პიანოვიჩი ამბობს, რომ მშვიდობის დამყარების სამი სეგმენტი გამოიყენეს ბოსნიაში. პირველი გადაადგილების თავისუფლება- ქალაქებს შორის, სადაც ადრე ომი მიდიოდა. ჯერ ავტობუსები გაუშვეს, რომლებსაც საერთაშორისო ძალები აცილებდნენ, მოგვიანებით ყველა სატრანსპორტო საშუალებას ერთნაირი სანომრე ნიშნები მისცეს. დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდა თავისუფლად, გაცილების გარეშე გადაადილება.

 მეორე სეგმენტი- ინფრასტრუქტურის აღდგენა. ბოსნია და ჰერცეგოვინას 14 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის საერთაშორისო დახმარება გამოეყო. 1996 წლისათვის 17 მთავრობა,  გაეროს 18  სააგენტო, 27 მთავრობათშორისი ორგანიზაცია და 200 არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო ამ პროცესში. გარდა ამისა, ათიათასობით სამხედრო  იყო განთავსებული ბოსნიის ტერიტორიაზე. 

მესამე სეგმენტი დევნილთა დაბრუნება იყო. ათობით ათასი დევნილი საკუთარ სახლებში დააბრუნეს. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა კანონი დაკარგული ქონების დაბრუნების შესახებ. კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა კი ნდობის აღდგენას ხელი შეუწო. ამ ცვლილებებით ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის თანასწორობა გამოცხადდა. მუსლიმ ბოსნიაკებს,  მართლმადიდებელ სერბებს  და კათოლიკე ხორვატებს ამ ფედერაციის შემადგენლობაში თანასწორი უფლებები მიენიჭათ. ქვეყანის სამი პრეზიდენტი სწორედ ამ ერების წარმომადგენლები არიან. შექმნილი აქვთ ერთგვარი საბჭო და  რვათვეში ერთხელ როტაციის პრინციპით ხდება ერთი მათგანი მთავარსარდალი და აქტებზე ხელის მომწერი.

სამხედრო დამნაშავეები ჰააგის ტრიბუნალის მიერ გასამართლდნენ, ამჟამად ფედერაციას ერთი არმია ჰყავს, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები მსახურობენ. სარდლობა შერეულია. მართალია აქ ამჟამად სტაბილური მშვიდობა არ არის, მაგრამ  ბოსნია და ჰერცეგოვინას კურსი  ევროკავშირისკენ მიდის. მიღებული აქვს ნატოს სამოქმედო გეგმა (MAP),   რეფორმების შეყოვნებამ ქვეყანაც შეაფერხა ევროინტეგრეციის გზაზე. 

მედია და კონფლიქტები

მომდევნო ლექციის თემა „მედია და კონფლიქტი“ იყო, რომელიც  ჟურნალისტმა ვლასტიმირ მიოვიჩმა ჩაატარა. მისი თქმით ბალკანეთის კონფლიქტების გაღვივებაში მედიის როლი დიდი იყო, მისი აზრით კონფლიქტის დაწყებისას პირველ ტყვიას სწორედ მედია ისვრის და ბოლო ტყვიაც მედიამ უნდა ისროლოს. ყველა კონფლიქტი ადრე თუ გვიან სრულდება, მაგრამ მედია მაინც სიძულვილის ენით  წერს. ბოსნიაშიც საქართველოს მსგავსად მილიტარისტული ჟურნალისტიკა სჭარბობდა სამშვიდობო ჟურნალისტიკას. ახლა ვითარება პოზიტიურისკენ იცვლება, მაგრამ მიოვიჩის აზრით ბოსნიურ მედიას თავისუფლება აკლია და მანიპულაციის საგანი ხშირად ხდება. იგი ჟურნალისტებს თამბაქოს ქარხანაში მომუშავეებს ადარებს, როცა ამ ორი პროფესიის წარმომადგენლები ქმნიან პროდუქციას, რომელიც ხალხს წამლავს.  

ჩვენი მასპინძლები ძალიან ცოტას საუბრობენ წარსულზე, ომზე, თითქოს ესირცხვილებათ ყველაფრის გახსენება, მიოვიჩი ამბობს კიდეც - ახლა დრო ბოსნიის მთავარი მოკავშირეა, დრო მშვიდობის და ტკივილების დავიწყებისაო. ქართულ და ბოსნიურ კონფლიქტებს შორის განსხვავება დიდია , მაგრამ მსგავსი დეტალების დანახვაც შეიძლება.    ყველაზე დიდი განსხვავება ალბათ მაინც ისაა, რომ ჩვენი მეზობელი რუსეთია ამათ კი ევროპელები ემეზობლებიან.

საღამოს სარაევოს ძველ უბანში ერთად წავედით ქართველი და ოსი კოლეგები. ვნახეთ ხიდი, სადაც პრინცი ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე მოკლეს, სწორედ ეს მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზად იქცა.

ჯგუფის შიგნით ბევრი დისკუსია გვაქვს, ითქვა ფრაზაც -დემოკრატიის დავიწყებით მშვიდობის მიღწევის მექანიზმი, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებმა მშვიდობისკენ აიძულეს ეს ერები და ანტიდემოკრატიული გამონაკლისებიც დაუშვეს. ქვეყნის მოწყობის საკითხიც თითქოს ბოლომდე არ არის გარკვეული, მაგრამ აქ ყველა ამბობს, რომ მთავარი ჯერ მშვიდობა და სტაბილურობაა.  

საღამოს ერთად დავსხედით მშვიდობის და მშვიდობის მშენებლების სადღეგრძელო დავლიეთ ქართველებმა და ოსებმა.

გოგა აფციაური, სარაევო

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test