შემოგვიერთდი

14.12.2013 21:20

პირობითი საზღვარი

თამარ სვანიძე
ჟურნალისტის ჩანაწერები

„გადასვლა აკრძალულია, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა!“ -  მწვანე ბანერები საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან მავთულხლართებთან ერთად გაჩნდა. პირველი მავთულხლართი 2013 წლის 27 მაისს გამოჩნდა. “პირობითი საზღვარი” სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას შორის სულ უფრო ეკლიანი და შესამჩნევი გახდა. დიცი, დვანი, ღოღეთი,  საზღვრის დაახლოებით 350 კილომეტრი რუსი სამხედროების მიერ უკვე შემოსაზღვრულია.

რკინის ღობის გავლების შემდეგ საზღვრისპირა ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები, ასევე წყლის საცავი და სასაფლაოები სეპარატისტული რეგიონის მხარეს დარჩა. მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობს. მავთულხლართების გაბმამდე ისინი მესაზღვრეებთან სხვადასხვა მეთოდებით ახერხებდნენ მოლაპარაკებას, რომ იქით მხარეს დარჩენილი მიწებისთვის მოევლოთ.  ახალი, რუსული გეოპოლიტიკური რუკის მიხედვით კი ეს უკვე შეუძლებელი გახდა.  საქართველოს ხელისუფლება კი მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიას და დაცვას ჰპირდება. 

„სამხრეთ ოსეთის მხარესაც, არიან გლეხები, რომელთა მიწებიც ქართულ ნაწილში დარჩა. თუმცა მსგავსი შემთხვევევბი, ქართველების უფრო მეტია“ - აღნიშნა ნიკოლაი სილაევმა, კავკასიის პრობლემებისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის მთავარმა მეცნიერმა, 20 ივნისს გამართულ „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრაზე.

სილაევის აზრით რუსეთის ოფიციალური პოზიცია მავთულიანი საზღვრების  გაბმასთან დაკავშირებით შემდეგია, რუსეთის ფედერაციამ აღიარა სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი, შესაბამისად, საზღვრების პრობლემას მესამე ქვეყნებთან ის არ განიხილავს. რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფება ოსეთისა და მოსკოვის „ოფიციალური“ შეთანხმების საფუძველზე.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პრობლემას „ცხელი თავების“ არსებობას მიაწერს. „მავთულხლართებზე კი გეტყვით, რომ საზღვრები დაცული უნდა იყოს, მათი დარღვევის ფაქტები კი – აღკვეთილი. ვფიქრობ, რომ ცხელი თავების დაწყნარების შემთხვევაში  მავთულხლართებიც საჭირო აღარ იქნება’’. ეს განცხადება ლავროვმა ბრიუსელში,  ნატოს საგარეო საქმეთ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მაშინ როცა საქართველოში ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალა რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვას და ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, რუსეთი მაინც არ იშურებს ძალებს რათა შეინაჩუნოს რეგიონში მაკონტროლებელი როლი, მავთულხლართების გავლებით, კი ცდილობს საქართველოს დაანახოს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ევროატლანტიკური კურსით ღრმად „გატაცებას“.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. ჩრდილოელი მეზობელი ადმინისტრაციულ საზღვრის „დაკანონებას“ იმ მიზეზით ხსნის, რომ ეხმარება „სუვერენილ სახელმწიფოს“ (ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთს) ტერიტორიის საზღვრების დადგენაში. ქართული მხარისთვის, რომლის პოზიციაც ემთხვევა საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს, რომ საზღვრის გავლება რუსეთის მხრიდან ქართული ტერიტორიის უკანონო მითვისება და ოკუპაციაა, რაც ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა,  2008 წლის 16 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც იმ დროს არსებული საზღვარი საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის დროებით საზღვრად მიიჩნევა.

რუსეთისთვის საქართველო პირველი სახელმწიფო არ არის, რომელთანაც იგი ძალების სადემონსტრაციოდ მავთულხლართებს იყენებს. უკრაინული ტელევიზია ИРТА- მ გაავრცელა სიუჟეტი, რომელშიც უკრაინა- რუსეთის საზღვართან, ლუგანსკის ოლქში, რუსების მიერ სასაზღვრო ღობის გავლების კადრებია ასახული. ლუგანსკის ოლქის მოსახლეობასაც, ცხინვალელების მსგავსად, ოჯახის წევრები და მიწის ნაკვეთები დარჩათ „რუსეთის ტერიტორიაზე“. როგორც ჩანს, რუსეთი ურჩი და დასავლური ორიენტაციის მქონე მეზობლების დასასჯელად ახალ მეთოდებს იყენებს.

 

მცოცავ ოკუპაციისა და საზღვრის გადმოწევის მცდელობაზე ოფიციალური თბილისის პირველი რეაქცია შედარებით რბილი იყო. მაშინდელი პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, თავიდან ამ ყველაფერს გაუგებრობას მიაწერდა და რუსეთის მხრიდან მსგავსი საქციელის ლოგიკურობას ვერ ხედავდა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევდა, რომ ამ ქმედებებით რუსეთს სურს თბილისი საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებებზე დაითანხმოს და „მეტრების გადმოწევით კილომეტრები დაიკანონოს". თუმცა, პირობით საზღვარზე მავთულხლართების მატებასთან ერთად გამკაცრდა ქართული მხარის ოფიციალური პოზიციებიც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან რუსეთს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნეს.

მავთულხლართების გაბმით უფრო სამხრეთ ოსეთი ზარალდება, ვიდრე ქართული მხარე და ეს პრობლემა მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. ეს კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი 2-ზე გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. მისი თქმით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, მავთულხლართების მიღმა ჩაკეტვა თუ მონაწილეობა ერთიან ევროპულ პროცესში. ეს განცხადება მარგველაშვილმა, ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებაზე ხელმოწერის შემდეგ გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში განვითარებული მოვლენები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა ევროინტეგრაციის გზაზე, პარაფირებაზე ხელმოწერა ნიშნავს, ჩვენი მხრიდან რეალურ დოკუმენტზე ხელმოსაწერად მზადებას, ევროკავშირის მხრიდან კი დაკვირვებას, რამდენად დასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს, და ეს საერთოდ არ უზრუნველყოფს საქართველოს ევროპულ ოჯახში უპირობოდ გაწევრიანებას. ამიტომ, სამხრეთ ოსეთისთვის ევროპულ საქართველოში ცხოვრების შეთავაზება ჯერ ნაჩქარევია. პირველ რიგში, მათ რეალური პირობები უნდა შევუქმნათ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში საქართველო აირჩიონ. ეს კი ნიშნავს მათთვის, მინიმუმ, მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის პირველი - ორი საფეხურის დაკმაყოფილებას, რაც გულისხმობს სოციალური პრობლემების მოგვარებას, ხარისხიანი ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობას. ასევე,  უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

მარგველაშვილის თქმით -  „ მაშინაც კი, როდესაც ბერლინის კედელი შენდებოდა, ნათელი იყო, რომ ის დაინგრეოდა, ასევეა მავთულხლართი, რადგან ეს არის არა სტრატეგიული, არამედ ადამიანებს შორის აგებული მავთული.“

მისივე შეფასებით, გარკვეულწილად მავთულხლართი იმის ილუსტრაციაა, რომ ორმხრივი ურთიერთობები უკვე იმდენად ინტენსიურია, რომ მას გაჩერება სჭირდება. "სხვა მიზეზს მართლა ვერ ვხედავ. ვერცერთი სამხედრო ან თეორიტიკოსი მე ვერ ამიხსნის, რა როლი შეიძლება ჰქონდეს თანამედროვე სამყაროში მავთულხლართებს".

თუმცა, ქართველებსა და ოსებს შორის „ინტენსიური ურთიერთობების“ ფონზე გაყოფილი საზღვარი დღითიდღე გრძელდება. ბოლოს მავთულხლართები რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიებზე დაამონტაჟეს. საინტერესოა რა იქნება შემდეგი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test