შემოგვიერთდი

17.12.2013 14:30

“სამხრეთის კარიბჭე” - ბეჭდური მედიიდან მულტიმედიამდე

ხატია ლომიძე
ახლო ხედით

სამხრეთის კარიბჭე

სამცხე-ჯავახეთში მოქმედ მედიასაშუალება „სამხრეთის კარიბჭეში“ 2013 წლის ოქტომბერში ონლაინსტუდია გაიხსნა. სტუდია ჯერჯერობით დაუსრულებელია, დასამზადებელია ბანერიც. თუმცა, ამის მიუხედავად „სამხრეთის კარიბჭის“ მთავარმა რედაქტორმა, ნინო ნარიმანაშვილმა ვებ-გვერდისთვის გადაცემის დამატება მაინც გადაწყვიტა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ონლაინსტუდიაში ჩაწერილი პირველი გადაცემა „კვირის აქცენტია“, რომელიც ვებგვერდზე პირველად 2013 წლის 30 ოქტომბერს აიტვირთა. „კვირის აქცენტი“ კვირის განმავლობაში რეგიონში მომხდარ მთავარ ამბავს ეძღვნება და ვებგვერდზე ყოველ პარასკევს, საღამოს რვა საათზე იტვირთება.

„კვირის აქცენტს“ სამი ადამიანი: გადაცემის წამყვანი, ოპერატორი და ტექნიკური რეჟისორი ამზადებს. ჯგუფი გადაცემის ჩასაწერად 2 ვიდეოკამერასა და 1 მიქშერს იყენებს.

„კვირის აქცენტის“ წამყვანს, თამუნა უჩიძეს კამერასთან მუშაობა პირველად მოუწია, ამიტომ მისთვის ახალი სამუშაო რთული აღმოჩნდა.

„ჩემთვის ეს სამუშაო ცოტა სტრესულია. გაზეთზე, ან ვებგვერდზე მუშაობისას თუ შეგიძლია რაღაც კომენტარი ტელეფონით ჩაწერო, გადაცემის შემთხვევაში ეს სხვაგვარადაა. თუ კადრები არ გაქვს და, მითუმეტეს, თუ გადაცემის ჩაწერისას რესპოდენტი არ მოვიდა, ყველაფერს წერტილი ესმევა. ეს ჩემს სამუშაოს ართულებს“, - ამბობს თამუნა უჩიძე.

გადაცემის წამყვანისთვის ერთერთი მთავარი პრობლემარესპოდენტების სიმცირეცაა. „ხომ არ შეიძლება, ყველა თემაზე ერთი და იგივე ადამიანი ალაპარაკო?! რა საკითხზეც არ უნდა დაგეგმო გადაცემა, ხშირად ასე გამოდის“, - გვიხსნის უჩიძე.

გადაცემაზე მუშაობა „კვირის აქცენტის“ ტექნიკურ რეჟისორსაც პირველად მოუწია. ოთარ აწყურელმა Media.ge-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი სამუშაო თავიდან რთული მოეჩვენა, თუმცა, ტრენინგის შემდეგ მიხვდა, რომ საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეძლებდა.

„სამხრეთის კარიბჭე“ IREX-ის G-MEDIA პროგრამის “ახალი მედია ინიციატივის” (NMI) მონაწილეა, სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში აიწყო ონლაინსტუდია.

სამხრეთის კარიბჭე

სამხრეთის კარიბჭე

„სამხრეთის კარიბჭის“ ვებგვერდზე ადგილი ვიდეოსთვის სტუდიის გახსნამდეც იყო გამოყოფილი. ამ რუბრიკაში სხვა ვიდეოსიუჟეტებთან ერთად „პრესის დაიჯესტი“ და „დღის კითხვა“ იყო განთავსებული. ამავე რუბრიკაში იტვირთება გადაცემა „კვირის აქცენტის“ ჩანაწერიც. თუმცა, როგორც ნინო ნარიმანაშვილმა Media.ge-თან საუბრისას აღნიშნა, დაგეგმილია ვებგვერდის რედიზაინი და მალე გადაცემისთვის ცალკე ადგილი გამოიყოფა. ნარიმანიშვილის თქმით, მათ სამუშაო ტემპს ვებ-გვერდი აღარ აკმაყოფილებს, რადგან სტატიებთან ერთად უკვე მულტიმედია მასალებიც იტვირთება. მათთვის ადგილი კი ცალკე გამოყოფილი არ არის, რის გამოც მასალები ხშირად ირევა და მკითხველიც იბნევა.

„სამხრეთის კარიბჭე“ ახალი გადაცემების მომზადებასაც გეგმავს. 2014 წლის გაზაფხულიდან ვებგვერდს რუბრიკები „სტუმრად კარიბჭეში“, „მეურნე“ და „პორტრეტი“ დაემატება. იგეგმება ისტორიული ძეგლების შესახებ გადაცემის მომზადებაც. როგორც ნარიმანაშვილმა Media.ge-თან საუბრისას აღნიშნა, მკითხველი მსუბუქ გასართობ გადაცემებს მოკლებულია, ამიტომ ეს გადაცემები შედარებით მსუბუქი იქნება.

“სამხრეთის კარიბჭე“ სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთია, რომელიც 2004 წლის ივნისიდან გამოდის. 2012 წლის მარტიდან კი გაზეთის ბაზაზე საინფორმაციო პორტალი SKnews.ge შეიქმნა.

IREX G-MEDIA პროგრამის “ახალი მედია ინიციატივის” (NMI) მონაწილეები „სამხრეთის კარიბჭის“ გარდა, არიან  გაზეთები “გურია ნიუსი“ და “ახალი გაზეთი“. ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ონლაინსტუდია აუწყეს და ვებმაუწყებლობა ასწავლეს.

ნინო ნარიმანიშვილი

სამხრეთის კარიბჭე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test