შემოგვიერთდი

19.12.2013 15:23

დაისჯება თუ არა მედიასაშუალება სიძულვილის ენის გამოყენებისთვის - "რეზონანსი"

მედია მედიის შესახებ

გაზეთი 'რეზონანსი'

თუ ინსპექტორი დაადგენს, რომ მედია, ან კერძო პირი საჯარო გამოსვლისას სიძულვილის ენას იყენებს, შესაძლოა, მას ფინანსური სანქცია დაეკისროს. ასეთი ინტერპრეტაციის  საშუალებას, როგორც იურისტები ამბობენ, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი იძლევა. ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 100-დან 500 ლარამდეა, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 500-დან 2500-მდე. კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად მომავალ კვირაში გადაეგზავნება.

ანტიდისკრიმინაციული კანონით დაისჯება, თუ არა, მედიასაშუალება სიძულვილის ენის გამოყენებისთვის - ამ თემაზე მასალა გაზეთმა „რეზონანსმა“ 19 დეკემბრის ნომერში გამოაქვეყნა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ კანონში პირდაპირ არაფერი წერია, თუმცა, არის ჩანაწერი, რომელიც სიძულვილის ენის აკრძალვის ინტერპრეტაციას იძლევა. ამ ჩანაწერით დაუშვებელია ნებისმიერი შევიწროება, რომელიც მიზნად მტრული, დამამცირებელი, დამაშინებელი და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას ისახავს. იკრძალება დისკრიმინაციისკენ წაქეზებაც.

გიორგი გოცირიძე „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კანონპროექტში ამ ჩანაწერის დაკონკრეტება სასურველია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ რეკომენდაციით  კანონპროექტის ინიციატორს, იუსტიციის სამინისტროს უკვე მიმართეს. გაუთვალისწინებლობის შემთხევაში კი ისინი ამავე რეკომენდაციით უკვე საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის აზრით, დასაზუსტებელია, რა მიიჩნევა სიძულვილის ენად. როგორც ვაჭარაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, კანონით ამის დარეგულირება შეუძლებელია. ასეთ საკითხებს თავად მედია და მისი აუდიტორია უნდა არეგულირებდეს.

კანონით სიძულვილის ენის შესაძლო აკრძალვა შეაფასა ჟურნალისტმა თამარ ჩიქოვანმაც.  ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სიძულვილის ენის განმარტება. ჟურნალისტის აზრით, ერთი მხრივ სიძულვილის ენა არ უნდა იყოს, ხოლო, მეორე მხრივ ცენზურის ნიშნებიც არ უნდა გაჩნდეს. ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

იუსტიციის სამინისტროს პირველი მოადგილე სანდრო ბარამაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კანონპროექტში სიძულვილის ენის შესახებ არაფერი წერია და ეს იურისტების სპეკულაციაა.

სანდრო ბარამაძე კანონპროექტში არსებული ჩანაწერის დაკონკრეტებას არ გამორიცხავს, თუმცა მისი აზრით, არასწორია კანონში დაზუსტდეს, რა არის სიძულვილის ენის გამომხატველი და რა - არა. როგორც ბარამაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამის დარეგულირებით   გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები გაჩნდება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test