შემოგვიერთდი

24.12.2013 16:32

„დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოამზადოს კარგი სიუჟეტი“ - დაჩი გრძელიშვილი

ალექსანდრე ქეშელაშვილი
ინტერვიუ
დაჩი გრძელიშვილი (photo: )

USAID-ის დაფინანსებით საქართველოში IREX-ი  G-Media პროგრმას უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. მისი ერთ-ერთი მიმართულება საქართველოში ახალი მედიის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში IREX-მა 2013 წელს სხვადასხვა პროექტები განახორციელა.  უფრო კონკრეტულად რა საკითხებს მოიცავდა ეს პროექტები,  რა პერსპექტივები აქვს ახალ მედიას საქართველოში და როგორ იყენებენ ჟურნალისტები ახალი მედიის ინსტრუმენტებს, ამ საკითხებზე Media.Ge  IREX-ის ახალი მედიის პროგრამის ხელმძღვანელს, დაჩი გრძელიშვილს ესაუბრა.

- დაჩი,  IREX-ის მიერ განხორციელებული პროექტებით დავიწყოთ.  რა აქტივობები განახორციელეთ?

-G-Media პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც IREX-ის ორგანიზებით მიმდინარეობს, არის „ახალი მედიის ინიციატივა“ (NMI). ამ პროგრამის ფარგლებში რეგიონულ ჟურნალისტიკაში ახალი მედიის განვითარებისთვის წინასწარი მოკვლევით შევარჩიეთ 13 მედია ორგანიზაცია, რომელსაც მუდმივი ტრენინგები უტარდებოდათ.

ყველაზე მთავარი ორგანიზაციების მდგრადობის გაზრდა იყო. ჩვენი მიზანი იყო მედიასაშუალებას საკუთარი თავის რჩენის საშუალება მისცემოდა,  გაევრცელებინა სანდო და  დაბალანსებული ინფორმაცია, ჰქონოდა შესაბამასი ტექნიკური აღჭურვილობა. ამ ასპექტების წარმატებით შესასრულებლად ჩვენ დავიწყეთ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით: დავეხმარეთ ვებ გვერდების გამართვაში. ჩავატარეთ ტრენინგები ონლაინ გაიყდვებში და ვასწავლეთ აუდიოვიდეო ტექნიკა, გადაღება და მონტაჟი.  გვქონდა კონსულტაციები მენეჯმენტის მოწყობის, აღჭურვილობის შერჩევის თავლასზრისით და ა.შ.

 „ახალი მედიის ინიციატივის“ პროექტის მიღმა, IREX-ის გუნდის წევრები ყველა რეგიონში ჩავდივართ და ადგილობრივ მედიასაშუალებებს ვუტარებთ კონსულტაციებსა და ტრენინგებს. ამ პროგრამებთან ერთად, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პროექტი  -  ე.წ. გენერალური ტრენინგი ახალ მედიაში, სადაც მონაწილეობა შეუძლია ყველა ჟურნალისტს. ამ ტიპის ტრენინგები გასულ წელს სამჯერ ჩატარდა და ძალიან დიდი იყო ინტერესი.

-თუმცა, რეგიონულ მედიას აქვს პრობლემები, მაგალითად, შემოსავლების ნაკლებობა და ამის გათვალისწინებით, რამდენად რეალურია, რომ ისინი შეძლებენ საკუთრი ორგანიზაციების აღჭურვას თანამედროვე ტექნიკით?

-მე დიდი იმედი მაქვს, რომ პროგრამის დასასრულს ეს მედიასაშუალებები მნიშვნელოვანწილად დამოუკიდებლები იქნებიან. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ პროგრამის დაწყებამდე მათი უმეტესობა ახალი მედიის ტექნოლოგიებს იყენებდა სპონტანურად. არ იყო აწყობილი ვიდეოს მონტაჟისა და ვებ გვერდზე განთავსების სისტემა; არ ჰქონდათ ონლაინ გაყიდვების მეთოდოლოგია შემუშავებული და ა.შ.  თუმცა, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ძალიან მონდომებულები და შევძელით, ერთობლივად შეგვექმნა ყველა ეს სისტემა. დღეს, მათ ვებ გვერდებზე შეგვიძლია ისეთი მასალების ნახვაც, რასაც თბილისის ბევრი ნიუსრუმი ვერ ქმნის. ამ პროგრამის ფარგლებშივე IREX-მა რამდენიმე რეგიონულ მედიასაშუალებას, რომლებსაც ჰქონდათ შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსი, დაუმონტაჟა ადგილობრივი ონლაინ სატელევიზიო სტუდიები. ამან კიდევ ერთი, დამატებითი სივრცე გააჩინა აზრთა გაცვლისთვის.

-მაგრამ რეგიონების მოსახლეობისთვის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემურია  და როგორ შეძლებენ ეს ტელევიზიები მიაწვდინონ ხმა მიზნობრივ აუდიტორიას?

-მესმის, რომ ინტერნეტთან წვდომა პრობლემურია, მაგრამ ინტერნეტი ვითარდება ძალიან სწრაფად. 3-4 წლის წინ ჩვენ ოცნებაც არ შეგვეძლო რომ მოსახლეობის ფართო ფენებს აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა თუ გურიის რეგიონებში ექნებოდათ წვდომა ინტერნეტზე. არადა, დღეს ინტერნეტი ძალიან სწრაფად ვრცელდება. რეგიონულ მედიაორგანიზაციებს ჰყავთ საკმაო რაოდენობის ინტერნეტ მომხმარებელი. მეტსაც გეტყვით, ხარაგაულში, სადაც არ არის განვითარებული მსხვილი ბიზნესი და არ არის დიდი საწარმოები, აქაც კი არის პატარა, თუმცა დამოუკიდებელი გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ და მათაც შექმნეს საკუთარი ვებ გვერდი.

-როცა ახალ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, საუბარია იმაზეც, რომ ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ სხვადასხვა ინსტრუმენტები. IREX-ის ტრენინგებმადე როგორი იყო ჟურნალისტების ცოდნა ახალ მედიაში?

-ჟურნალისტები არც თუ ისე გარკვეულები იყვნენ ახალი მედიის ინსტრუმენტბში, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ახალ მედიაში არ არის გადამწყვეტი ბაზისური ცოდნა, გადამწყვეტია მონდომება და სწავლის სურვილი. განსხვავებით სხვა მეცნიერებისგან ახალი მედია არის ისეთი რამ, რაც ზედაპირზე დევს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოიძიოს.  მე გაოცებული ვარ ჩვენი ჟურნალისტების ნიჭიერებით, მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს და ისინი ძალიან კარგად იყენებენ ახალი მედიის სხვადასხვა საშუალებებს, არა მარტო სამუშაო პროცესში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

- თუმცა, ამ მიმართულებით შემოსავალი ნაკლებია, რატომ უნდა გადაწყვიტოს ჟურნალისტმა საკუთრი თავის მოსინჯვა ახალ მედიაში?

- ყოველთვის იყო ასეთი პესიმიზმი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინტერნეტი არის ყოვლისმომცველი, ბევრ ძალიან დიდ ტელევიზიას აქვს განვითარებული ვებ გვერდი და მათი ნიუსრუმები ამზადებენ კონტენტს ყველა მიმართულებით. გარდა ამისა, დღეს ბევრ ჩვეულებრივ ჟურნალისტს შეუძლია აქტიური კონკურენცია გაუწიოს ვერტმფრენებით და ძვირადღირებული კამერებით აღჭურვილ ტელევიზიებს, იმიტომ, რომ ბევრად უფრო სწრაფი და იაფია მასალის მომზადება ინტერნეტში. თანაც ინტერნეტ აუდიტორია ყოვლისმომცველია - ის არ ჩამოუვარდება ისეთი მსხვილი ტელეკომპანიების აუდიტორიას, როგორებიც CNN და BBC არიან. სწორედ ამის გამო, თუნდაც ამ ტელეკომპანიებმა აქტიურად დაიწყეს ვებ სივრცის გამოყენება. ახლა უკვე მთავარია ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე, იაფი და მარტივი ტექნიკის გამოყენებით დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია კარგი სიუჟეტი მოამზადოს.


დაჩი გრძელიშვილი

-უცხოურ ვებ სივრცეში მოქალაქე ჟურნალისტები უფრო აქტიურები არიან.  მათი საკმაოდ დიდი ნაწილი აქცენტს უფრო ლოკალურ პრობლემებზე აკეთებს. საქართველო კი ერთი შეხედვით ასეთი დეცენტრალიზებული არ არის. არის თუ არა ეს პრობლემა ჩვენი მედიისთვის?

- გეთანხმებით, ეს პრობლემა აქტუალურია. აი, როცა IREX-მა ეს პროექტები დაიწყო, ჩვენი მთავარი მოწოდება იყო, რომ ყურადღება გაემახვილებინათ ადგილბორივ საკითხებსა და პრობლემებზე. მანამდე რატომღაც იყო ცდუნება, რომ თუკი ისინი ისაუბრებდნენ დედაქალაქში თუ პარლამენტში მიდმინარე მოვლენებზე, პროგრამა იქნებოდა უფრო მიმზიდველი და აკადემიური. არადა, არ არის ასე. რა თქმა უნდა, ჯეროვანი ყურადღება უნდა დავუთმოთ ცენტრში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ თითოეული ორგანიზაციის ძალა მდგომარეობს მათ გარშემო მიმდინარე მოვლენების ასახვაში. ჩემთვის რეგიონული მედიასაშუალებები იმით არიან საინტერეოსები, რომ ვიცი, ისინი არიან იმ კონკრეტულ ადგილზე კონცენტრირებული. მათ კონკრეტული მოვლენების ასახვა უკეთესად შეუძლიათ, ვიდრე ცენტრიდან ჩასულ ჟურნალისტებს.

- საინტერესოა, საქართველოში ახალგაზრდების ჩართულობაც ახალ მედიაში.  როგორც ვიცი, IREX-ს ჰქონდა კიდევ ერთი პროექტი, რომელიც განკუთვნილი იყო მომავალი ჟურნალისტებისთვის.

- მე პირადად არ ვიყავი ამ პროგრამის მართვაში ჩართული, თუმცა IREX-მა განახორციელა სასკოლო ასაკის მოზარდებისთვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დააფინანსა ჟურნალისტიკის შემეცნებითი-სასწავლო კურსები. ერთი მხრივ, ამ გზით განვითარდნენ ადგილობრივი მედია ორგანზიაციები, რომლებიც ატარებდნენ ამ კურსებს, რადგანაც მათ გაუჩნდათ შესაძლებლობა  საკუთარი თავი გამოეცადათ სხვა რანგში. მეორეს მხრივ, ეს იყო კარგი შანსი მოსწავლეებისთვის, გაეგოთ რეალურად როგორ მუშაობს მედია. რაც შეეხება ზოგადად ახალგაზრდების ჩართულობას ახალ მედიაში, სამოქალაქო ჟურნალისტიკაში, NMI-ს პირობებში ჩვენ გვქონდა შეხება სტუდენტებთან. ისინი არიან საკმაოდ ჩართულები, იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. თუმცა, ფაქტია,  ეს არის ძალიან დიდი მარაგი და საბადო ახალი მედიის განვითარებისთვის.

- თავად რა პერსპექტივები აქვს მულტიმედია ჟურნალისტიკას, ახალ მედიას განვითარებისთვის?

- ახალ მედიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ის არ არის განკუთვნილი მხოლოდ პროფესიული საქმიანობისთვის, პროფესიული ჟურნალისტიკისთვის. ახალი მედია თავისთავში ძალიან ბევრ მოსახერხებელ ინსტრუმენტს გულისხმობს. გულისხმობს ისეთ საინტერესო გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ შეიძლება გაოცებული დარჩეთ. ახალ მედიაში ყველაზე კარგი და მომხიბლავი ის არის, რომ აქ ყველაფერი ბაზირებულია ინტერნეტში. თქვენ არ გჭირდებათ ძვირადღირებული კომპიუტერი და რთული სამონტაჟო პროგრამა, მთავარია შესაბამისი ინსტრუმენტის  გამოყენების ცოდნა. მნიშვნელოვანი არ არის რა კამერა გვიჭირავს, მთავარია, ვის უჭირავს ის.

-თუმცა, როცა კონტენტის შექმნა და ინფორმაციის გავრცელება შეუძლია ძალიან ბევრს, ხომ არ რთულდება ეთიკური პრინციპების დაცვა და ამ ინფორმაციის სანდოობის დადგენა?

- ჩვენ ვართ ისეთ გარემოში, სადაც ყველაფერს განსაზღვრავს კონკურენცია. ინტერნეტ სამყაროშიც ძალიან ადვილად შეიძლება მივხვდეთ, სად არის მცდარი და სად სწორი ინფორმაცია. ისიც უნდა ითქვას, რომ ტრადიციული მედიის სოლიდური წარმომადგენლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას. გეთანხმებით, რომ ინტერნეტში ყველას შეუძლია ინფორმაციის გავრცელება, ჟურნალისტს თუ სხვა პროფესიის ადამიანს, მაგრამ ჟურნალისტის სპეციალობა არ არის თავისთავად სანდოობის გარანტი, თავისთავად ამა თუ იმ ორგანიზაციის სახელი არ ნიშნავს სანდო და მიუკერძოებელ შინაარს. ავტორიტეტს მოპოვება სჭირდება და თითოეულ მოქალაქეს ან მედიასაშუალებას შეუძლია დაიმკვიდროს თავი სანდო ინფორმაციის გავრცელებით.

 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test