შემოგვიერთდი

06.01.2014 15:43

„არტარეამ“ მაუწყებლობა დაიწყო

ალექსანდრე ქეშელაშვილი
ახლო ხედით

არტარეა

ტელეკომპანია „არტარეა“ 25 დეკემბრიდან მაუწყებლობს. კომპანიამ საკაბელო მაუწყებლის ავტორიზაცია გაიარა და ერთ-ერთი საკაბელო ოპერატორის, „კავკასუს ონლაინ“-ის მეშვეობით გადის ეთერში. კომპანიის დირექტორი სოფო ხუნწარია ამბობს, რომ „არტარეა“ ეთერში მალე “სილქნეტ”-ის მეშვეობითაც გავა, 2014 წეის კი ეტაპობრივად სხვა საკაბელო ოპერატორების ქსელშიც ჩაირთვება.

 „არტარეა“ ინტერნეტ მომხმარებლისთვის უცხო არ არის. პროექტი 2012 წელს შეიქმნა და კულტურისა და ხელოვნების სფეროში მომუშავე პირველი ონლაინ ტელევიზიაა. „არტარეა“-ს გადაცემები კომპანიის ვებ გვერდზე www.artarea.tv –ზე ქვეყნდება. ონლაინ ტელევიზია  ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, თუმცა ვებ სივრცეს სამაუწყებლო ეთერიც დაემატა. ტელემაუწყებლობის დაწყებით „არტარეას“ წარმომადგენლებს სურთ - საკუთარი პროექტები არა მხოლოდ ინტერნეტმომხმარებელს, არამედ უფრო ფართო მასებს გააცნონ.

„ქართველი მაყურებელი ისევ ტელევიზიაზეა ორიენტირებული. ჩვენც გვსურს, გვქონდეს მეტი წვდომა მედიასივრცეზე და ტელევიზიის მაყურებელმაც გიაზიაროს ჩვენი ღირებულებები. ვფიქრობ, ორგანიზაციაში იწყება ახალი, საინტერესო ეტაპი. მე ნამუშვარი ვარ ტელევიზიაში და ვიცი, როგორი უნიკალური ხიბლი აქვს ტელეწარმოებას“, - განუცხადა სოფო ხუნწარიამ Media.Ge-ს.

„არტარეას“ დირექტორს იმედი აქვს, რომ ვებ გვერდის, ტელევიზიისა და რეალური სივრცის შერწყმას სრულყოფილად მოახერხებენ. პროექტი „არტარეა“ სხვადასხვა გამოფენებს, პრეზენტაციებს თუ საჯარო ლექციებს მასპინძლობს, ვებ გვერდი და ტელეეთერი კი მათი გაშუქების შესაძლებლობაა. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც რეალურ სივრცეში იქმნება და გავა ტელეეთერით, არის საჯარო ლექციათა ციკლი „ქუჩის აკადემია“.

იგეგმება ახალი პროექტების დამატებაც, სადაც აქცენტი საავტორო გადაცემებზე გაკეთდება.  გადაცემების პროფილი მრავალფეროვანი იქნება. 

„ეთერში გავა ნატალია ბერიძის გადაცემა Twilight, რომელიც სხვადასხვა არტისტების ერთგვარი კოლაბორაციაა. მაყურებლისთვის სიურპრიზი იქნება ნიკა მაჩაიძის ხილვა, რომლის საავტორო პროექტი იქნება „გამოტოვებული 70 წელი“, აქ ისტორიული მეხსიერების გაცოცხლებას შევეცდებით.  დავით ბუხრიკიძე აკეთებს გადაცემას თეატრზე, დავით გურგენიძე კი - კინოზე. გადაცემა იქნება ლიტერატურის ირგვლივაც, რაზეც დათო ტურაშვილი იმუშავებს, ასევე იქნება ანასტასია ჩხეიძის პროექტი  -  ჯაზზე. ეს ყველაფერი სიახლეა ჩვენი მაყურებლისთვის, თუმცა ახალ გადაცემებთან ერთად ეთერში გავა უკვე დაწყებული პროექტებიც“, - განუცხადა ხუნწარიამ Media.Ge-ს.

სოფო ხუნწარია

„არტარეას“ ტელეეთერში დებატების მომზადებაც იგეგმება. დისკუსიები კულტურის პოლიტიკას შეეხება. ერთერთი გადაცემა იქნება „ნდობის წრე“, რომელიც ონლაინ ტელევიზიის ფარგლებში უკვე დაწყებულია. „ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო დისკუსიებიც გამოვიდა. ამ გადაცემის ერთ-ერთი თემა იქნება, ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიცაა ხუდონჰესის მშენებლობა. თუმცა, ყველა დისკუსია წარიმართება კულტურის ჭრილში“, - ამბობს სოფო ხუნწარია.

„არტარეას“ შემოსავლის წყარო სხვადასხვა ფონდებია, რომლებიც კომპანიასთან თანამშრომლობენ. პროექტი თავდაპირველად, TBC ბანკის სპონსორობით შეიქმნა. ახლა კი კომპანია დამოუკიდებლად მუშაობს და მის გადაცემებს სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის, კულტურის სამინისტრო აფინანსებს. თუმცა, ვებ გვერდისგან განსხვავებით, სამინისტრო მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაბამისად ვერ დააფინანასებს ტელეეთერისთვის გამიზნულ გადაცემებს. ამის მიუხედავად, „არტარეაში“ იმედოვნებენ, რომ კანონში ისეთი ცვლილებები შევა, რომლის მეშვეობითაც დარგობრივი ტელევიზიებისთვის დაფინანსების გამოყოფა მოხდება. ხუნწარიას თქმით, კულტურის საკითხების გაშუქება ტელევიზიაში სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან მოსახლეობის ფართო ფენებს ჰქონდეთ წვდომა ხელოვნებაზე.

„არტარეას“ დირექტორი სოფო ხუნწარია წლების განმავლობაში კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ასევე მუშაობდა ტელეკომპანია „მზეში“.  

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test