შემოგვიერთდი

09.01.2014 18:13

ქმედუნარიანი სამეურვეო საბჭოს შექმნას საზოგადოებრივ მაუწყებელში 6 იანვარს წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებაც ვერ უზრუნველყოფს

გელა ბოჩიკაშვილი
საუბრები მედიაზე

gpb

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) ახალი წესით არჩეული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება ძალაში საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევის შემთხვევაში შევა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველისა და საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული კანდიდატების  დამტკიცების შემთხვევაშიც კი საბჭოს მხოლოდ 6 კანდიდატი ეყოლება და გადაწყვეტილებების მიღებას ვერ შეძლებს.

საპარლამენტო უმრავლესობა და უმრავლეოსობას მიღმა დარჩენილი დეპუტატების ჯგუფი არ იყენებენ საკუთარ კვოტებს და არ ასახელებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატს. საპარლამენტო უმრავლესობამ დღემდე, მხოლოდ ერთი კანდიდატი, უმრავლესობას მიღმა დარჩენილმა დეპუტატებმა კი მხოლოდ 2 კანდიდატი დაასახელეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დაჩქარებული წესით ვერ კომპლექტდდება. ვერ სრულდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2013 წლის 20 ნოემბერს შესული ცვლილებები, რომლის მიზანიც საბჭოს დაჩქარებული წესით დაკომპლექტება იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაჩქარებული წესით დასაკომპლექტებლად კანონში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთი ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ანი მიროტაძეა. მისი თქმით, კანონში შესული ცვლილებების მიზანი იყო შექმნილიყო ქმედუნარიანი სამეურვეო საბჭო, რომელსაც მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტები უნდა განესაზღვრა. 

„უმჯობესი იყო ყველაფერი კარგად გაგვეთვალა. ჩვენ არ ვიცოდით, რამდენი ადამიანი შეიტანდა, ან რამდენი დააკმაყოფილებდა კონკურსის პირობას. იმაზე საუბარი, თუ რატომ არ დავასახელეთ კანდიდატები, თუ დაჩქარებული წესით გვსურდა საბჭოს დაკომპლექტდება, არასწორია. არ გამოგვივიდა სწრაფად - ვერ შევთანხმდით. ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ“, - აღნიშნა მიროტაძემ Media.Ge-სთან საუბრისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეწურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის მდივანი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ პარლამენტმა ფორმალურად უყარა კენჭი სამეურვეო საბჭოს წევრებად დასახელებულ კანდიდატებს და პროცესი ჩაშალა.

„თუ კანონის ჩანაწერებს მივყვებით, სუბიექტებს პირველ რიგში უნდა აერჩიათ 9 კანდიდატი, რომლისთვისაც პარლამენტს ცალ-ცალკე უნდა ეყარა კენჭი. ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა - არ დასახელდა 9 კანდიდატი, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნა არ შესრულებულა. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება მას შემდეგ იწყება, რაც მინიმუმ 7 მეურვე აირჩევა - ამ შემთხვევაში პარლამენტი ჩიხში შევიდა“, - უთხრა Media.Ge-ს ნათია კაპანაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სერგო რატიანი სამეურვეო საბჭოს ვერდაკომპლექტებას საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ძალის - კოალიცია „ქართული ოცნების“ უუნარობას უკავშრებს. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ მოქმედი სამეურვეო საბჭო ქმედუუნარო კანონში შეტანილი ცვლილებებით გახადა, ახალი საბჭოს დასაკომპლექტებლად კი კანდიდატებს არ ასახელებს.

„უმრავლესობა თავის მიზნებსაც ვერ აღწევს. ის, რის გამოც წამოიწყეს ეს პროცესები, ბოლომდე ვერ მიიყვანეს. მათ აქვთ უმრავლესობა, შეცვალს კანონი, შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატები და დააკომპლექტონ საზოგადოებრივი მაუწყებელი. მათივე დამტკიცებულია კომისია, რომელმაც 27 კანდიდატი დაასახელა. თუ ამ კანდიდატებიდან ვერ არჩევენ სასურველს, ესეც მათი პრობლემაა. ეს არის მათი უუნარობა, არაკოორდინირებულობა და შეუთანხმებლობა“, - უთხრა Media.Ge-ს სერგო რატიანმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ეკა ციმაკურიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაჩქარებული წესით არ დაკომპლექტება მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხარისხზე გავლენას მოახდენს.

„სამეურვეო საბჭო მაუწყებლის დამოუკიდებლობის ხარისხის განმსაზღვრელია. გარდა ამისა, საბჭომ უნდა უზრუნველყოს მაუწყებლის სწორი მუშაობა. ამ პროცესის ხელოვნურად გაწელვა ეწინააღმდეგება იმ მიზანს, რომლითაც კანონში ცვლილებები შევიდა საბჭოს დაჩქარებული წესით დაკომპლექტების შესახებ“, - განუცხადა ციმაკურიძემ Media.Ge-ს.

დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 მეურვე ახალი წესითაა შერჩეული. პარლამენტის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატი - მარინა მუსხელიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობას მიღმა დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ დასახელებული კანდიდატი  - ქეთევან მსხილაძე და საპარლამენტო უმრავლესობის - „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, ნათელა სახოკია.

27 დეკემბრის კენჭისყრაზე სახალხო დამცველის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა - ლელა გაფრინდაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, ნინია კაკაბაძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებულმა კანდიდატმა, გენადი გელაძემ სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნისთვის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვეს. ეს კანდიადტები სახალხო დამცველმა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ, 2014 წლის 6 იანვარს წარუდგინეს პარლამენტს დასამტკიცებლად. პარლამენტმა წარდგენილი 3 კანდიდატი 10 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test