შემოგვიერთდი

15.01.2014 14:08

“მაესტროს“ ხელმძღვანელობას ტოქშოუებში მოქმედი ხელისუფლებისთვის შეკითხვის დასმა არ უნდა“, - ნათია კობერიძე

გაზეთი 'რეზონანსი'
მედია მედიის შესახებ

გაზეთი 'რეზონანსი'

გაზეთი „რეზონანსი“ ტელეკომპანია „მაესტროში“ პოლიტიკური ტოქშოუების - „პოლიტმეტრისა“ და „არგუმენტების“ დახურვასთან დაკავშრებით ჟურნალისტების - ეკა კვესიტაძეს, ია ანთაძესა და ნათია კობერიძეს ესაუბრა.

ეკა კვესიტაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ პოლიტიკური გადაცემების დახურვითა და შემეცნებით-გასართობ არხად გადაქცევით შეცდომას უშვებს.

„მათი არგუმენტი ისაა, რომ ხალხს პოლიტიკური შოუები აღარ აინტერესებს, მათი რეიტინგი დაბლა წამოვიდა... ის, რომ „მაესტროს“ ხელმძღვანელობას უფრო შემეცნებით-გასართობ არხად გადაწყობა სურს, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომაა და რაღაც ცუდ ასოციაციებს აღმიძრავს იგივე „რუსთავი 2“-ის გამოცდილებიდან“, - უთხრა კვესიტაძემ „რეზონანსს“.

მისივე თქმით, „მაესტრომ“ ტელესივრცეში პოლიტიკური ტოქშოუების ნიშა იპოვა, საზოგადოებას კი პოლიტიკური გადაცემები აინტერესებს.

ია ანთაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ტოქშოუების დახურვით, შესაძლოა, „მაესტრო“ „ინტელექტუალური ძალებისა და ფინანსების ოპტიმიზაციას ცდილობს“.

ნათია კობერიძის აზრით, აუცილებელია მედია-სივრცეში ბევრი პოლიტიკური ტოქშოუ იყოს, სადაც პოლიტიკოსებს ნებისმიერ მწვავე კითხვას დაუსვამენ.

„პოლიტიკური ტოქშოუების დახურვა უბრალოდ იმას მოასწავებს, რომ არც ამ ჟურნალისტებს და არც არხის ხელმძღვანელობას ტოქშოუებში მოქმედი ხელისუფლებისთვის შეკითხვის დასმა არ უნდათ“, - ასე განმარტა კობერიძემ „მაესტროზე“ პოლიტიკური ტოქშოუების დახურვის მიზეზები „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, „მაესტროს“ ტელესივრცეში გასართობი ნიშის დაკავება გაუჭირდება, რადგან მის კონკურენტებს „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ მასთან შედარებით მეტი ფინანსური რესურსი აქვთ.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში პოლიტიკური ტოქშოუების - „პოლიტმეტრისა“ და „არგუმენტების“ დახურვის შესახებ Media.Ge-ს არხის გენერალურმა პროდიუსერმა, ნათია გამცემლიძემ განუცხადა. მისი თქმით, არხზე დღის განმავლობაში მომხდარ მთავარ მოვლენებს 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში მიწვეული სტუმრები შეაფასებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test