შემოგვიერთდი

13.02.2014 15:50

რა სტანდარტებით ხელმძღვანელობენ ქართული მედიასაშუალებები შეცდომის დაშვების შემთხვევაში

გელა ბოჩიკაშვილი
საუბრები მედიაზე

მედია

12 თებერვალს „ტაბულამ“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაციის გამო ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა, გამოქვეყნებული სტატია ვებ-გვერდიდან წაშალა და ბოდიში მოიხადა.

რედაქციის განმარტებით, „ტაბულა“ ფაქტების მიუკერძოებლად, ზედმიწევნით ზუსტად და დაუმახინჯებლად გადმოცემის სტანდარტის ერთგულია და გამოცემა ვერ დაუშვებდა ერთი ჟურნალისტის შეცდომის გამო ჩრდილი მის ყველა თანამშრომელს მისდგომოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა მედიასაშუალებამ შეცდომა დაუშვა. თუმცა მასალაში დაშვებული შეცდომის გამო თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების პრეცედენტი ერთერთი პირველია.

რა სტანდარტებით ხელმძღვანელობენ საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებები მომზადებულ მასალაში შეცდომის დაშვების შემთხვევაში, როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა რედაქციის თანამშრომლებს შორის და როგორი უნდა იყოს სანქცია - ამ საკითხებზე Media.Ge „ტაბულას“, „ნეტგაზეთის“, ტელეკომპანია „მაესტროსა“ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა. გთავაზობთ მათ პასუხებს Media.Ge-ს მიერ დასმულ კითხვებზე.

- ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სიუჟეტში / სტატიაში დაშვებული შეცდომის გამო? (როგორ უნდა იყოს პასუხისმგებლობა განაწილებული რედაქციის სხვადასხვა რგოლს შორის)

თამარ ჩერგოლეიშვილი („ტაბულას“ რედაქტორი): პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად რედაქციას.

მაია მეცხვარიშვილი („ნეტგაზეთის“ რედაქტორი): რა თქმა უნდა, ჟურნალისტი, რომელიც ამზადებს მასალას, პასუხისმგებელია იმ ფაქტების სისწორეზე, რომელიც მოყვანილია სტატიაში. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელია რედაქტორიც, რომელიც ზედამხედველობას უწევს ჟურნალისტს და არედაქტირებს მასალას.

მედიასაშუალებებში არსებობს სამუშაო რეჟიმები, როცა მორიგე ჟურნალისტი ღამის საათებში, ან კონკრეტულ დღეებში ასრულებს პროდუსერის, ან რედაქტორის ფუნქციას, თუმცა ეს რედაქტორს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. თავისათავად, ცხადია, როცა ჟურნალისტს ანდობ მასალის გამოქვეყნებას, შენ როგორც რედაქტორი ენდობი მას. თუ ის ნდობას ვერ გაამართლებს, ეს მკითხველს არ აინტერესებს. პასუხისმგემებლი არის ჟურნალისტიც და რედაქტორიც - ჩვენთან ["ნეტგაზეთში"] პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება.

ნინო ჟიჟილაშვილი (ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი): გააჩნია შეცდომის დაშვების მასშტაბს. მგონია, რომ რედაქტორი და პროდუსერი, გამოშვებაზე ან პუბლიკაციის გამოშვებაზე პასუხიმგებელი პირი აგებს დაშვებულ შეცდომაზე პასუხს. თუ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს გადაუმოწმებელ ინფორმაციას გადასცემს, რედაქტორი და პროდუსერი უძლურია. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მოდის ჟურნალისტზე. თუ რედაქტორს წაკითხული აქვს ტექსტი და მანაც ვერ შენიშნა ხარვეზი, პასუხისმგებლობა მას ეკისრება, მაგრამ პასუხისმგებლობა ჟურნალისტზეც ვრცელდება.

გააჩნია, რა ტიპის შეცდომა იქნება, შეიძლება გვარი და სახელი შეგეშალოს ადამიანის და შეიძლება ფაქტი დაამახინჯო. 

თამარ რუხაძე (ჟურნალისტური ქარტიის აღმასრულბელი დირექტორი): ზოგადად, პასუხისმგებლობა სიუჟეტში/სტატიაში გაპარულ ან დაშვებულ შეცდომაზე ეკისრება როგორც ჟურნალისტს, ისე რედაქტორს. როგორც პასუხისმგებელ, ანუ გამომშვებ რედაქტორს, ისე მთავარ რედაქტორს. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, თუნდაც იმაზე, როგორია ორგანიზაციაში დადგენილი წესები, როგორ არის გადანაწილებული უფლება-მოვალეობები, როგორი წინაპირობები, ან გარემოებები ჰქონდა შეცდომას და ასევე დამოკიდებულია იმაზეც, ვის რა წილი მიუძღვის ამ შეცდომაში.

შეიძლება იყოს სიტუაცია, როცა ჟურნალისტზე მეტი პასუხისმგებლობა რედაქტორს ეკისრება. მაგალითად, თუ დამწყებ ჟურნალისტს აწერინებ შენი მეთვალყურეობის ქვეშ სერიოზულ მასალას და შეცდომა გაიპარება, ის მთლიანად შენი პასუხისმგებლობაა და არა - ჟურნალისტის.

- როგორ უნდა გასწორდეს დაშვებული შეცდომა სიუჟეტში/სტატიაში?

თამარ ჩერგოლეიშვილი: ნდა გამოსწორდეს ბოდიშის მოხდით და ინფორმაციის კორექტირებით.

მაია მეცხვარიშვილი: შეცდომის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გასწროდეს მასალა. ამოსავალი წერტილი არის მკითხველი, რომელიც შეცდომაში იქნა შეყვანილი. აუცილებელია, პრობლემა გადაიჭრას - მკითხველს ავუხსნათ რა ხდება. მსგავსი შემთხვევის დროს, მასალას არასდროს ბრმად არ ვხსნით, ან არ ვასწორებთ, თუ მას არ დავურთავთ კომენტარს - რაზე იყო თავდაპირველად საუბარი და რა ნაწილი შესწორდა. თუ სტატია თავიდან ბოლომდე არსებითად მცდარია და ვებ-გვერდიდან მოიხსნება ესეც უნდა აუხსნას რედაქციამ მკითხველს.

ეს სტანდარტები ჩვენ არ მოგვიგონია - არსებობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომლის ხელმომწერებიც ჩვენს რედაქციაში უმრავლესობა ვართ, მათ შორის მეც, როგორც რედაქტორი. თვითონ ქარტიასაც აქვს მუხლი, სადაც მითითებულია, რომ რედაქცია ვალდებულია შეასწოროს არსებითად მცდარი ინფორმაცია და მითითებულია განამარტება, როგორ უნდა მოხდეს შესწორება.

ნინო ჟიჟილაშვილი: არსებობს შეცდომების გამოსწორების კლასიკური მეთოდები - უნდა თქვა, რომ შეგეშალა, ძალიან მარტივია და არ არის სათაკილო. როცა გეშლება, გამოსწორება უფრო ნორმალური საქციელია, ვიდრე აიცილო პასუხისმგებლობა. ამით შეგიძლია დაშვებული შეცდომის კომპესაცია.

გააჩნია ზარალს, რომელიც მიადგა მხარეს. თუ სახელისა და გვარის, ან ადამიანის ტიტულშია შეცდომა, შეიძლება ჟურნლიასტმა თავადვე მოუხადოს ბოდიში. მაგრამ თუ კონკრეტულმა სტატიამ კონკრეტული პიროვნების ღირსება შელახა, ან მორალურად დააზიანა, შეიძლება მის მოთხოვნასაც მიჰყვე და გაითვალისწინო - შეიძლება სიუჟეტი მოამზადო, ან რეპორტაჟი გააკეთო გასასწორებლად.

თამარ რუხაძე: მასალაში შეცდომის გასწორებაზე მიუთითებს ქარტიის მე-5 მუხლი - მედია ვალდებულია შეასწოროს არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ამ მუხლით ჟურნალისტები და რედაქტორები პასუხისმგებლობას იღებენ, პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. მიუღებელია თავიდან გაკეთდეს სიუჟეტი ან სტატია, სადაც არაზუსტ ინფორმაციას ჩაენაცვლება ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ არ იქნება გაცხადებული უკვე დაშვებული შეცდომის შესახებ.

- რა სანქცია უნდა დააკისროს რედაქციამ, როგორც ჟურნალისტს, ისე რედაქტორს? (უნდა გათავისუფლდეს თუ არა თანამშრომელი სამსახურიდან)

თამარ ჩერგოლეიშვილი: თავად რედაქციის გადასაწყვეტია რა სანქციას გამოიყენებს. ეს დამოკიდებულია ზიანზე, რაც რედაქციას შეცდომის გამო მიადგა. ერთია გვარის არასწორად დაწერა, ორთოგრაფიული შეცდომა, ან სამსახურში დაგვიანება და მეორეა ისეთი შეცდომა, რომელიც მთელი რედაქციის პროფესიულ რეპუტაციას აყენებს ზიანს. ეს კონკრეტული შემთხვევა ["ტაბულამ" დაშვებული შეცდომა აღიარა და ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა - Media.Ge] ასეთად მივიჩნიე და გადავწყვიტე ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიმეღო. ვფიქრობ ეს ეფექტიანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება „ტაბულას“ სხვა ჟურნალისტებისთვის. ვფიქრობ, ამის შემდეგ ისინი უფრო დიდ ყურადღებას გამოიჩენენ და  მრავალჯერ გადაამოწმებენ იმას, რასაც დაწერენ.

მაია მეცხვარიშვილი: ეს ყველაფერი არის შიდა წესებისა და მოლაპარაკების, ხელშეკრულების საგანი. როცა კონტრაქტი ფორმდება, იქ გაწერილი უნდა იყოს ვალდებულებები - რა შემთხვევებში შეიძლება შეწყდეს კონტრაქტი. თუ კონტრაქტით გათვალისწინებულია, რომ მასალაში დაშვებული უზუსტობის გამო შეიძლება ჟურნალისტი გათავისუფლდეს და ამას ხელს აწერს ორივე მხარე - ეს შესაძლბელია. ჩვენს შემთხვევაში მოქმედებს გაფრთხილება პირველ ჯერზე და განმეორების შემთხვევაში შეიძლება იყოს სამსახურის დატოვებაც.

თუ ჟურნალისტმა შეცდომა დაუშვა გამოუცდელობის გამო, ან სხვა ტექნიური მიზეზის გამო, პირველივე ჯერზე სანქცირებას არ ვახდენთ, ასეთ რამეს არ ითვალისწინებს ჩვენი შეთანხმება. თუ მე, როგორც რედაქტორმა ვერ შევარჩიე ისეთი კადრები, რომლებიც სისტმატიურად არ დაუშვებენ შეცდომებს, ჩემზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვრცელდება.

ადრე ჩვენს ვებ-გვერდზე ნაკლებად ეწერებოდა მასალას ჟურნალისტის სახელი და გვარი - მე არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას, რომ ჩემი რეპორტიერების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ამეღო პასუხისმგებლობა.

შეცდომის გასწორება უნდა იყოს მკითხველზე ორიენტირებული და არა ვიღაცის თავის მოსაწონებლად. თუ ჟურნალისტის გაშვებაა ამისთვის აუცილებელი - კი ბატონო, მაგრამ მგონია, რომ სხვა გზითაც შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

ნინო ჟიჟილაშვილი: ჟურნალისტს შეიძლება უსაყვედურო, ფინანსური სანქცია დაადო. გამეორების შემთხვევაში, როგორც შეცდომების ტენდენციის მატარებელი - დაემშვიდობო, მაგრამ ამას კონკრეტული კონტრაქტები ითვალისწინებს - ზოგან როგორ არის, ზოგან როგორ. მე ვფიქრობ, ერთი შეცდომის გამო, გააჩნია შეცდომასაც, არ უნდა დაემშვიდობო და არ უნდა გაუშვა სამსახურიდან.

თამარ რუხაძე: სანქცია დამოკიდებულია კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე. სავალდებულო სანქცია დაშვებული შეცდომისთვის არ არსებობს. ალბათ, თავად შეცდომა განსაზღვრავს სანქციის სიმკაცრეს და შეცდომით მიყენებულ ზარალს ყველა კომპანია თავისებურად ითვლის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test