შემოგვიერთდი

14.02.2014 11:50

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის ბიუჯეტიდან 2014 წელს 20 მილიონი ლარი გამოიყო (Duplicate)

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

სტრატეგიის პრეზენტაცია

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში  20 მილიონი ლარია გათვალისწინებული ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის წლევანდელი პროცესის დასაფინანსებლად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს თანხა მოხმარდება  მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილისთვის ციფრული სიგნალის მიმღები რესივერების შეძენას  და ცოტა ხნის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაფუძნებული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სააგენტოს დაფინანსებას.

ამ  სააგენტომ მუშაობა 14 თებერვლიდან დაიწყო. მისი მთავარი ფუნქცია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფა და მოქალაქეთა კონსულტაციაა.  სააგენტოს ხელმძღვანელად ნინო ქუბინიძე დაინიშნა, რომელიც   ქუმსიშვილის თქმით,  აქტიურად იყო ჩართული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

„საწყის ეტაპზე ნინო იქნება სააგენტოს ხელმძღვანელი. მას აქვს კარგი გამოცდილება ტექნიკური მიმართულებით. ჩვენ დავიწყებთ ასე, თუმცა, შესაძლოა შემდეგ გარკვეული ცვლილებები იყოს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა 14 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მან ჟურნალსიტებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია წარუდგინა.

მთავრობის მიერ მოწონებული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები 8 თებერვალს გამოქვეყნდა.  დოკუმენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, საინფორმაციო კამპანია იმდაგვარად წარიმართება, რომ ყველა მოქალაქეს სამაუწყებლო სიგნალის მიღების საშუალება ჰქონდეს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ვინც ანტენის საშუალებით იღებს სიგნალს და არ გააჩნია შესაბამისი სტანდარტის ტელევიზორი, სპეციალური set top box-ის მიერთების შემდეგ მაუწყებლობას ისიც მიიღებს. ამგვარი მოწყობილობები, მინისტრის მოადგილის თქმით, 50 ლარამდე ეღირება. set top box-ის ყიდვა არ დასჭირდებათ მათ, ვინც მაუწყებლობას საკაბელო, სატელიტური ან IPTV ტექნოლოგიით იღებს.

სტრატეგიაში გაწერილია, რომ 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველები, ვისაც ტელევიზორი აქვს,  უფასოდ მიიღებენ set top box-ებს. თუმცა, როგორ მოხდება სიგნალის მიღებით უზრუნველოყა იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ტელევიზორი საერთოდ არ აქვს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

მაუწყებლები ახლა სიგნალს ანალოგურად ავრცელებენ, სიხშირეების შეზღუდული რესურსი გამო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრი ქვეყნები 2006 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე შეთანმხდნენ. ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა. სახელმწიფოების დიდი ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია.

საქართველოს კი სტრატეგიაში გაწერილი აქტივობებისთვის მხოლოდ წელიწადნახევარი აქვს დარჩენილი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test