შემოგვიერთდი

11.02.2014 11:54

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შეფასება

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ციფრული მაუწყებლობა

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმას, რომელიც მთავრობამ 6 თებერვალს მოიწონა, პროცესში მონაწილე ორგანიზაციები დადებითად აფასებენ. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) აღმასრულებელი დირექტორის, ნათია კუპრაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგია გვიან გამოქვეყნდა, დოკუმენტში გაზიარებულია ყველა იმ ქვეყნის გამოცდილება, სადაც ციფრულ მაუწყებკობაზე გადასვლის პროცესი განხორციელდა და ბაზრის დივერსიფიცირების საშუალებას იძლევა.

მისი თქმით, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა, რაც რეგიონულ მაუწყებლებს ჰქონდათ.

„მე ვფიქრობ, რომ თუ პროცესი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმილია, რეგიონიულ მაუწყებლებს მისცემს საშუალებას, იქცნენ მომგებიან ბიზნესადაც კი და მათი მდგრადობა რეალურად იქნება უზრუნველყოფილი“, - უთხრა Media.Ge-ს ნათია კუპრაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა ხელიფუსლებას ციფრულ მაუწყებკლობაზე გადასვლის პროცესი აძლევს საშუალებას პროცესი ისე დაგგეგმოს, რომ მოახდინოს გავლენა მედია სივრცეზე და თავისი გარანტიები შეიქმნას, „ამ ხელისუფლებას ამ სტრტეგიით ეს ნამდვილად არ გაუკეთებია და მე ამიტომ ვარ კმაყოფილი“, - დასძინა GARB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მიუხედავად ზოგადი კმაყოფილებისა, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მას რამდენიმე შენიშვნა მაინც აქვს. მისი თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიხშირეები არ უნდა ეკუთვნოდეს ტელერადიოცენტრს, რომელსაც სახელმწიფო ფლობს. ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ტელერადიოცენტრის საკუთრებაში ყოფილიყო ინფრასტრუქტურა, სადაც  მულტიპლექსი აიგება, თუმცა სიხშირე თავად მაუწყებლის განკარგულებაში უნდა დარჩეს, რაც მის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

სამოქმედო გეგმის თანახმად, საზოგადეობრივი მაუწყებელი ტელერადიოცენტრის მიერ აგებული მულტიპლექსის საშუალებით გავრცელდება.

GARB-ის აღმასრულებელ დირექტორს მეორე შენიშვნა მოსახლეობის რესივერებით დახმარებასთან დაკავშირებით აქვს. სტრატეგიაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს set top box-ის დარიგებას სოციალურად დაუცველებისთვის ვისაც 70 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს. set top box-ის მიერთებით ციფრული სიგნალის მიღება იმ ტელევიზორების საშუალებითაც ხდება, რომელსაც ამგვარი მაუწყებლობის სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს.

ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ამ კატეგორიაში ის სოციალურად დაუცველები ხვდებიან, ვისაც ტელევიზორი ან საერთოდ არ აქვს, ან შავ-თეთრი ტელევიზორი აქვს, რომელსაც ეს მოწყობილობა არ უერთდება. „მათთვის set top box-ის დარიგებას აზრი არ აქვს. ეს იგივეა ნალები დაურიგო ადამიანებს ვისაც ცხენი არ ჰყავს. ამიტომ სუბსიდირების პოლიტიკა უნდა გადაიხედოს“, - აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.

სამოქმედო გეგმას დადებითად აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი ანალიტიკოსი მატიას ჰუტერი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართო როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, ისე მაუწყებლებისა და სხვა დაინტერესებული პირები, რომელთა მოსაზრებებიც გაითვალისწინეს.

მატიას ჰუტერი დადებითად აფასებს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებასაც. სტრატეგიის მიხედვით, ეკონომიკის სამინისტრო ამ სახელწოდებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებასა დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ სააგენტომ დეტალურად უნდა გაწეროს სამოქმედო გეგმა იმისათვის, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობა იყოს მომზადებული და კარგად ინფორმირებული ცოფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მომენტისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ამ წელს 20 მილიონი ლარი გამოყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესისთვის, რაც საოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის set top box-ების დარიგებას და საინფრომაციო კამპანიას მოიცავს“, - აღნიშნა მატიას ჰუტერმა.

ის იმედოვნებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს დეტალურ სამოქმედო გეგმას, სადაც გაწერილი იქნება თითოეული აქტივობისთვის განსაზღვრული ვადები და მის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები 8 თებერვალს გამოაქვეყნა. დოკუმენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა. მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია 2014 წლის 7 თებერვალს დაამტკიცა.

მაუწყებლები ახლა სიგნალს ანალოგურად ავრცელებენ, სიხშირეების შეზღუდული რესურსი გამო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრი ქვეყნები 2006 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე შეთანმხდნენ. ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა. სახელმწიფოების დიდი ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია.

საქართველოს კი სტრატეგიაში გაწერილი აქტივობებისთვის მხოლოდ წელიწადნახევარი აქვს დარჩენილი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test