შემოგვიერთდი

10.02.2014 11:57

ეკონომიკის სამინისტრომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გეგმა გამოაქვეყნა

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ციფრული მაუწყებლობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. დოკუმენტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა. მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგია 2014 წლის 7 თებერვალს დაამტკიცა.

მაუწყებლები ახლა სიგნალს ანალოგურად ავრცელებენ, სიხშირეების შეზღუდული რესურსი გამო საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრი ქვეყნები 2006 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე შეთანმხდნენ. ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა. სახელმწიფოების დიდი ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია.

საქართველოს კი სტრატეგიაში გაწერილი აქტივობებისთვის მხოლოდ წელიწადნახევარი აქვს დარჩენილი.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად ცვლილება რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება.

საკანონმდებლო რეგულაციები

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ იცვლება საკანონმდებლო რეგულაციები. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიის თანახმად, უნდა გაიმიჯნოს ტელემაუწყებლობა/სატელევიზიო კონტენტის წარმოების საქმიანობა ელექტრონული საკომუნიკაციო (მათ შორის ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილი) ქსელების უზრუნველყოფის საქმიანობისაგან.

შემუშავებული ცვლილებების პროექტით უქმდება ტელემაუწყებელთა ლიცენზირების რეჟიმი, ნაცვლად ამისა,  ბაზარზე დაშვების ფორმა მარტივდება - ტელემაუწყებლები ავტორიზაციას გაივლიან და მიიღებენ კონტენტის გავრცელების სასურველი, მათ შორის ციფრული მიწისზედა ღია საეთერო ქსელით გავრცელების უფლებას.

ტექნოლოგიური სტანდარტები

ეროვნული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების დასანერგად ქვეყანა გამოიყენებს DVB-T2 (EN 302 755)  სტანდარტს, მონაცემთა შემჭიდროვების MPEG 4 (ISO/IEC 14496) ტექნოლოგიით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ერთი მულტიპლექს პლატფორმისათვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის ფარგლებში, გავრცელდეს საშუალოდ 15-მდე სტანდარტული გარჩევადობის, (SD) ან 4-დან 6-მდე მაღალი გარჩევადობის (HD) სატელევიზიო პროგრამა.

მულტიპლექსები

მაუწყებლების მიერ ციფრული სიგნალის გავრცელება მულტიპლექსების (სატელეკომუნიკაციო ქსელი, რომლის მეშვეობითაც ანალოგური სიგნალი გარდაიქმნება ციფრულად) საშუალებით ხდება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ტექნიკური დახმარების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, დაიგეგმა შვიდი მულტიპლექს პლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო სიხშირული რესურსი.

ციფრულ მაუწყებლობაზე სრულად გადასვლამდე 2015 წლის მარტიდან 2015 წლის 17 ივნისამდე პერიოდში ე.წ. გარდამავალი პერიოდი იქნება, როდესაც ანალოგურთან ერთად სამაუწყებლო სიგნალები ციფრულადაც გავრცელდება. ამ პერიოდში შვიდი მულტიპლექსიდან მხოლოდ ორი პლატფორმისთვის საჭირო დროებითი სიხშირული რესურსი დაიგეგმა, რომლის ფარგლებში გარდამავალ პერიოდში არსებული ღია საეთერო სატელევიზიო პროგრამები ციფრულ ფორმატში გავრცელდება.

გარდამავალი პერიოდში, მას შემდეგ,  რაც გაითიშება ანალოგური ტელემაუწყებლობა და გამოთავისუფლდება შესაბამისი სიხშირული რესურსი, ფუნქციონირებას დაიწყებს  6 მულტიპლექსი, ხუთი მათგანი ხელმისაწვდომი გახდება ღია კონკურსის წესით.

მეექვსე მულტიპლექსი უსასყიდლოდ გადაეცემა შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, რომელიც საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ანძას, მათ შორის თბილისის ანძას ფლობს. ტელეცენტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფს.

მულტიპლექსების აგების უფლების მისაღებად ღია კონკურსს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჩაატარებს.

ღია კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, რასაც სამინისტრო კონკურენციის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობის  მიზნით ხსნის. მას ასევე არ ექნება უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების განთავსების შემდეგ დარჩენილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავისუფალი რესურსი გამოიყენოს სხვა არხების გასატარებლად, ან საკუთარი პროდუქციის გასავრცელებლად.

იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელების შემდეგ თავისუფალი რესურსი დარჩება, საქართველოს ტელერადიოცენტრი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს (მოთხოვნის შემთხვევაში) პირველი, მეორე და მეშვიდე მულტიპლექს პლატფორმის შესაბამისი ლიცენზიის მფლობელების  დაშვება ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით. 

რეგიონული მაუწყებლები

რეგიონულ მაუწყებლებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რამდენიმე ალტერნატიული საშუალება აქვთ. მათ, ვისაც სურს, რომ კონტენტის მწარმოებლებად დარჩნენ და პროგრამა ღია ეთერში მხოლოდ მცირე რადიუსით გაავრცელონ ან გაზარდონ მაუწყებლობის არეალი, როგორც ერთ ან რამდენიმე ციფრულ ზონაზე, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებლობა ეძლევათ  შესაბამისი საფასურის გადახდის გზით განთავსდნენ ერთ-ერთ ციფრულ მიწისზედა საეთერო სამაუწყებლო მულტიპლექს პლატფორმაში.

რეგიონულ მაუწყებელს ასევე ეძლევა შესაძლებლობა თავად გახდეს მულტიპლექსის მფლობელი იმ სამაუწყებლო ზონაში, სადაც სიგნალს ამჟამად ავრცელებენ. თუ რეგიონული მაუწყებლები, ან მათი გაერთიანება გადაწყვეტს სიხშირული რესურსის მიღებას, მათ მულტიპლექსის აგება 2016 წლის 1 მარტამდე უნდა შეძლონ და პროგრამები უფასოდ უნდა გაავრცელონ.

ადგილობრივი მულტიპლექსის ფორმირებისას DVB-T2-ის ნაცვლად დაშვებულია DVB-T სტანდარტიც. მათ სიხშირული რესურსის გავრცელების საშუალება მხოლოდ ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგ ექნებათ.

პარალელური მაუწყებლობა

ანალოგურთან ერთად ციფრული სიგნალი პარალელურ რეჟიმში 2015 წლის 17 მარტიდან 17 ივნისამდე გავრცელდება. ამ პერიოდში საზოგადოებრივი მულტიპლექსი ალტერნატიული ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელების ფორმირებამდე, უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროგრამების, ასევე არსებული ეროვნული საეთერო მაუწყებლების  (შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა, შპს ტელეიმედის და შპს ტელეკომპანია „I სტერეოს“ მიერ წარმოებული სპეციალიზებული) სატელევიზიო პროგრამების სტანდარტული გარჩევადობის ფორმატში  უფასოდ გავრცელებას. 

სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებს, რომლებსაც 2015 წლის 17 ივნისის შემდეგი პერიოდის სალიცენზიო გადასახადი  უკვე გადახდილი აქვთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდებათ თანხის ნაწილი, წლების პირდაპირპროპორციულად.

ცვლილებები მომხმარებლისთვის - Set Top Box

იმისათვის, რომ მაყურებელმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სატელევიზიო სიგნალი მიიღოს, მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს, მაშინ მას ე.წ. Set Top Box-ის მიერთება სჭირდება. ციფრული სიგნალის მიღება-არმიღება არაფერ კავშირშია ტელევიზორის გარჩევადობასთან. შესაძლებელია ტელევიზორი HD გამოსახულებას იღებდეს, თუმცა, ციფრული სიგნალის მიღება მაინც ვერ შეძლოს.

შემუშავდა  „სეთ-თოფ-ბოქსების“ დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციის დოკუმენტი, რომლითაც მიმღები მოწყობილობების იმპორტით დაინტერესებულმა პირებმა/პოტენციურმა ინვესტორებმა უნდა ისარგებლონ.

ყველა Set Top Box-ი, რომელიც  ბაზარზე შემოვა, უნდა იყოს სერტიფიცირებული და შეესაბამებოდეს დოკუმენტით განსაზღვრულ ერთიან ნორმებს - მან უნდა შეძლოს როგორც , DVB-T, ისე DVB-T2  სტანდარტის  ციფრული ქსელების ფარგლებში გავრცელებული ღია საეთერო და კრიპტო-კოდირებული, როგორც სტანდარტული, ასევე მაღალი გარჩევადობის სიგნალების ანალოგურ ფორმატში გარდაქმნა ან/და დეკოდირება.

სახელმწიფო უზრუნველყოფს 70 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველებისთვის ამ მოწყობილობის უფასოდ დარიგებას. 

საინფორმაციო კამპანია

მოსახლეობის, მაუწყებლების, პოტენციური ინვესტორებისა და ტექნიკის შემომტანი კომპანიების  რეფორმის მნიშვნელოვანი ასპექტებისა და საჭირო ქმედებების შესახებ ინფორმირების, ისევე, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების შესაბამისი სუბსიდიებით ოპტიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ციფრული მაუწყებლობის სააგენტო“, რომელიც ფუნქციონირებას განახორციელებს ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის პროცესის დასრულებამდე.

ამოქმედდება 24 საათიანი მულტიენოვანი საინფორმაციო ცხელი ხაზი; შეიქმნება სპეციალური საინფორმაციო ვებ-გვერდი (www.digital.gov.ge), სადაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით განთავსდება  შესაბამისი ტექსტური და ვიდეო ინფორმაცია; ასევე უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ფორუმზე, სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე;

უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობისათვის ინფორმაციის სისტემატურად მიწოდება იმ სავაჭრო ობიექტების შესახებ, რომლებიც აწარმოებენ სერტიფიცირებული „სეთ-თოფ-ბოქსების“ რეალიზაციას; განხორციელდება საინფორმაციო სახის სოციალური რეკლამებისა და  კლიპების დამზადება და უზრუნველყოფილი იქნება მედიის საშუალებებით გავრცელება; ჩატარდება სპეციალური სატრეინინგო სესიები ჟურნალისტებისა და დაინტერესებული პირებისათვის; განხორციელდება გამყიდველებისა და მომხმარებლებისათვის საცნობარო ბუკლეტების შედგენა და შესაბამის საცალო სავაჭრო ობიეტებში დისტრიბუცია.

 

იხილეთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტი - ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციები

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test