შემოგვიერთდი

18.02.2014 14:11

როგორ გახარჯა "საგამოძებო რეპორტინგის ასოციაციამ" პრეზიდენტის ფონდიდან მიღებული 40 ათასი ლარი

ნატა ძველიშვილი
საუბრები მედიაზე

საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად გამოყოფილი 1 მილიონი ლარიდან ააიპ „საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციამ“ (სრა) 40 ათასი ლარი საგამოძიებო მასალების შესაქმენალად 2013 წლის მაისში მიიღო. პროექტის ფარგლებში მომზადებული პროდუქტი ვებ გვერდ Politico.ge-ზე უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა, საგამოძიებო მასალები რეალურად არ შექმნილა.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 1 მილიონი ლარი ორ ფონდზე გადანაწილდა - "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა" (CIPDD),  რომელსაც გია ნოდია ხელმძღვანელობს,  800 ათასი ლარი მიიღო, ხოლო „ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი“ - 200 000 ლარით დაფინანსდა. მათ თანხა არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე კონკურსის წესით უნდა გაენაწილებინათ.

Politico.ge-ს დაარსება

ინტერნეტ პორტალი Politico.ge პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 1 მილიონი ლარის გამოყოფის გადაწყვეტილების მიღებიდან ათი დღის შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) სტატუსით დარეგისტრირდა. მისი დირექტორი „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი ზურა ხვისტანი იყო, რომელმაც კონსულტანტად ასევე „იმედის“ ყოფილი მფლობელი გიორგი არველაძე მოიწვია.

ზურაბ ხვისტანი 2013 წლის 4 აპრილს Media.Ge-სთან საუბრისას აცხადებდა, რომ საიტი პირადი დანაზოგებით შექმნა, თუმცა აპირებდა გრანტების მოსაძიებლად სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

კონკურსი გრანტის მისაღებად

CIPDD-მ გრანტების გასაცემად კონკურსი ორ ეტაპად ჩაატარა. თავდაპირველად 2013 წლის 21 თებერვალს ორგანიზაციამ განაცხადების მიღების ბოლო ვადად 12 მარტი დააწესა. საპროექტო საქმიანობა აპლიკანტს 2013 წლის 1 აპრილიდან უნდა დაეწყო და 31 დეკემბრამდე დაესრულებინა. მაქსიმალური თანხა, რომლითაც ორგანიზაციებს დააფინანსებენ 40 ათასი ლარით განისაზღვრა.

მოგვიანებით ორგანიზაციამ გადაწყვეტილება შეცვალა, 22 მარტს 12 ორგანიზაცია ჯამში 300 ათასი ლარით დააფინანსა. გია ნოდიამ განაცხადა, რომ დანარჩენი თანხის მისაღებად კონკურსი ხელახლა 1 აპრილს გამოცხადდებოდა. განაცხადების შესატანად მხოლოდ 12 დღე გამოყო და  ბოლო ვადად 12 აპრილი განსაზღვრა, თუმცა მოგვიანებით ეს თარიღიც შეცვალეს და 21 აპრილამდე გადაწიეს. Media.Ge-თან საუბრისას პროექტის კოორდინატორმა, რუსუდან თაბუკაშვილმა განაცხადა, რომ გრანტებს მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიული პირები იღებენ, მედიასაშუალებების დიდი ნაწილი შეზღუდული პასუხისმგებლობის პირები არიან და მათ იურიდიული სტატუსის შეცვლა ვერ მოახერხეს.

„საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის“ დაფუძნება

CIPDD-ის მიერ კონკურსის ხელახლა გამოცხადების შემდეგ, განაცხადების შეტანის ბოლო ვადამდე ერთი დღით ადრე 11 აპრილს სამეწარეო რეესტრში ააიპ „სამეწარმეო რეპორტინგის ასოციაცია“ დარეგისტრირდა. გამგეობის თავმჯდომარე კახაბერ გიგიტელაშვილია, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო იმ პერიოდში, როდესაც არხს გიორგი არველაძის კომპანია ფლობდა. გიგიტელაშვილი „იმედის“ ყოფილ მარკეტინგის დირექტორ დიმიტრი კილაბერიძესთან ერთად „სამეწარმეო რეპორტინგის ასოციაციის“ გამგეობის წევრად ფიქსირდებოდა.

CIPDD

მეორე დღეს, კონკურსის ბოლო დღეს, ორგანიზაციამ რეესტრში სახელის ცვლილება მოითხოვა და სამეწარმეოს ნაცვლად, „საგამოძებო რეპორტინგის ასოციაცია“ (სრა) გახდა, თუმცა წარდგენილ დოკუმენტაციას თან არ ერთვოდა გადახდის ქვითარი, რაც წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა, შესაბამისად, კონკურსში განაცხადის შეტანა ვერ მოასწრეს. ამასობაში კონკურის ბოლო ვადამაც 21 აპრილამდე გადაიწია.

„საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის“ სახელის ცვლილება რეესტრში საბოლოოდ 10 მაისს აისახა, თუმცა, მანამდე, 2 მაისს CIPDD-მ კონკურსში გამარჯვებულად სწორედ „საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის“ სახელის მქონე ორგანიზაცია გამოავლინა და 40 ათასი ლარის ოდენობის გრანტი მისცა. სულ კონკურსში 103 განაცხადი შევიდა, გამარჯვებული კი 7 მათგანი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 7 მაისს Politico.ge-ს დირექტორმა, ზურაბ ხვისტანმა, ააიპ „პოლიტიკო“ დაარეგისტრირა და სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში „საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის“ იდენტური წესდება გამოიყენა, თანაც ისე, რომ რამდენიმეგან ორგანიზაციის სახელიც არ შეუცვლიათ და „პოლიტიკოს“ ნაცვლად „საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაცია“ არის მითითებული.

საკონკურსო პროექტი

CIPDD-ში საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის მიერ წარდგენილი პროექტისა და მისი შესრულების ანგარიშის შესახებ Media.Ge-მ ინფორმაცია გამოითხოვა. მიღებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საკონკურსო პროექტში საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციამ ზუსტად ის მიუთითა, რაც წესდებაში საქმიანობის მიზნებში განსაზღვრა და რაც მოგვიანებით ააიპ „პოლიტიკომ“ გაიმეორა.

ორგანიზაცია პირობას დებდა, რომ პროექტის ფარგლებში ნებისმიერი დაინტერესებული პირის, ან დამწყები ჟურნალისტებისგან მიიღებდნენ იდეებს ჟურნალისტური გამოძიებების ჩატარების შესახებ, შემდეგ აარჩევდნენ საუკეთესოებს  და უზრუნველყოფდნენ მის განხორციელებაში დახმარებას - გამოუყოფდნენ პროფესიონალ ოპერატორებს, მემონტაჟეებს, შეუქმნიდნენ სამუშაო გარემოსა და შექმნილ პროდუქტს საზოგადოების ფართო ფენებამდე მიიტანდნენ. ისინი ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალური ქსელების გამოყენებას და საინფორმაციო ვებ გვერდის შექმნას გეგმავდნენ.

CIPDD -სგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გრანტის გამცემი საკონკურსო კომისია დამოუკიდებელი ექსპერტებისგან იყო შედგენილი. არც ერთ მათგანს კავკასიურ ინსტიტუტში არავითარი პოზიცია არ უჭირავს: ანდრო გიგაური, ლელა ხომერიკი, ლევან ღამბაშიძე, მერაბ ბასილია და ნინო ბოლქვაძე.

ლევან ღამბაშიძე Media.Ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ თითოეული პროექტი წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით ქულებით ფასდებოდა, „საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის“ პროექტმაც ამავე კრიტერიუმების დაკმაყოფილების გამო გაიმარჯვა.

ასოციაციამ პროექტის განსახორციელებლად 40 ათასი ლარი მოითხოვა, თუმცა დოკუმენტიდან ჩანს, რომ ეს თანხა კონკრეტულად რაში უნდა გახარჯულიყო არ ჩაუშლიათ.

CIPDD-სთვის „საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის“ მიერ გაგზავნილი პროექტის შედეგების გვერდნახევრიან ანგარიშში დირექტორი კახაბერ გიგიტელაშვილი წერს, რომ პროექტის განხორციელების თაობაზე ინფორმაცია განთავსდა politico.ge-ზე და პროექტში მონაწილეობის მსურველი ახალგაზრდა ჟურნალისტები დაბარებულნი იყვნენ ოფისში. ინფორმაცია ყოველთვიურად ქვეყნდებოდა საიტზე და იქვე განთავსდა პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები.

ინტერნეტისთვის უცნობი ასოციაცია

“საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაცია” არათუ Politico.ge-სთვის, არამედ საძიებო სისტემა Google-სთვისაც უცნობი ორგანიზაციაა. მის შესახებ მხოლოდ Media.Ge-ს მიერ მომზადებული მასალები და CIPDD-ის კონკურსში გამარჯვების შესახებ ინფორმაცია იძებნება. პროექტში მითითებული ტელეფონის ნომერიც დავალიანების გამო გამორთულია. ხელმძღვანელი კახა გიგიტელაშვილი Media.Ge-სთან საუბრისას აღიარებს, რომ საგამოძიებო მასალები რეალურად არ მომზადებულა. გთავაზობთ გიგიტელაშვილთან საუბრის ჩანაწერს:

კახა გიგიტელაშვილი

-         ჩატარდა ტრეინინგი როგორ უნდა მომზადდეს ჟურნალისტური გამოძიება. საგანმანათლებლო ფუნქცია ჰქონდა ამ ყველაფერს. ჩვენ გვქონდა საშუალება რომ ამ ხალხისთვის ტექნიკასთან ურთიერთობა გვეჩვენებინა. როგორ ხდება, რა ხდება.

Media.Ge: ანუ რეალურად ფილმების ნაცვლად ტრეინინგების სახე მიიღო პროექტმა?

-         კი, ტრეინიგების სახე მიიღო. ჟურნალისტური გამოძიება მაინცადამაინც ფილმები არ არის, ეს შეიძლება იყოს გაზეთიც. ფილმი არის შემდეგი ეტაპი.

Media.Ge: ტექსტური ვარიანტი სადმე იყო გამოქვეყნებული? მომზადდა?

-         ტრეინინგზეა საუბარი ძირითადად.

Media.Ge:  ანუ მასალა არ მომზადებულა?

-         დიახ. მასალა არა.

კახაბერ გიგიტელაშვილი ამტკიცებს, რომ ტრენინგი სტუდენტებს ჩაუტარდათ, თუმცა ვერც მათ რაოდენობას და ვერც საკონტაქტო ინფორმაციას იხსენებს. პროექტში მონაწილე პირთა რაოდენობა არც ანგარიშშია მითითებული. გიგიტელაშვილის თქმით, ოფისი დაიხურა და გეგმავენ დაფინანსების მოძიებას, რომ  პროექტში მონაწილე პირებმა „თავისი ცოდნა, რომელიც მიიღეს რეალურად რაღაცაში გამოიყენონ“. ის ამბობს, რომ „პოლიტიკოსთან“ არაფერი აკავშირებთ და ეს ვებ გვერდი, როგორც ინფორმაციის გავრცელების ერთ ერთი არხი, ისე შეარჩიეს.

გახარჯული 40 ათასი ლარი

პროექტის შესრულების ანგარიშიდან, რომელიც 6 თვეს გაგრძელდა, ირკვევა, რომ მიღებული 40 ათასი ლარიდან 24 ათას 580 ლარი პროექტში მონაწილე ოთხმა პირმა მიიღო. მათ შორისაა - ადმინისტრატორი დიმიტრი კილაბერიძე - 7 180 ლარი, ჟურნალისტი დავით ოსეფაშვილი - 6480 ლარი, ოპერატორი კახაბერ როინიშვილი - 8 640 ლარი და ბუღალტერი ნინო ბატიაშვილი - 2 280 ლარი.

დანარჩენი 15 ათას 420 ლარი ტექნიკის იჯარაში გადაიხადეს.

საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის მიერ პროექტის განხორციელების საკითხით თავად CIPDD-ც დაინტერესებულია. Media.Ge-ის მიერ CIPDD-სთვის დამატებითი კითხვების მიწერის საპასუხოდ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ ჯოხაძე ამბობს, რომ „საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის“ მიერ ოთხი თვის წინ, სექტემბერში დასრულებული პროექტის ანგარიში მონიტორინგის ჯგუფმა თებერვალში დამამაკმაყოფილებლად არ მიიჩნია.

„ჩვენ არ ვთვლით, რომ მათ შეძლეს წარმოდგენილი მასალების საფუძველზე მონიტორინგის ჯგუფის დარწმუნება, რომ პროექტი მათი მხრიდან დამაკმაყოფილებლად შესრულდა. თვითონ თვლიან – რომ შესრულდა”, - განაცხადა ავთანდილ ჯოხაძემ Media.Ge-სთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ ასოციაციას დაწვრილებითი აღწერილობების და დოკუმენტაციის წარდგენა დაავალეს. თუმცა, როგორც ასოციაციის ხელმძღვანელებმა განუმარტეს, არსებობს გარკვეული სირთულეები ამ დოკუმენტაციის წარსადგენად.

„სიძნელეები როგორც ასოციაციის ხელძღვანელობა განგვიმარტავს, უკავშირდება მათი ოფისის შეცვლას... რეპორტინგის ასოციაციის დირექტორი კახაბერ გიგიტელაშვილი გვიდასტურებს, რომ საიტი “პოლიტიკო.ჯი” დაბლოკილია. ასოციაციამ მიიღო ჩვენგან, კავკასიური ინსტიტუტისგან რეკომენდაცია, შეცვალონ ადრესატი და სხვა საიტზე განათავსონ მასალა. ასოციაციას - აუცილებლობის შემთხვევაში – ჩვენი, კავკასიური ინსტიტუტის საიტის უსასყიდლო გამოყენებასაც შევთავაზებთ“, - აღნიშნავს ავთანდილ ჯოხაძე.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება პროექტის აუდიტორული შემოწმება და CIPDD-ი დასკვნას საჯაროდ გამოაქვეყნებს.

 

საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის საპროექტო განაცხადი

საგამოძიებო რეპორტინგის ასოციაციის პროექტის შესრულების ანგარიში

საგამოძიებო რეპოტინგის ასოციაციის მიერ გახარჯული 40 ათასი ლარის განაწილება

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test