შემოგვიერთდი

05.03.2014 15:27

ინტერვიუ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელთან

ნატა ძველიშვილი
ინტერვიუ

ნინო ქუბინიძე

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის საფუძველზე მიმდინარე წლის 13 თებერვალს შეიქმნა. სწორედ ამ უწყებას დაევალა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოთა კოორდინაცია, სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდიებით ოპტიმალურად უზრუნველყოფა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის  საინფორმაციო კამპანიის წარმართვა და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობისათვის შესაბამისი დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა.

რა სამუშაოები განახორციელა სააგენტომ დაფუძნების დღიდან, დაკომლექტდა თუ არა სრულად და რა იგეგმება უახლოეს პერიოდში, - ამ თემებზე Media.Ge ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ხელმძღვანელს, ნინო ქუბინიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ნინო, ციფრული მაუწყებლობის სააგენტო დაკომლექტდა თუ არა უკვე სრულად?

- ჯერ არ დაკომლექტებულა. ძალიან ვიწრო სპეციალობის კადრები გვჭირდება. ვეძებთ შესაბამის პროფესიონალებს. სავარაუდოდ კვირის ბოლომდე უნდა დაკომლექტდეს.

- კადრების შერჩევა როგორ ხდება, როგორც ეს საჯარო  მოხელეების შემთხვევაში ხდება ხოლმე? როგორც ვიცით, გამოქვეყნდა ვაკანსიები hr.gov.ge-ზე

- არა, ჩვენ ძალიან შემჭიდროებულ ვადებში გვიწევს მუშაობა, ამიტომ ვსარგებლობთ კაონმდებლობის იმ დაშვებით, რომ შეგვიძლია ამ სავარაუდო პოზიციებზე დროებით მოვალეობის შემსრულებელი პირები დავნიშნოთ და შემდეგ ჩავატაროთ კონკურსი. თუმცა, შესაძლებელია ისეც მოხდეს, რომ თანამშრომლები შტატში არ ავიყვანოთ და მათთან მოკლევადიანი კონტრაქტი გავაფრომოთ.

- გარდა კადრების შერჩევის პროცესის დაწყებისა სააგნეტომ დაფუძნებიდან დღემდე რა სამუშაოები ჩაატარა?

- ამ მომენტისთვის სააგენტო ელაპარაკება აპარატურის მწარმოებელ კომპანიებს. ესენი არიან, მოდი ასე ვთქვათ, ქსელის შემადგენელი ელემენტების მწარმოებლები. აგრეთვე ვსაუბრობთ სისტემურ ინტეგრატორებთან იმისათვის, რომ სახელმწიფო ქსელის მშენებლობა დაიწყოს დროულად.

ამის პარალელურად მიმდინარეობს მოძიება, მოლაპარაკება და შეთანხმება  „სეტ ტოპ ბოქსების“ (მოწყობილობა, რომლის მიერთების შემდეგ ტელევიზორი ციფრულად გავრცელებულ სიგნალს იღებს) მომწოდებლებთან. განვიხილავთ ტექნიკურ დოკუმენტაციას. მათ აქვთ ძალიან ბევრი ტექნიკური კითხვა, რასაც ვპასუხობთ. ვაწყობთ შეხვედრებს, რომ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიიღონ იმისათვის, რომ ბოლოს მათ მიერ წარმოდგენილი წინადადება იყოს სრულყოფილი და შემდეგ სახელმწიფოს, აგრეთვე სოციალურად დაუცველ ოჯახებს პრობლემა არ შეექმნათ.

- ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში საქართველოს EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვიტარების ბანკი) ექსპერტები ეხმარებოდნენ. რჩებიან თუ არა ისინი პროცესში რაიმე სახით კვლავ  ჩართულები?

- განიხილება ის ვარიანტი რომ EBRD-ის კონკულტანტების დახმარება გამოყენებული იყოს სხვადასვა ეტაპზე. ამაში მოიაზრება მაგალითად, ქსელის მშენებლობის მონიტორინგი, აუქციონის ჩატარების ჯანსაღი მოდელის შემუშავება, მნიშვნელოვანია მათი რეკომენდაციები ტექნიკურ საკითხებში. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელშიც ჯერ კიდევ შეიძლება გამოგვადგეს ეს ხალხი.

- სააგენტოს მოკლევადიანი გეგმა როგორია, უახლოეს პერიოდში რა გაქვთ დაგეგმილი?

- მოკლევადიანიც და გრძელვადიანიც გეგმაც არის ერთი და იგივე. რაც შეიძლება მინიმალურ დროში უნდა დავაკომპლექტოთ ეს სააგენტო, რომ მან სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყოს. რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში უნდა გამოვაცხადოთ სახელმწიფო შესყიდვა რიგ საკთხებზე, მათ შორის ქსელის მშენებლობაზე და არა მხოლოდ. ეს არის გეგმა, რომელიც უახლოეს ორ თვეში უნდა შესრულდეს. რასაც შემდეგომი აქტივობები მოყვება. პროექტი თვითონ ძალიან მოკლევადიანია.

- ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ გამოქვეყნდებოდა დოკუმენტი, სადაც ყველა აქტივობა კონკრეტული თარიღებით იქნებოდა გაწერილი, თუმცა არ გამოქვეყნებულა. იგეგმება საერთოდ მისი გამოქვეყნება?

- დოკუმეტი ნამდვილად არსებობს, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნებოდა მუშაობა. დოკუმენტი არის ცოცხალი ორგანიზმი და იცვლება იმის მიხედვით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს გარშემო. როგორც კი გამოქვეყნედება ეს დოკუმენტი, მაშინვე გაჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც პროცესები ხორციელდება უფრო ადრე, რაღაც გვიანდება და შეიქმნება განცდა, რომ რაღაცეები არ სრულდება, თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.  თუ გამოქვეყნდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ასეთი ტიპის დოკუმენტი იქნება ზოგადი, სადაც მიწერილი იქნება პირობითი დედლაინები.

- ხომ უნდა იცოდეს საზოგადეობამ გარკვეული აქტივობები როდის არის დაგეგმილი, ვთქვათ, აუციოონი როდის გაიმართება ?

- რა საკვირველია, აუქციონის ჩატარების ვადები ზოგადად იქნება გამოქვეყნებული იმისათვის, რომ ყველამ იცოდეს. ეს გამჭვირვალე იქნება. მე უფრო ვსაუბრობ ისეთ ვადებზე, როგორიცაა როდის უნდა დაიწყო პარალელური მაუწყებლობა. ახლა კი არის განსაზღვურლი 2015 წლის მარტი, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება ცოტა ადრეც დაიწყოს. თუ დაყოვნდა და დაიწყო მაგალითად, ერთი კვირით გვიან, კატასტროფა არ მოხდება. აქედან გამომდინარე, გვაქვს სავარაუდო დედლაინები. რაღაცეები შესაძლოა ადრე განხორციელდეს, ან ცოტა უფრო გვიან.

მაგალითად, განსაზღვრულია აპარატურის ჩამოსვლისთვის დედლაინი, მაგრამ ვერ განსაზღვრავ იმ დროისთვის ნამდვილად ჩამოვა, თუ - არა. ეს ძალიან ბევრ ფაქტობრივ გარემოებაზეა დამოკიდებული. მათ შორის ჩამომტანი კომპანიის შიდა ლიჯისტიკაზეც კი, პოლიტიკურ, ეკონომიკურ საკითხებზე, იმ ქვეყნების პოლიტიკურ სტაბილურობაზე, რა ქვეყნების გავლითაც უნდა ჩამოვიდეს. ძალიან ზედაპირულია ეს თარიღები, თუმცა შიგნით ჩვენ ეს კონკრეტული თარიღები გაწერილი გვაქვს იმიტომ, რომ გვინდა ამ თარიღებს არ გადავაცილოთ. სავარაუდოდ, ყველაფერი უფრო ადრე ხდება, ვიდრე იყო გაწერილი.

-  პროცესები იმ გეგმას მიყვება, რაც სტრატეგიის დოკუმენტით იყო განსაზღვრული?

- არამცთუ მიყვება, ცოტათი უსწრებს კიდეც. რაღაც პროცესები გაცილებით ადრე დავამთავრეთ, ვიდრე გვქონდა დაგეგმილი. ამიტომ კარგი განწყობა გვაქვს იმასთან მიმართებაში, რამდენად სწრაფად განხორცილედება მთლიანი პროცესი.

- სამოქმედო გეგმა მოიწონა ყველა მხარემ, საერთო ჯამში დადებითი შეფასებები მოყვა. ყველა ელოდება როგორ წარიმართება ეს პროცესი.  

- პროცესი, სავარაუდოდ, დაიწყება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ჩამოვა აპარატურა. მისი ჩამოსვლა 2014 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. მანამდე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ჯანსაღად დაიწყოს ეს პროცესი. გამჭვირვალედ განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვები, სწორად შეირჩეს „სეტ ტოპ  ბოქსების“ მომწოდებელი და ა.შ. ეს მოსამზადებელი სამუშაოა, რომელმაც ბოლო შედეგი უნდა მოგვცეს. აქედან გამომდინარე შედეგი ეტაპი იქნება შემოდგომაზე, როდესაც დაიწყება ქსელის მშენებლობა.

 

საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა გადავიდეს. ეს ვალდებულება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) წევრმა ქვეყნებმა 2006 წელს აიღეს. მაუწყებლები ახლა სიგნალს ანალოგურად ავრცელებენ, სიხშირეები შეზღუდული რესურსია, სიგნალის ციფრულად გავრცელება კი გაცილებით მეტი არხის გაშვების შესაძლებლობას იძლევა. ITU-მ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. სახელმწიფოების დიდი ნაწილი ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test