შემოგვიერთდი

07.03.2014 13:54

შს სამინისტროდან ჟურნალისტების ნაწილს ინფორმაციის მიღება უჭირს

გელა ბოჩიკაშვილი
საუბრები მედიაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის მიღება უჭირს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხშირად ამ უწყებიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხს არასრულად, დაგვიანებით, ან საერთოდ ვერ იღებენ. არის შემთხვევები, როდესაც რეპორტიორებს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პრობლემაც აქვთ, ვერ იღებენ სრულყოფილ პასუხებს მათთვის დასმულ კითხვებზე, ან პასუხისმგებელ პირთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.  

Media.Ge იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ესაუბრა, ვისაც ამ უწყებიდან ინფორმაციის სხვადასხვა გზით მიღებისას პრობლემები ექმნება. მათ შორის არიან გაზეთი „ბათუმელები“, „ნეტგაზეთი“, „გურია ნიუსი“, Livepress.Ge, სტუდია „მონიტორი“, კახეთის საინფორმაციო ცენტრი (ick.ge) და „ტელეარხი 25“. 

იმ მედიასაშუალებებს შორის, ვისაც Media.Ge დაუკავშირდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემა შედარებით ნაკლებად აქვთ დედაქალაქის მაუწყებლებს. „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ბაია ცანავა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფო მოსიძე ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებისას არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. იგივეს ამბობს „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის პროდუსერი სოფო ზურაბიანიც. თუმცა აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევა, როცა საჯარო ინფორმაციაზე პასუხი დაგვიანებით მიიღეს. „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ პროდიუსერის, გიორგი ლაფერაშვილის თქმით, მათ ინფორმაციის მირღებაზე პრობლემა არ აქვთ.

პრობლემები საჯარო ინფორმაციის გაცემისას

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას შექმნილ პრობლემებზე საუბრობს საგამოძიებო სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი გიორგი მგელაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციის მიღების პრობლემა მას ხშირად ექმნება. მისი თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა სამინისტრომ ინფორმაცია საგამოძიებო ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევით, დაგვიანებით მიაწოდა. ბოლოს მგელაძემ საჯარო ინფორმაცია 4 თებერვალს გამოითხოვა, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია.

„საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს სამი ნომერი გვაქვს. ამ ნომრებზე დარეკვისას არ გვპასუხობენ. პრესსამსახური განმარტავს, რომ მსგავს საკითხებზე პასუხი მათი საქმე არაა“, - აღნიშნა მგელაძემ. ის ბოლო შემთხვევის გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილიც. ის შს სამინისტროს ახმეტის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღს, ასევე გათავისუფლების მიზეზებს სთხოვდა, თუმცა უწყებამ ინფორმაცია ადმინისტრაციული სარჩელის შემდეგაც არ მიაწოდა. სამინისტროს ცნობით, გამოთხოვილი ინფორმაცია პრესონალურ მონაცემებს შეიცავდა და მისი გასაჯაროების უფლება არ ჰქონდა. ამავე მიზეზით უთხრეს უარი „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს თამუნა ლეფსვერიძეს ინფორმაციის მიწოდებაზე. ის უწყებაში დასაქმებული ორი თანამშრომლის თანამდებობების შესახებ ითხოვდა ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში უკვე ჩანიშნულია Media.Ge-ს საქმე. გამოცემამ სამინისტროდან ინფორმაცია 2013 წელს ორჯერ 9 სექტემბერსა და 4 ნოემბერს გამოითხოვა. გვსურდა, გაგვეგო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი, უსაფრთხოების დარგში, ირაკლი ციბაძე და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, ზაზა მაზმიშვილი, მუშაობდნენ თუ არა შს სამინისტროშიც. Media.ge-მ ვერცერთ გამოთხოვილ ინფრომაციაზე პასუხი ვერ მიიღო, რის გამოც ციბაძის საქმეზე სასამართლოს მიმართა.

შს სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოშია ვებპორტალ livepress.ge-ს საქმეც. გამოცემის რედაქტორის, გერონტი ყალიჩავას ცნობით, ერთერთ შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე შს სამინისტრომ გამოცემას ინფორმაცია იმ მოტივით არ მიაწოდა, რომ კონფიდენციალური იყო.

2013 წლის ნოემბერსა და დეკემბერში სამჯერ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია შს სამინისტროდან გაზეთმა „ბათუმელებმა“. გამოცემა ცდილობდა უწყებაში დარიცხული პრემიების, შს მინისტრის მიერ ბათუმში ყოფნის დროს სამინისტროდან გაწეული სამივლინებო და ავტომობილების შეკეთებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ მიეღო ინფორმაცია. „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის თქმით, შს სამინისტროდან ნაწილობრივ, მხოლოდ გაცემული პრემიების შესახებ მიიღეს ინფრომაცია, ისიც დაჯამებული სახით.

„შემთხვევა არ გვქონია, შს სამინისტროდან მიგვეღო სრულყოფილად ინფორმაცია კანონით გათვალისწინებულ ვადაში. სხვაობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არ გვიგრძვნია“, - აღნიშნა თურაძემ  Media.Ge-სთან საუბრისას.

2013 წელს შს სამინისტროდან „ნეტგაზეთისა“ და „ტაბულასთვის“ ქვეყანაში მომხდარი დანაშაულების შესახებ დეტალური ინფრომაცია რამდენჯერმე გამოითხოვა ჟურნალისტმა თაზო კუპრეიშვილმა. თავდაპირველად ჟურნალისტმა სამინისტროსგან მომხდარი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიიღო. მოგვიანებით, იმავე მოთხოვნაზე სამინისტრომ პასუხი დაჯამებული სახით გასცა. კუპრეიშვილი აღნიშნავს, რომ დანაშუალების დაჯამებული სახით მიწოდების შემთხვევაში მოსახლეობას არ აქვს საშუალება დეტალური ინფრომაცია მიიღოს, რა ტიპის დანაშაული გაიზარდა, ან შემცირდა.

კომუნიკაციის პრობლემა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან

შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარების მიღების პრობლემაზე საუბრობენ „ტელეარხი 25“-ის საინფრომაციო სამსახურის უფროსი, მაია მერკვილაძე და „ნეტგაზეთის“ რედაქტორი, მაია მეცხვარიშვილი.

„სატელევიზო კომენტარის ჩასაწერად ძალიან დიდი დრო გვჭირდება. საბოლოოდ გვიხსნიან, რომ აუცილებელი არაა მათი კომენტარი გავიდეს ეთერში. ისინი ფიქრობენ, რომ ეთერში მათი აზრის გამეორებაც საკმარისა. ნინო გიორგობიანი არ გვპასუხობს, რადგან მას ჰყავს წარმომადგენლები რეგიონებში. ამიტომ მათთან გვიწევს ხოლმე დაკავშირება, რომლებიც პრაქტიკულად ვერაფერს წყვეტენ“, - უთხრა მერკვილაძემ Media.Ge-ს.

მაია მეცხვარიშვილი ამბობს, რომ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი „ნეტგაზეთის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მეცხვარიშვილის თქმით, გიორგობიანმა მათი ჟურნალისტები რამდენჯერმე თავის თანაშემწესთან გადაამისამართა.

„ყოფილა შემთხვევა, როცა გიორგობიანის თანაშემწემ მიგვითითა, რომ გვეხელმძღვანელა იმ ინფორმაციით, რაც სხვა ვებ-გვერდზე დაიდო. ეს არის ამ კონკრეტული უწყების გაუგებარი დამოკიდბულება“, - უთხრა მეცხარიშვილმა Media.Ge-ს.

ნინო გიორგობიანი ჟურნალისტების ბრალდებებს უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღნელი, ნინო გიორგობიანი მედიასაშუალებების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, მედიასაშუალებებს მათ უწყებასთან კომუნიკაციის პრობლემა არ ექმნებათ, ყველა მედიაგამოცემამ იცის მათი საკონტაქტო ნომერი და ინფორმაციასაც იღებენ.

„მე ძალიან მიკვირს მათი ასეთი განცხადება. თუ ვინმემ უპასუხა, რომ „ინტეპრესნიუსზე“ დევს კომენტარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უწყება გასცემს ინფორმაციას. ხომ შეიძლება ჯერ „ინტეპრესნიუსს“ მისცე ინტერევიუ, შემდეგ „ნეტგაზეთს“, იმიტომ რომ ისინი უფრო ოპერატიულად რეკავენ. გამორიცხულია ვინმეს ინფორმაცია არ მივცეთ, კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს ჩვენს სამინისტროს“, - უთხრა გიორგობიანმა Media.Ge-ს.

საჯარო ინფრომაციის გაცემასთან არსებულ პრობლემებზე გიორგობიანი არ საუბრობს. მისი თქმით, ეს მისი კომპეტენცია არ არის და სასამართლო დავების დასრულების შემდეგ გადაწყდება, უნდა დაკმაყოფილებულიყო თუ არა მოთხოვნა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test