შემოგვიერთდი

13.03.2014 18:12

დროებითი საგამოძებო კომისია „ობიექტივისთვის“ სიხშირის დაბრუნებას ითხოვს

ნატა ძველიშვილი
საუბრები მედიაზე

საგამოძიებო კომისია

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძებო კომისია ტელეკომპანია „ობიექტივისთვის“ ჩამორთმეული სიხშირის დაბრუნებას ითხოვს. პარლამენტმა დადგენილების პროექტი 2014 წლის 7 მარტს უკვე მიიღო.

საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან ირკვევა, რომ შპს „ობიექტივი“ 2001 წლის თებერვალში შპს  „ტვ  33”-ის  ნატურით  გაყოფის  შედეგად  შეიქმნა. მას გადაეცა ლიცენზია N 499, რომლის ფარგლებში კომპანიას უფლება ჰქონდა თბილისის ტერიტორიაზე 35-ე დეციმეტრულ სიხშირეზე საერთო მაუწყებლობა განეხორციელებინა. 2003 წელს GNCC-იმ მას ლიცენზიის მოქმედების ვადა 2013 წლის 21 ივლისამდე განუსაზღვრა.

2004 წლის 3 სექტემბერს შპს „ობიექტივს“ ნატურით გამოეყო შპს „ტელეკომპანია ობიექტივი 2“, რომლის დამფუძნებლები გახდნენ ქეთევან ასათიანი და დავით კაკაურიძე, ამ უკანასკნელის მფლობელობაში საბოლოოდ 51 პროენტი აღმოჩნდა. კომპანიას გადაეცა სამაუწყებლო სიხშირეც.

2007 წლის 13 სექტემბერს დავით კაკაურიძემ კუთვნილი წილი აჩუქა ნოდარ ჭარხალაშვილს, რომელიც GNCC-ის ამჟამინდელი წევრის, სოფო ბრიტანჩუკის მეუღლეა.

რამდენიმე თვის შემდეგ, 2008 წლის 12 თებერვალს ჭარხალაშვილმა სამაუწყებლო კომპანიის წილი დაუთმო ბიზნესმენ გურამ კვირიკაშვილს.

იმავე დღეს დავით კაკაურიძემ GNCC-ის ”ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ის სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.

„ბატონმა კვირიკაშვილმა გადაიფორმა ტელევიზია, რომლის გაუქმების მოთხოვნაც უკვე გაგზავნილი იყო კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში“, - აღნიშნულია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.

იმავე წლის 17 მარტს GNCC-ის შუამდგომლობით მიმართა „ობიექტივი 2“-ის ერთერთმა დამფუძნებელმა ქეთევან ასათიანმაც. მისი თქმით, დავით კაკაურიძე პარტნიორებთან შეთანხმების გარეშე ითხოვდა ლიცენზიის გაუქმებას. ასათიანი აღნიშნავდა, რომ პარტნიორებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობდა და კომისიას ლიცენზიის გაუქმების პროცესის შეჩერებას სთხოვდა.

GNCC-მ ასათიანის თხოვნის პასუხად განაცხადა, რომ „ტელეკომპანია ობიექტივი 2”-ს პარტნიორებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებული დავა არ წარმოადგენს კომისიის რეგულირების სფეროს“.

ოთხი დღის შემდეგ გურამ კვირიკაშვილმა ერთი თვით ადრე მიღებული სამაუწყებლო სიხშირე სახელმწიფოს დაუბრუნა.

საგამოძიებო კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა კომპანია გადაიფორმა.

„რაც არ არის რთული დასაჯერებელი იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად დასტურდება, რომ მან გადაიფორმა კომპანია რომლის საქმიანობის გაუქმებაზე მოთხოვნაც უკვე წარდგენილი იყო შესაბამის კომისიაში“, - ნათქვამია დასკვნაში, იქვე აღნიშნულია, რომ კვირიკაშვილმა მხოლოდ გამოქვეყნებული პუბლიკაციებითა და ერთერთი ყოფილი ხელმძღვანელის, ირმა ინაშვილის გამოსვლებით გაიგო კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.

კვირიკაშვილი ამტკიცებს, რომ პარტნიორისაგან კახაბერ ნინუამ სთხოვა, იმისათვის რომ მეგობრის, ნოდარ ჭარხალაშვილის მეუღლეს, სოფო ბრიტანჩუკს, მუშაობა დაეწყო, 10-12 ათასლარიანი ქონების მფლობელი ტელეკომპანიის წილი მიეღო. ამით ბრიტანჩუკმა ინტერესთა კონფლიქტი თავიდან აიცილა.

საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ „ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ის მიმართ კომისიის მიერ გამოჩენილი სუპერ ოპერატიულობა, მით უფრო იმ ფონზე, რომ თითქმის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ტელეკომპანია “ალანიასათვის” ლიცენზიის გადაცემის საკითხის განხილვა და ამ ორი საქმის დასრულებისთანავე კომისიამ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების (ლიცენზიებს მინიჭება/ჩამორთმევის) დროებით აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო, „სრულიად საფუძვლიან ეჭვს აჩენს კანონსაწინააღმდეგო, მაგრამ კარგად მართული და დაგეგმილი სახელისუფლებო პოლიტიკის შესახებ, საბოლოოდ გაეთავისუფლებინათ „მედია ველი“ პრობლემებისაგან“, - ნათქვამია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში. სწორედ ამავე პერიოდში ეთქვა ტელეკომპანია „მაესტროს“ უარი ლიცენზიის მოდიფიკაციაზე. „ალანიამ“ კი მაუწყებლობა „ობიექტივის“ კუთვნილ სიხშირეზე, 35-ე არხზე დაიწყო.

საგამოძიებო   კომისიის   შეფასებით,   მარეგულირებელი   კომისია, ხელისუფლების      კარნახით   სრულ   იგნორირებას   უკეთებდა   ფაქტებს, სამართლებრივ არგუმენტებსა და გარემოებებს და მიზანმიმართულად მოქმედებდა რიგი ტელევიზიების ხელშეწყობის, ხოლო სხვა შემთხვევებში ხელოვნურად გაქრობის გეგმით.

საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ ვინაიდან მარეგულირებელ კომისიას დღეს ამის სრული შესაძლებობა აქვს, ტელეკომპანია “ობიექტივი-2”-ისათვის უნდა მოხდეს ან იმავე ლიცენზიის დაბრუნება, ან ანალოგიური პირობების ალტერნატივის შეთავაზება.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test