შემოგვიერთდი

26.03.2014 12:30

„ჩემი მიზანია, მედიასაშუალებები ფინანსური მოგებისთვის შეიქმნას და არა პოლიტიკური მიზნით“, - კახი ბექაური

ნატა ძველიშვილი
ინტერვიუ

კახა ბექაური

კახი ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად მიმდინარე წლის იანვარში პარლამენტმა შეარჩია. მან კანონმდებლების მიერ იმპიჩმენტის წესით გადაყენებული კარლო კვიტაიშვილი ჩაანაცვლა. არის თუ არა დღეს კომისია დამოუკიდებელი სხვადასხვა ტიპის გავლენებისგან, რა უნდა შეიცვალოს მის მუშაობაში და რა იგეგმება უახლოეს პერიოდში - ამ თემებზე Media.Ge კომისიონერ კახი ბექაურს ესაუბრა.

- ბატონო კახი, როდესაც „მეცხრე არხის“ დირექტორი იყავით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ხშირად აკრიტიკებდით. რა არის მთავარი, რისი შეცვლაც გსურთ მარეგულირებელ კომისიაში?

- პირველი, რაც გარედან ჩანდა და რაც იმსახურებდა ჩემს კრიტიკას, იყო ის, რომ კომისია ვერ ასრულებდა დამოუკიდებელი ორგანოს ფუნქციას, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული, ის ახორციელებდა მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას. ეს ნიშნავს, რომ კომისია არ ასრულებდა თავის მთავარ მისიას. მიდგომა იყო სხვა და ამას აუცილებლად შევცვლიდი.

- რას გულისხმობთ?

- სიხშირული სპექტრს, რომელიც არის საერთო სახალხო სიმდიდრე, კომისია საკონკურსო წესით  გასცემს გარკვეული ვადით, იმისთვის, რომ მოსახლეობამ ამ სიხშირული რესურსიდან მიიღოს გარკვეული სიკეთე,  მაღალი ტექნოლოგიური პროდუქტების სახით, ადეკვატურ ფასად. ეს უნდა იყოს მარეგულირებლის ძირთადი მიზანი და ფუნქცია. სინამდვილეში, კომისია ორიენტირებულია არა მომხმარებელზე, არა იმაზე, რომ ამ საერთო სახალხო სიკეთით სწორედ ხალხმა მიიღოს სარგებელი, არამედ უფრო მეტად ორიენტირებულია იმ კომპანიებზე, რომლებიც  ამ სიხშირულ რესურსს და ბიზნესს ფლობენ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ბიზნესის რეგულირება უნდა მოვახდინოთ, მაგრამ მთავარი მიზანი არასოდეს უნდა დავკარგოთ. მიზანი კი ისაა, რომ მომხმარებელმა მიიღოს მეტი სიკეთე, რაც, ჩემი აზრით, აქამდე არ კეთდებოდა.

- კომისიის დამოუკიდებლობა ახსენეთ და თქვით, რომ არ იყო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. დღეს რა სიტუაციაა ამ მხრივ და რა არის თქვენი, როგორც კომისიონერის დამოუკიდებლობის გარანტი?

- აქ რამდენიმე კომპონენტია. პირველი არის ის, რომ კანონში გაწერილია როგორ იმართება კომისია, როგორ ფინანსდება და როგორ ირჩევა კომისიონერი, რამაც კომპლექსში უნდა უზრუნველყოს კომისიის დამოუკიდებლობა. გარკვეული ცვლილებები მოხდა კომისიის არჩევის წესში, რაც, ჩემი აზრით, კომისიის მეტი დამოუკიდებლობისთვის არის მიმართული. ის, რომ კომისიონერი უნდა იყოს ამ სფეროში გამოცდილი, ავტორიტეტული და საჯაროდ ცნობილი ადამიანი, ეს კომპონენტიც ზუსტად ამისკენ არის მიმართული. მას უნდა შეეძლოს საკითხების კარგი გაგებით ლობირება საჯარო სივრცეში, რომ მისი გადაწყვეტილებები, მოქმედებები უფრო წონადად იყოს შეფასებული.

მეორე, თუ ბიზნესლობიზმი იქნება და ასეთი ბევრია ამ სფეროში ყველა ქვეყანაში, კომისიონერი უნდა იყოს იმ ავტორიტეტის, რომ შემაკავებელი ფაქტორი გახდეს ისეთი არაკონკურენტუნარიანი გადაწყვეტილებების აღსაკვეთად, რომელსაც ხანდახან აქვს ადგილი, როდესაც დიდი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირები ლობირებენ გადაწყვეტილებებს.

ბევრი გადაწყვეტილება შემიძლია ჩამოგითვალოთ კომისიის მიერ მიღებული, რომელმაც დღეს განაპირობა არაკონკურენტუნარიანი გარემო და იმ კომერციულმა სუბიექტებმა, რომლებიც დღეს ფუნქციორნირებენ, ფაქტობრივად, აჯობეს კომისიასაც, ხელისუფლებასაც, მომხმარებელსაც.

- მაგალითად?

- ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგია ფიჭურ კავშირგაბმულობასა და ინტერნეტში არის ბოლო, მეოთხე თაობის 4G, LTE . 2014 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 125 ქვეყანაში ფუნქციონირებს 350 კომერციული ქსელი, ჩვენ ამ 125 ქვეყანაში არ შევდივართ ანუ მათზე უკან ვართ. ეს არის მხოლოდ იმის ბრალი, რომ დღეს სიხშირული რესურსის არასწორად, არაოპტიმალურად გადამოყენების გამო გაჭედილია გარკვეული დიაპაზონები და ვერ გამოგვაქვს  კონკურსზე მეოთხე თაობის (LTE) მობილური ტექნოლოგიების დანერგვისთვის.

დღეს მე აქტიურად ვმუშაობ, რომ როგორმე შევძლო იმ დიაპაზონის გამოთავისუფლება, რომელიც საჭიროა LTE ტექნოლოგიის დანრგვისთვის.

- რაც შეეხება პოლიტიკურ გავლენებს, დღეს რა სიატუაციაა ამ მხრივ კომისიაში?

- ის, რომ ხელისუფლებას გარკვეული კარნახის, ან თავზე მოხვევის  სურვილი ჰქონდეს, ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკური გავლენა მხოლოდ ეს არ არის. პოლიტიკური გავლენაა ისიც, რომ შეიძლება კომისია ან კომისიონერი იდგეს იმ სიტუაციაში, როდესაც მას არ სურდეს, ან ვერ ახორციელებლდეს დამოუკიდებელ პოლიტიკას, როგორი სიტუაციაც, სხვათა შორის დღეს გვაქვს ჩვენ.

არსებობს სამი კომისიონერი, რომელიც ძველი ხელისუფლების დროიდან მოდის, იყო კომისიის წევრი და დღემდე რჩება. პარალელურად მიმდინარეობს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ მარეგულირებლის მუშაობისას გამოვლენილი დანაშაულის ნიშნების მოკვლევა პროკურატურაში. საქმე არამარტო ძველ კომისონერებს, არამედ მოქმედ წევრებსაც ეხება. ეს პროცესი გაიწელა ერთი წლის განმავლობაში და არ გაირკვა დღემდე რომელიმე მათგანს მიუძღვის დანაშაული კონრეტულ საკითხში, თუ - არა. სანამ ეს პროცესი მიდის, კომისიაში მათ დამოუკდებლობაზე,  მათ ქმედითუნარიანობასა და პროდუქტიულობაზე, ბუნებრივია, ლაპარაკი ზედმეტია.

ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავმჯდომარის არჩევის წესის დამტკიცების საკითხის დროსაც. კომისიონერები შევთანხმდით ღია კენჭისყრაზე, პროექტიც ატვირთული იყო, მაგრამ  ბოლო მომენტში თავმჯდომარის მოვალეობის დღევანდელმა შემსრულებელმა შეცვალა სიტუაცია, მან დააყენა საკითხი, რომ თავმჯდომარის არჩევა ფარულად მომხდარიყო. ღია კენჭისყრის პროექტი ჩავარდა. ახლა თავიდან უნდა დაიწყოს  პროცესი.

- რატომ შეცვალა თავმჯდომარემ გადაწყვეტილება?

- ზუსტად იმიტომ, რომ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ძველი შემადგენლობის კომისიიდან მოდის და გარკვეული მოქმედებებით თუ უმოქმედობით იმ პროცესში აქვს მიღებული მონაწილეობა, რაც გამოიძია საპარლამენტო კომისიამ. სანამ სიტუაცია გაურკვეველია, ის არ არის ორიენქტირებული საქმეზე,  ის მოვალეობას ასრულებს და მდორედ მიდის კომისიის საქმიანობა. არანაირ ახალ თემაზე, ინიციატივაზე საუბარი არ არის.

- ერიდება აქტიურიობას?

- ეს ბუნებრივიცაა. კომისია სხვა სამუშაო რეჟიმში რომ გადავიდეს, პროკურატურამ უნდა დასვას წერტილი,  უნდა თქვას დამნაშავე არის თუ არა ვინმე. წელიწადნახევარია გაურკვევლობაა და ფაქტობრივად, პარალიზებულია კომისია. ამიტომ პოლიტიკური გავლენა ხელისუფლებიდან არ არის მარტო. შენ შეიძლება შენი უმოქმედობით არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომერციული გავლენების ქვეშაც მოხვდე, რომელიც ისეთივე მავნებელია, როგორც პოლიტიკური გავლენა.

- რაც შეეხება თქვენს დამოუკიდებლობას, შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენი გადაწყვეტილებები გავლენებისგან თავისუფალია?

- მე შემიძლია გითხრათ, რომ იმ ხნის განმავლობაში, რაც კომისიის წევრი ვიქნები, ჩემი გადაწყვეტილებები იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი როგორც პოლიტიკური, ისე კომერციული ინტერესებისგან.

- არის საკითხები, რაც აქ მუშაობის დაწყებამდე სხვანაირად ჩანდა, ან არ იცოდით და შეგეცვალათ შეხედულება, წარმოდგენა მას შემდეგ, რაც კომისიის წერი გახდით?

- მაგალითად, არ ვიცოდი და ჩემდა სასიამოვნოდ აღმოვაჩინე, რომ კომისიის აპარატში თანამშრომლების ბირთვი არის მაღალპროფესიონალური, ანუ არსეობობს კვალიფიკაცია და შესაძლებელია, რომ  ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტა კომისიამ ამ გუნდთან ერთად შეძლოს, რაც ძალიან კარგია.

მეორე, რაც იყო ჩემთვის სიურპრიზი, არის ის, რომ კომიისია ახალ ტექნოლოგიებს არათუ გარეთ ვერ ნერგავდა, არამედ დანერგილი არ აქვთ შიგნითაც. დღეს ნებისმიერი სამინისტრო საინფორმაციო და მაღალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით უფრო გამართულია, ვიდრე მარეგულირებელი კომისია. არ არსებობს IT დეპარტამენტი, სხვა უწყებებთან შედარებით ყველაზე ცუდი ინტერნეტი შეიძლება კომისიას აქვს. ფაქტობრივად, დღემდე ბიუროკრატია არის უმაღლეს დონეზე, ქაღალდები მოძრაობს კაბინეტიდან კაბინეტში მაშინ, როდესაც ნებისმიერი სამინისტრო რომ აიღოთ, საქმის წარმოება ელექტრონულად ხდება.

- ახლა გადავიდეთ ქვენს ხედვებზე. ერთ ერთ სხდომაზე აღნიშნეთ, რომ კომისიამ უნდა შექმნას სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იმოქმედებს. რა უნდა გაიწეროს ამ დოკუმენტში, როგორია თქვენი ხედვა? სფეროების მიხედვით რომ მივყვეთ, დავიწყოთ მაუწყებლობით.

- ყველაზე მთავარი პრობელმა, რაც მაუწყებლობაშია, არის ის, რომ სარეკლამო ბაზარი საქართველოში არის ძალიან პატარა. გასული წლის მონაცემებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი არის სულ 40 მილიონი დოლარი. ეს არის ცოტა, მაგრამ არც ისე ცოტა, რომ არ შეგვეძლოს ლაპარაკი ფინანსურად დამოუკიდებელი მედიის შექმნაზე. ეს არის კატასტროფა, რომ მედია, როგორც ბიზნესი, საქართველოში არ არსებობს. ჩემი მთავარი მიზანი სამომავლოდ არის ის, რომ შევქმნა ბაზარზე სიტუაცია, როდესაც მეწარმეები, მედიამენეჯერები შექმნიან მედიასაშუალებებს ფინანსური მოგების მიზნით და არა პოლიტიკური მიზნით.

- ამ მიზანს როგორ უნდა მიაღწიოთ?

ძალიან მარტივად - ეს არის საკანონმდებლო რეგულაციები და კვალიფიკაციის ამაღლება თავად მედიაში.

სარეკლამო ბაზარი პირდაპირ კორელაციაშია ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან. დღეს რაც არის მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ამ პირობებშიც კი სარეკლამო დანახარჯი უნდა იყოს მეტი, 70-80 მილიონი დოლარი. სარეკლამო ბაზარი გაცილებით ნაკლები იმიტომაა, რომ არასწორი საკანონმდებლო რეგულაციები გვაქვს და თავად ბაზრის მოთამაშეებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა.

ტელეკომპანიების ნახევარი დღესაც წუთობრივად ყიდის რეკლამას. ელექტრონულ მედიაში ასეთი პროდუქტი ბუნებაში არ არსებობს.  მათი პროდუქტი არის რეიტინგი, ანუ რეიტინგი ღირს ფული და არა წუთი. დიდ ნაწილს არ გააჩნიათ ცოდნა იმის, რომ კარგად გაუკეთონ ფორმირება თავიანთ პროდუქტს სწორი პოზიციონირება გააკეთონ და სწორად გაყიდონ პროდუქტი. მარეგულირებელი კომისია გეგმავს ტრენინგებს მედიამენეჯერებისთვის. გვინდა, რომ ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები, ვინც კარგად იცის ეს სფერო. მე ვფიქრობ, რომ ამაში აქტიურად ჩავრთავ სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფონდებს, რომლებიც ორინეტირებულნი არიან იმაზე, რომ დაეხმარონ მედიაბაზარს განვითარებაში.

მეორე, რაც არის, ესაა საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ფაქტობრივად მოშლილია. ევროკავშირის ერთერთი დირექტივაა, რომ ერთ საათში 20 პროცენტზე მეტი რეკლამა არ უნდა იყოს. ჩვენ კანონმდებლობაში ეს ლიმიტი იყო და 2011 წელს ამოიღეს. არცერთ ქვეყანაში არ არის სარეკლამო დრო ლიმიტის გარეშე.

დღეს, ფაქტობრივად, ყველა ტელევიზია, რომელიც თვითონ ყიდის რეკლამას და კონკურენციას უწევს ფასდაკლებებით ერთმანეთთან, თავის სარეკლამო პროდუქტზე ფასების დემპინგით მთელ სარეკლამო ბაზარს ამცირებენ. მათი საქმიანობის საგანი არ უნდა იყოს ერთმანეთთან კონკურენცია ფასებით, ისინი უნდა კონკურერებდნენ რეიტინგით. ყველას ბაზარზე უნდა აწყობდეს, რომ ერთი რეიტინგის პუნქტის ფასი ადეკვატური იყოს ქვეყნის ეკონომიკის და იყოს მაქსიმალური.

კომისია გახდება ინიციტორი კანონმდებლობაში შესაბამისი რეგულაციების შეტანის, რაც ხელს შეუწყობს სარეკლამო ბაზრის ზრდას და საბაზრო პრინციპებით რეგულაციას.

- რაც შეეხება ინტერნეტს. საგამოძიებო კომისიამაც რეკომენდაციით მიმართა მარეგულირებელს რომ ეს ბაზარი დაერეგულირებინა და მომხმარებელზე ორინეტირებული გაეხადა. თქვენი ხედვა როგორია ამ კუთხით?

- დღეს ჩვენ ერთ-ერთი ცუდი გამოცდილების ქვეყანა ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ინტერნეტპროდუქტების ხარისხი და ფასი არის ძალიან ცუდი ჩვენს ქვეყანაში. ინტერნეტი მოსახლეობის მხოლოდ 37-38 პროცენტისთვის არის ხელმისაწვდომი. პენეტრაცია (ხელმისაწვდომობა) ერთი საკითხია, მეორეა - როგორ ვითარდება ეს სეგმენტი.

დღეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ვრცელდება ურთიერთგაცვლის პორტების გარეშე, ეს კი აუცილებელია იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს ეს ბაზარი და იყოს კონკურენცია. თუ არ არსებობს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრები, სადაც ყველა პროვაიდერს აქვს ჩართვის საშუალება, არ არსებობს კონკურენციაც. ზოგიერთ უბანში ერთ კომპანიას ექნება უპირატესობა, ნაწილში - მეორეს.

- რა უნდა გააკეთოს კომისიამ სიტუაციის შესაცვლელად?

- ჩვენ უნდა გავაკეთოთ ინიცირება, რომ შევქმნათ ინტერნეტის ურთიერთგაცვლის პორტები. მსოფლიოში ამის რამდენიმე მოდელი არსებობს, ახლა ჩვენ ვმუშაობთ, რომელი მოდელი ავირჩიოთ ამ ბაზრის განვიათარებისთვის, რომ პენეტრაცია (ხელმისაწვდომობა), ხარისხი, კონკურენცია  გაიზარდოს და ფასები შემცირდეს.

მეორე მთავარი კომპონენტი არის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ინტერნეტის სიჩქარის გაზომვა, რაც კომისიის ფუნქციაა და არასდროს გაუკეთებია, მაგრამ ჩემთვის ეს ახლა პრიორიტეტულია. ჩვენ უნდა შეგვეძლოს, შევამოწმოთ, სრულდება თუ არა მომხმარებელთან დადებული საკონტრაქტო პირობები.

უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ, რომ ეს გავაკონტროლოთ, გავზომოთ სიჩქარე და ვნახოთ, დაცულია თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და შესაბამისად, დარღვევის შემთხვევაში მოვაყოლოთ რეაგირება.

- ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა შემოსავლების სამსახურის მიერ სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანიის TV MR საქართველოს შემოწმების საკითხი. მესმის, რომ თქვენი რეგულირების ქვეშ ეს კომპანია არ შემოდის, თუმცა საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

- მართალია, რეიტინგები ჩვენი რეგულირების თემა არ არის, თუმცა იმდენად, რამდენადაც მაუწყებლობა არის ჩვენი რეგულირების სფერო და ისინი სარეკლამო ბაზარზე არიან მიბმულები, გარკვეული შეხება და წუხილი გვაქვს ამ  თემის მიმართ. თუმცა, მე მოვერიდები პოლიტიკურ ასპექტს ამ საკითხისას, არა იმიტომ, რომ მოსაზრება არ გამაჩნია, არამედ იმიტომ, რომ ამ თემის პოლიტიზირებას უფრო დიდ ჩიხში შეჰყავს სიტუაცია. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სუფთა პროფესიულ საკითხებზე თუ გავაკეთებთ ფოკუსირებას,  თუ მაუწყებლებს ამისი სურვილი ექნებათ, თუ ჩათვლიან ისინი, რომ კომისიას რაიმე პოზიტიური როლის თამაში  და დახმარება შეუძლია ამ პროცესში,  ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა კონსულტაციებში მათთან, არასამთავრობო სექტორთან, ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ პროფესიული თვალსაზრისით და ვიზრუნოთ ერთად გამოსავლის მოსაძებნად.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test